სენსაციური შედეგით დასრულებული ნატოს წვრთნები, რომელმაც შესაძლოა, დიდი ტრაგედია მოიტანოს - როგორ და რით აშინებს პუტინის რუსეთი ევროპას - კვირის პალიტრა

სენსაციური შედეგით დასრულებული ნატოს წვრთნები, რომელმაც შესაძლოა, დიდი ტრაგედია მოიტანოს - როგორ და რით აშინებს პუტინის რუსეთი ევროპას

გასული წლის მაისში ესტონეთში ჩატარებული ნატოს სამხედრო სწავლების, რომელშიც ალიანსის 12 ქვეყნის 16 ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა, სენსაციური შედეგის შესახებ დასავლური მასმედია მხოლოდ ახლა ალაპარაკდა. არადა, ნატოს ბევრი რამ ჰქონია დასაფიქრებელი, რადგან მისმა სამხედრო მეთაურობამ სწორედ ამ სწავლებაზე თვალნათლივ დაინახა ის, რისი აღიარებაც აქამდე არ სურდა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და კერძოდ, მისი ევროპელი წევრი ქვეყნების არმიები არ არიან მზად რუსეთისთვის სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად, თუკი პუტინი გადაწყვეტს ალიანსის აღმოსავლეთით სამხედრო მოქმედებების დაწყებას.

და მაინც, ასეთი რა მოხდა გასული წლის მაისში ესტონეთის პოლიგონზე?

არაფერი განსაკუთრებული, რაც ყოველდღე არ ხდება რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის ფრონტზე - ესტონეთში გამართულ სამხედრო სწავლებაზე ბრიტანული და ესტონური ბატალიონების პირობით მოწინააღმდეგედ მიიწვიეს სწორედ ფრონტის ხაზიდან დროებით მოხსნილი ასამდე ის უკრაინელი სამხედრო, რომლებიც რუსი ოკუპანტების განადგურებაში კარგად დახელოვნდნენ კამიკაძე-დრონებით და შედეგმაც არ დაახანა - ნატოს საბრძოლო დანაყოფების 17 ჯავშანტექნიკა უკრაინელმა დრონების პილოტებმა პირობითად ააფეთქეს მათზე კვამლის კოჭებით "დაბომბვით" და ალიანსელი სამხედროები რამდენიმე წუთში უკუაქციეს.

ამით ომში გამოცდილმა უკრაინელებმა ნატოელ გენერლებს აჩვენეს, რომ ალიანსი ისევ ძველი ყაიდის ომებისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოთხი წელი ჰქონდა დასაკვირვებლად, თუ როგორ შეიცვალა თანამედროვე ომის ტაქტიკა რუსეთ-უკრაინის ომში.

ისე, სიმართლე რომ გითხრათ, დიდი წარმოდგენა ნატოს წევრი ქვეყნების მაღალ საბრძოლო სულისკვეთებაზე არც აქამდე მქონია, რაც საკუთარი შთაბეჭდილებითაც ჩამომიყალიბდა - 1997 წელს უკრაინის იავოროვსკის პოლიგონზე ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" პროგრამით ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობდა ქართული სადაზვერვო ოცეულიც, რომელსაც რამდენიმე ქართველი სამხედრო ჟურნალისტიც ვახლდით. სწავლების ერთ-ერთი სცენარით უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი (რომელსაც ამ სტატიის ავტორიც მიჰყვებოდა, ოღონდ ვიდეოკამერით ხელში) მიეპარა ამერიკულ ბლოკ-პოსტს და მოულოდნელად თავს დაესხა, თანაც კვამლის კოჭებით, რომლებსაც ხელმარჯვე უკრაინელი მედესანტეები ერთჯერადი ყუმბარსატყორცნების უკვე გამოყენებული ტუბუსებიდან უშვებდნენ. რამდენიმე წუთში სწავლების ხელმძღვანელობამ "ომში წუთშესვენება" გამოაცხადა და უკრაინელ მედესანტეებს სთხოვა, ამერიკელი სამხედროები ჩივიან, კვამლის კოჭებს ნუ გვესვრით, არ დაგვაზიანოს და იქნებ აღარ ესროლოთო.

