"ბევრს ეშლებოდა მასთან, მაგრამ საპასუხოდ უწმინდესს ისინი დაუჯილდოებია, რომ მათი სინდისი გაეღვიძებინა" - პატრიარქს 93 წელი შეუსრულდა
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების დღეა. პატრიარქს 93 წელი უსრულდება. "კვირის პალიტრა" დიდი სიყვარულით, მოწიწებითა და უდიდესი პატივისცემით ულოცავს იუბილეს მის უწმინდესობას და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.
ძალიან დიდი ხნის წინ უწმინდესმა შემოიკრიბა და შემოიმტკიცა ხალხი, ჯერ პირჯვრის სწორად გადაწერა ასწავლა, მერე საეკლესიო წესები... ყველას ქედი მოუხარა და ამ დიდი თავმდაბლობის შედეგად დაიწყო დიდი გამოღვიძება, რომელსაც თვითონვე უწოდა "მზიანი ღამე". მოსესავით, ცოდვით აზვირთებული ოკეანიდან გამოიყვანა სამწყსო და დღემდე წინ მიუძღვის დედაეკლესიას. ის ყოველთვის ადამიანების მხარესაა, არა აქვს მნიშვნელობა, მორწმუნეა თუ ათეისტი, ის ყველას პატივს სცემს. ერთხელ მუსლიმი შეიხი ეწვია ოჯახით, ხელზე ემთხვია უწმინდესს¬ და ასე მიმართა:
"მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩემი ოჯახისთვის ხართ წმინდანი! ამიტომ გაახლეთ ჩემი ოჯახის წევრებიც, რომ ისინი გემთხვიონ ხელზე"... უწმინდესის სიყვარულმა, მოწყალებამ, სულგრძელობამ და სიბრძნემ მძიმე წლებში არაერთხელ გადაარჩინა საქართველო დაღუპვას. ამ წლების განმავლობაში რამდენი განსაცდელი, დარდი და ტკივილი დაითმინა მისმა გულმა. როცა მის გვერდით ხარ, გგონია, შენთან ამქვეყნად ყველაზე ახლოსაა და ყველაზე მეტად ესმის შენი. ბევრი გადაიტანა და ახლაც გადააქვს, მაგრამ გაუძლო ჩვენ გამო, თითოეული ადამიანის გამო, უფალმა ის ჩვენთვის გამოარჩია.
"იმ მაღალჩინოსანს მიუტრიალდა და უთხრა, ესენი ჩემი ბიძაშვილები არიანო..."
ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე:
- პატრიარქი ჩემს ცხოვრებაში ადრეული ბავშვობიდან შემოვიდა. 70-იანი წლების ბოლო იყო. მახსოვს მამაჩემი, დათო რაზიკაშვილი, სახლში გახარებული მოვიდა, ჩვენი ნათესავი, ჩვენებური კაცი გახდა საქართველოს სულიერი მოძღვარიო. მაშინ სხვა დრო იყო, კომუნისტები ეკლესიას ებრძოდნენ და სულიერი მოძღვარი ავტორიტეტად არ ითვლებოდა, მაგრამ ჩემი ოჯახისათვის ეს ადამიანი იყო ავტორიტეტი! იმდენად გახარებული იყო მამაჩემი, მახსოვს ჩემს ძმას ეუბნებოდა, იქნებ სასულიერო სემინარიაში შეხვიდე და ამ მიმართულებით წახვიდეო.
საიდან წამოვიდა ეს ამბავი? პავლე რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას მამა, თავის მოგონებებში წერს: "მე ჩემი წინაპრებისაგან, მამაჩემისაგან გამიგონია, რომ ღუდუშაურები ვართ და იქიდან წამოვედით". სხვათა შორის, ჩვენი გვარი ამ ინფორმაციით მოდის უკვე მესამე თაობაა... არა მარტო მე და ჩემი ოჯახის წევრები ვამაყობთ ამით, არამედ პატრიარქიც ყველა შეხვედრისას ამას უსვამს ხაზს, ჩემი ბიძაშვილები მოვიდნენო. ჩემი ადრეული სტუდენტობიდან მოყოლებული, როდესაც პატრიარქი თავად იდგა ხოლმე ორშაბათის და სამშაბათის საღამოს ლიტურგიაზე, თვითონ გვაცხებდა ზეთს და ატარებდა პარაკლისს. არც ერთი პარაკლისი არ გამომიტოვებია, მისი მადლით გახარებული და იმ განცდით, რომ ის ჩემიანი იყო, მუდმივად ვიდექი სიონში.
