მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება: "საქართველო სავსეა სხვადასხვა ქვეყნების სპეცწარმომადგენლებით" - რა რისკები ემუქრება ჩვენს ქვეყანას მსოფლიო წესრიგის ნგრევის ფონზე?!
რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს სატრანზიტო როლი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე საკუთარ ვერსიებს გვიზიარებს.
- შეიძლება ითქვას, ალიევის ცნობილი სკანდალური განცხადება პიარის ელემენტებსაც შეიცავს და სიმართლესაც. ყოველ შემთხვევაში, დღეს აზერბაიჯანი ანგარიშგასაწევი მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე და გუშინდელზე მეტი შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ადრე საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტი სჭირდებოდა, რომ ეკონომიკური პრობლემები არ შექმნოდა - საქართველო აზერბაიჯანის ენერგომატარებლების ერთადერთი გამტარი იყო, აზერბაიჯანისთვის კი ენერგომატარებლები ეკონომიკის მთავარი ფუნდამენტია. დღეს ალტერნატივები გაჩნდა და ამან აზერბაიჯანს მანევრირების მეტი თავისუფლება მისცა. ისიც კი შეუძლია, ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადოს, ენერგომატარებლების ერთი მარშრუტი ზანგეზურისკენ უნდა გავატაროთო.
- რეალურად არის შესაძლებელი, რომ დღის წესრიგში დადგეს რეგიონული დერეფნის ფორმირება საქართველოს გვერდის ავლით?
- აბსოლუტურად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ არის ტვირთები, რომელთა გადატანა ზანგეზურის დერეფნიდან უფრო იოლიც იქნება და მომგებიანიც, მაგრამ არის ტვირთები, რომელთა გადასატანად შავი ზღვის პორტებია აუცილებელი და ამაში საქართველოს ტერიტორიას შემცვლელი არა ჰყავს, თუ რუსულ პორტებს არ ჩავთვლით. თუმცა მათი აქტივობა სანქციების გამო შეზღუდულია.
მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის უნგრეთისა და რუმინეთისთვის, ტვირთების გატარება საქართველოდან გაცილებით მომგებიანია, ვიდრე თურქეთის გავლით. ანალოგიურია ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვისაც.
- სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის დაწინაურება საქართველოს ხელისუფლების იზოლაციონისტური პოლიტიკის შედეგია?
- ყველაზე იოლი სათქმელია, რომ ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაში უამრავი მაგალითია, როცა განსაკუთრებული პარტნიორობაც კი არ ნიშნავს ინტერესების სრულ თანხვედრას. დანია ამის ყველაზე კარგი მაგალითია. ეს ქვეყანა ნატოს წევრიც არის და აშშ-ის უახლოესი მოკავშირეც, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის წართმევას ცდილობს. ასევე კანადა, რომელიც ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელია, საშტაბო სწავლება ჩაატარა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს კანადის თავდაცვის გენერალური შტაბი ამერიკიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. შესაბამისად, საქმე მხოლოდ ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკაში არ არის, ეს გეოპოლიტიკური ცვლილებების საკითხია.
- შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები როგორი უნდა იყოს - დიპლომატიური აქტიურობის გაძლიერება, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თუ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება?
- თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა სეგმენტიდან უნდა იქნეს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. მთავარია, პასუხი იყოს ინიციატივიანი. მე ვხედავ კონკრეტულ პრობლემებს, რომლებიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია: სარკინიგზო ტარიფების თემა, მოძველებული ინფრასტრუქტურა რკინიგზაზე, ძალიან დიდი პრობლემაა ანაკლიის პორტის შესახებ გაურკვევლობაც, რა ეტაპზეა ამ პორტის მშენებლობა და რა პრინციპით, ეს მარტო ქართველ საზოგადოებას კი არა, ბევრს აინტერესებს. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც მეტ პიარს და კონკრეტულ მოქმედებას საჭიროებს.
- თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს სატრანზიტო როლი შემცირდება ან შეიცვლება, რა რისკები ჩნდება ჩვენ წინაშე?
