"საშინელ სენს 7 წელი ებრძოდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ნინომ და ილიკომ ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად" - რას ჰყვებიან ოჯახის ახლო - კვირის პალიტრა

"საშინელ სენს 7 წელი ებრძოდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ნინომ და ილიკომ ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად" - რას ჰყვებიან ოჯახის ახლობლები?

"ამ ოჯახში იყო ურთიერთობები, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი"

"ინგამ და თენგიზმა ცეკვა "ოსური" სულ სხვა განზომილებაში აიყვანეს"

საქართველოს სახალხო არტისტი - ინგა თევზაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმაისტერი - ქალბატონი ინგა თევზაძე. ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ იყო: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა - ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში", - წერენ ანსამბლის სახელით სოციალურ ქსელში.

ინგა თევზაძე ჩვენთან იმ ადამიანებმა გაიხსენეს, რომელთაც ოჯახთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდათ...

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის თავმჯდომარე:

- ჩემდა საამაყოდ, ძალიან დიდი ხანია, რაც ამ ოჯახთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ფაქტობრივად, ოჯახის წევრი ვარ... საყოველთაოდ ცნობილია თენგიზ სუხიშვილისა და ინგა თევზაძის ძალიან დიდი სიყვარულის ამბავი.

ქალბატონი ინგა ულამაზესი პიროვნება გახლდათ, ულამაზესი სულის.

suxishvili-1673439831-1766574474.jpg

ადამიანი მაშინ არის ლამაზი, როცა სული შიგნიდან ანათებს!

მან გაზარდა ორი შესანიშნავი შვილი - ნინო და ილიკო... მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი დედა იყო ქალბატონი ინგა, როგორ სიყვარულს უნერგავდა თავის შვილებს. ჩვენ ძალიან დიდი სიახლოვე გვაკავშირებდა, ოქიტას მეძახდა... "ოქიტ, მოდი, ოქიტ, სად ხარ", - სულ ასე მესაუბრებოდა. რამდენჯერმე მომიწია საზღვარგარეთ თენგიზ სუხიშვილთან და ინგა თევზაძესთან, ანსამბლთან ერთად ყოფნა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია.

ამ ქალბატონმა შექმნა ეპოქა ოჯახთან - „სუხიშვილებთან“ ერთად. ალბათ არავის ეწყინება, რომ ცეკვა „ოსური“ ასე ვერავინ შეასრულა. თენგიზ სუხიშვილის და ინგა თევზაძის მიერ შესრულებული ეს ცეკვა შეუდარებელი იყო და ვფიქრობ, ყველამ მაგალითი უნდა აიღოს, თუ როგორ ასრულებდნენ ამ სოლოს. მათ ცეკვა „ოსური“ სულ სხვა განზომილებაში აიყვანეს. რასაკვირველია, მისი ღვაწლი ამ ანსამბლის პოპულარიზაციაში ძალიან დიდია - დიდ ნინოსთან, ილიკოსთან, უმცროს ნინოსა და ილიკოსთან ერთად. ამ ოჯახის წევრი იყო და ამ ძალიან დიდი წარმატებების მონაწილე. მათი განცალკევება არ შეიძლება. ეს იყო ერთი ოჯახი, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებდა.

მე კარგად მახსოვს, როგორი არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ დიდ ნინოს და ილიკოს ქალბატონ ინგასთან - გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, რადგან ინგა თევზაძე ნინო რამიშვილის რჩეული გახლდათ. სანამ ამ ოჯახის რძალი გახდებოდა, მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს და დიდი ნინო უწყობდა ხელს თენგიზს, ეს ულამაზესი ოჯახი შექმნილიყო. ამ ოჯახში იყო ურთიერთობები, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ იყიდი. წმინდა ურთიერთობები, ვერაფერი რომ ვერ შეედრება.

- ბოლო დროს ავადმყოფობდა?

- დიახ, საშინელ სენს შვიდი წელი ებრძოდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ნინომ და ილიკომ ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. სამაგალითოა შვილების თავდადება, როგორ იბრძოდნენ, დედას ეცოცხლა... ძალიან მიჭირს ინგა თევზაძეზე წარსულში საუბარი, შეხვედრამდე ჩემო უსაყვარლესო ადამიანო. ძალიან დაგვაკლდები.

მამუკა ფუტკარაძე, "სუხიშვილების" 1980-90-იანი წლების მოცეკვავე:

- თენგიზი იყო საუკეთესო ადამიანი, გამორჩეული მანერებით, კეთილშობილი ხასიათით, საქმის მიმართ მკაცრი, როგორც დედამისი, მაგრამ ცხოვრებაში ურთიერთობდა და მეგობრობდა ყველა მოცეკვავესთან, ასევე, ჰქონდა არაჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა ჩემთან. ამას მოწმობს ისიც, რომ ორჯერ ვიყავით სხვადასხვა დროს ზუგდიდში, სადაც გავმართეთ კონცერტი... მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის მერე მას ეპატიჟებოდნენ სუფრაზე, ბანკეტზე, მან დაყო ანსამბლი და ნახევარი გაუშვა სხვა სუფრაზე თვითონ კი დედამისთან - ლეგენდა ნინო რამიშვილთან ერთად ორივეჯერ წამოვიდა ჩემთან, სახლში, სადაც გველოდნენ მშობლები, ნათესავები... არასდროს დამავიწყდება მათი მხრიდან ასეთი დაფასება...

თენგიზის მეუღლე კი - ინგა თევზაძე იყო ულამაზესი ქალბატონი. ინგაც ასევე მეგობრობდა ყველასთან. ყურადღებიანი ადამიანი იყო, გეტყოდა ყოველთვის იმას, რაც სასარგებლო იყო შენთვის. ამ დიდი ოჯახის ძალიან თბილი და უკეთილშობილესი დიასახლისი გახლდათ. იგი საოცრად ასრულებდა ცეკვას "სიმდი". ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ეს ულამაზესი ადამიანები აღარ არიან ....

(სპეციალურად საიტისთვის)