მოგეხსენებათ, ჩვენ წინა ხელისუფლება გვდევნიდა. ერთხელ მის უწმინდესობასთან მივედით მე და ჩემი ძმა. ჩვენზე წინ მისულა ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღოდა ჩვენს დევნაში. მე არ ვიცი, უწმინდესმა იცოდა თუ არა ჩვენი გასაჭირი, ჩვენ არაფერი გვითქვამს, უბრალოდ, მივდიოდით ხოლმე კურთხევის მისაღებად. გაიღო კარი და იმ მაღალჩინოსანთან ერთად გამობრძანდა პატრიარქი. რომ დაგვინახა, მიუტრიალდა იმ კაცს და ეუბნება, ესენი ჩემი ბიძაშვილები არიან! ვაჟა ჩემი ბიძაშვილია და რაზიკაშვილები ჩემი ბიძაშვილები არიანო, და გაიღიმა... არ ვიცი, რა ჩადო იმ გულცივი ადამიანის გონებაში, მაგრამ თითქოს ჩვენი გულისთქმა წაიკითხა უწმინდესმა და უნდოდა რაღაცით შეგვშველებოდა. გახარებულები შევედით, არაფერი გვითქვამს, კურთხევა მივიღეთ და წამოვედით. მას მერე ეს გვიცავს...
ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი, სიკეთე, სიხარული, დიდხანს სიცოცხლე მისცეს! მარტო ჩვენ, რაზიკაშვილები კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობა უწმინდესის იმედითაა. მიყვარხართ და განსაკუთრებით უყვარხართ რაზიკაშვილებს! იხარეთ!
"გაიხსენე, რა მაქვს მე ცხოვრებაში გამოვლილიო"
ქეთი დოლიძე, რეჟისორი:
- პატრიარქის ინტრონიზაციის შემდეგ სიონში იყო წირვა. მაშინ იქ პირველად რეზო თაბუკაშვილმა მიმიყვანა. მახსოვს, როგორი ახალგაზრდა და ლამაზი იყო... მას შემდეგ პატრიარქს არ მოვცილებივარ. მთელი ჩემი ცხოვრებაა მასთან დაკავშირებული. 1993 წელს მისმა უწმინდესობამ ბოდბეში ჩამიყვანა და ასე ვთქვათ, ჩამაბარა დედა თეოდორას. მას მერე ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, გავივლიდი ლილოში, ვიყიდდი ერთ საბანს, ერთ ბალიშს, ერთ ლეიბს და წავიდოდი. მერე გამოჩნდა ერთი მეცენატი, შემდეგ მეორე და ახლა საოცარი მონასტერია.
ერთ-ერთი ვიზიტის დროს პატრიარქთან ვზივარ ძველ რეზიდენციაში და ვსაუბრობ. ამ დროს დაახლოებით 100-მდე ქალმა გამოიარა.არ მინდა ვთქვა "ვისისტები "იყვნენ, და დაუშინეს ქვები ფანჯარას. კიდევ კარგი, რიკულები ჰქონდა. მახსოვს, პატრიარქი, ფაქტობრივად, გადამეფარა. ასე ვიყავით, სანამ იმ გაავებულმა, სახედაკარგულმა ქალებმა არ ჩაიარეს.
- ყველაზე დიდი ნუგეში როდის იგრძენით მისგან?
- როცა თეატრიდან გამიშვეს. ვერ გავბედე მისვლა და ამასობაში გავიდა ერთი წელი. ერთი წლის მერე, შორენას ვთხოვე და საღამოს დამიბარეს. დავიჩოქე და მის კალთაში ავტირდი. ჩამიხუტა და მითხრა, შენ რომ ასეთ ხასიათზე იქნები, გაიხსენე, რა მაქვს მე ცხოვრებაში გამოვლილიო... ახლა უკვე მერიდება შეწუხება... ჩემთვის და მთელი საქართველოსათვის დალოცვაა ჩვენი პატრიარქი. ღმერთმა ასეთი პატრიარქი რომ მოგვივლინა, იმიტომ გადავრჩებით...
"ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, უწმინდესის ნაჩუქარი ბეჭედი მიცავს... დღესაც მაქვს მისი ნაჩუქარი თბილი წინდები"
ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად დავინახე უწმინდესი. 7-8 წლის ვიქნებოდი. მე ბებიასთან ვიზრდებოდი. მისი სახლი დღევანდელი ქარვასლის ადგილას იდგა, სიონის 8 ნომერში და ბავშვები სულ ვთამაშობდით სიონის ეზოში. მახსოვს, მაშინ ტაძარში მხოლოდ ასაკოვანი მრევლი დადიოდა. მერე იმატა და იმატა ხალხმა. ახალგაზრდები გამოჩნდნენ.