"საქართველოს საფრთხეს უქმნიო...ამ ბრალდებით არაერთი ფერეიდნელი გააძევეს ქვეყნიდან" - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი ანდრო ლაჩინანი
ფერეიდნელი ქართველები საუკუნეების განმავლობაში გულით ატარებდნენ იმ ქვეყნის სიყვარულს, რომელიც არასდროს ენახათ, საქართველოში დაბრუნების იმედი მათ გულში არასდროს გამქრალა! როგორ ხვდება ისტორიული სამშობლო აქ ჩამოსულ ფერეიდნელებს? - ამ მტკივნეულ საკითხზე გვესაუბრება იურისტი ანდრო ლაჩინანი, რომელმაც არაერთ დაბრკოლებას გაუძლო, მაგრამ საქართველო არ მიატოვა:
- ხშირად მეკითხებიან, როგორ შეინარჩუნეს 4 საუკუნის წინ კახეთიდან და ჰერეთიდან ირანში გადასახლებულმა ქართველებმა თავიანთი ენა და საქართველოს სიყვარულიო. ამაზე მე ერთი პასუხი მაქვს: ფერეიდანში ბავშვი რომ დაიბადება, დედ-მამა ჯერ ქართულს ასწავლის. ამიტომ სკოლაში შესვლამდე ბევრმა ბავშვმა სპარსული არ იცის. მეც ასე ვიყავი: სკოლაში რომ მივედი, სპარსული ენა არ ვიცოდი, რადგან ოჯახში სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. ახლაც დედაჩემმა ან მამაჩემმა რომ დამირეკონ, ქართულად დაველაპარაკები. უბრალოდ, ფერეიდნელების ქართული განსხვავებულია, მაგალითად, ჩემი მშობლების საუბარს რომ მოუსმინოთ, სულხან-საბას დროინდელი ქართული გაგახსენდებათ. ჩვენი კილო აჭარულსაც წააგავს, ამიტომ ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ბევრს აჭარელი ვეგონე.
ჩვენ წარმოშობით კახელები ვართ, ქიზიყიდან. მე-16 საუკუნეში კახეთის ზოგიერთ კუთხეში მცხოვრებთა გვარებს "ნი" დაბოლოება ჰქონდა, როგორც სვანეთშია. "ლაჩინანი" ძველებური, არქაული ფორმაა. დროთა განმავლობაში ჩემი გვარის შვილები ლაჩაშვილები გახდნენ; ვინაიდან ლაჩინანი ძველქართული ფორმაა, მე ეს გვარი დავიტოვე.
პირველად საქართველოში 2009 წელს ჩამოვედი. 2012 წლამდე ირანში მივდიოდი და უკან ვბრუნდებოდი. 2013 წელს კი აქ დარჩენა დავწყვიტე. ქართული ენა და საქართველოს ისტორია საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში შევისწავლე. მანამდე ისპაჰანის უნივერსიტეტში სამართალს ვსწავლობდი და ბოლოს ისევ სამართალს დავუბრუნდი - "საქართველოს უნივერსიტეტი" დავამთავრე. ფერეიდანში ჩემი მშობლები და დედმამიშვილები ცხოვრობენ, ირანში წელიწადში 3-4-ჯერ მაინც ჩავდივარ - ბუნებრივია, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.
ქართველი ვარ და საქართველო ჩემი სამშობლოა, მაგრამ ირანში დავიბადე, გავიზარდე და ცხადია, ამ ქვეყნის სიყვარულიც მაქვს, მით უმეტეს, რომ ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს.
- რა პრობლემებს აწყდებიან ფერეიდნელი ქართველები საქართველოში?
- ფერეიდნელი ქართველი საქართველოში რომ ჩამოდის, ჯერ თანამემამულის სტატუსი უნდა მოითხოვოს. ნებისმიერ ქართველს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, თავიდან ეს სტატუსი ენიჭება, მერე ბინადრობის უფლება უნდა მიენიჭოს და 2-3 წლის შემდეგ, თუ აქ დარჩება, საქართველოს მოქალაქეობა. ფერეიდნელების 80%-ს თანამემულის სტატუსს აძლევენ, მაგრამ ზოგს უარს ეუბნებიან, რატომ? - ეს არავინ იცის. თუმცა მთავარი პრობლემა ბინადრობის უფლებიდან იწყება: ამის მიზეზია "საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ", რომლის მე-18 მუხლის მიხედვით, აკეთებენ დასკვნას, რომ პიროვნება, რომელმაც ბინადრობის შესახებ განცხადება შეიტანა, ქვეყანას საფრთხეს უქმნის!