- დღეს მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი აღარ მუშაობს და გააქტიურებულია "ძალის სამართალი". გამიჭირდება იმის თქმა, აუღებს თუ არა "ქართული ოცნება" ალღოს ამ ვითარებას, მაგრამ ერთი რამ ცხადია - როდესაც სერიოზულ გეოპოლიტიკურ თამაშში ხარ ჩართული, აუცილებლად უნდა გყავდეს ძლიერი პოლიტიკური მოკავშირე. ეკონომიკური პარტნიორები კი გვყავს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, მაგრამ ეს არ არის ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც გვჭირდება. ჩვენ არა გვყავს ძლიერი პოლიტიკური პარტნიორები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში საქართველოს მხარდამჭერ ნაბიჯებს გადადგამენ. აზერბაიჯანსა და სომხეთს დღეს ამერიკა მფარველობს. ტრამპს მოსწონს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულება მისი დამსახურება რომ არის და ცდილობს "ხელი წაჰკრას" მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა მსოფლიოს მშვიდობის საბჭოში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიწვევა.
- ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო ზეწოლის ობიექტი გახდეს?
- რა თქმა უნდა, რისკები მაღალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს რუსეთისგანაც, მეზობლებისგანაც და სხვა მოთამაშეებისგანაც. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სამხედრო აქტივობა იქნება, მაგრამ ზეწოლის ფორმა ბევრია: სამხედრო ძალა, ეკონომიკური ბერკეტები, იდეოლოგიური გავლენა, რელიგიური არხები და სხვა. საქართველო ყოველთვის იყო მიმზიდველი სივრცე გავლენებისთვის და ახლაც არის. ამიტომ იყო უამრავი ომი ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე.
დღეს საქართველო სავსეა სხვადასხვა ქვეყნის სპეცწარმომადგენლებით. ასეთ ვითარებაში საქართველო უნდა იყოს ინიციატივების დემონსტრირების რეჟიმში საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი ორივე მეზობელი, აზერბაიჯანიც და სომხეთიც, სერიოზულად შეუდგნენ ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას ჰაბების შექმნით. 500 მილიონი დოლარი მიიღო სომხეთმა ამ საქმისთვის. არ შეიძლება ჩვენ ჩამოვრჩეთ.
ამასთან, უნდა ვეძებოთ რეალური პარტნიორები, მაგალითად, ისრაელთან შეიძლება ბევრად ეფექტიანი საერთო ფორმატების გამონახვა, ტექნოლოგიურ მიმართულებებში თანამშრომლობა და ებრაული ლობის გავლენების გამოყენება, მათ შორის ვაშინგტონშიც კი. სხვა ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიც არიან დაინტერესებული საქართველოში გავლენების გაძლიერებით.
ჩვენ დღესაც კი საბჭოთა მენტალიტეტით ვაფასებთ ცენტრალურ აზიაში მიმდინარე მოვლენებს. არადა, ეს ქვეყნები, მათ შორის ყაზახეთი, მნიშვნელოვნად არიან შეცვლილი. დიდი მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან პარტნიორული ურთიერთობების შექმნას. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არაბულ სამყაროსთან გარკვეული სისტემის შექმნას. ეს არ გულისხმობს არაბების აუცილებლად აქ ჩამოყვანას. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი შეუერთდა "აბრაამის" ხელშეკრულებას, რომლის ინიციატორი ისრაელია, და რომელიც გულისხმობს რეგიონის ქვეყნებთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარებას. ვფიქრობ, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ რესურსის გამოყენება, რომელიც რეალურად გვაქვს.
ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ჩიხშია, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს..." - ვიქტორ ყიფიანის პროგნოზი: არის თუ არა გამოსავალი?!
„ოპოზიცია არაადეკვატურია, როდესაც ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“ - რამაზ საყვარელიძის ანალიზი
- რას გულისხმობთ?
- საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ პროფესიონალებს, დაწყებული სამხედრო სფეროთი, დამთავრებული ნებისმიერი სხვა მიმართულებით. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, ამ პატარა ქვეყანას რამხელა რესურსი აქვს. ძალიან ბევრი გავლენიანი ადამიანი ვიცი, თუნდაც აშშ-ის სამეცნიერო და სახელოვნებო წრეებში. ისინი ეთნიკური ქართველები არიან და შეუძლიათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ჩვენს ხელისუფლებას. ვერაფრით ვერ ამოვხსენი, რატომ არ თანამშრომლობენ მათთან. ვერც რეგიონული მასშტაბის აქტივობას ვხედავ.