ეს კი პატარა ეპიზოდი გახლდათ, მაგრამ ის, როგორ ომშიც და რანაირად აჩერებს უკრაინის არმია ბევრად ძლიერ რუსულ საოკუპაციო ძალებს, ნატოს წევრი ქვეყნების არმიების სარდლობებისა და პირადი შემადგენლობისთვის კვლავ წარმოუდგენელია, რაზეც მეტყველებს გერმანელი სპეციალისტების ამას წინათ ჩატარებული იმიტირებული "ომი", რომლის სცენარის მიხედვით, უკრაინასთან ომის შეუჩერებლად პუტინის რუსეთი პარალელურ რეჟიმში იწყებს სამხედრო ოპერაციას ნატოს წევრი ლიეტუვის წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ რუსეთის ანკლავს, კალინინგრადის ოლქს, თითქოს ჰუმანიტარული კატასტროფა დაემუქრა და რუსულმა საექსპედიციო კორპუსმა ბელარუსიიდან ლიეტუვაზე "გადასვლით" სახმელეთო გზა უნდა "გაჭრას" კალინინგრადის ოლქამდე.

გერმანელი სამხედრო ექსპერტების დასკვნა ძალიან უნუგეშო გამოდგა მთლიანად ნატოსთვის - იმიტირებული სწავლების შედეგით, სულ რაღაც 15-ათასიანმა რუსულმა საიერიშო დაჯგუფებამ დიდი პრობლემების გარეშე შეძლო ამ "დერეფნის" გაჭრა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან გერმანიამ ვერ "გაბედა" მიშველება, ხოლო პოლონური დანაყოფები კი შეაჩერა რუსული ავიაციის მიერ გზების დისტანციურმა დანაღმვამ.

იმიტირებული სწავლებები, რა თქმა უნდა, სრულად ვერ ასახავს რეალურ სიტუაციას, მაგრამ მიახლოებით მაინც აჩვენებს, რომ დღევანდელი ევროპა არ არის მზად აგრესორი რუსეთის შესაკავებლად, თუკი პუტინი ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე სამხედრო-პოლიტიკური სახის აქტივობას წამოიწყებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დანგრეულ, მაგრამ ნატოში გაწევრებულ დასავლეთ ევროპას ძირითადად მაინც აშშ-ის სამხედრო ძალის, კონკრეტულად კი ამერიკული ჯერ ატომური, შემდეგ კი თერმობირთვული ბომბების იმედი ჰქონდა, რომ ვერც სტალინის, ვერც ხრუშჩოვისა თუ ბრეჟნევის კრემლი ვერ გაბედავდა ევროპაზე თავდასხმას და პირველი "ცივი ომის" დროს ამ იმედმა ევროპელებს გაუმართლათ, ხოლო 1980-90-იანი წლების მიჯნაზე ჯერ ვარშავის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკისა და მალევე თვით საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვა სადღაც კუთხეში მიაგდო, რადგან ჩათვალა, რომ აღმოსავლეთიდან სამხედრო საფრთხე მას აღარასოდეს დაემუქრებოდა, რადგან ელცინის რუსეთი სულს ღაფავდა, მაგრამ თავდაჯერებულ და გაქსუებულ ევროპას "გამოეპარა" პუტინის რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური აღზევება, ჩეჩნეთის მეორე ომში გამარჯვება, საქართველოში შემოჭრა, უკრაინის ყირიმის "გადაყლაპვა" და ა.შ.

ყოველივე ამას არცთუ მოულოდნელად დაემატა ტრამპის ამერიკის კატეგორიული მოთხოვნაც - ევროპამ კეთილ ინებოს და თავად იზრუნოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე, აშშ-ს ისიც ეყოფა, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ევროპელების უსაფრთხოებას უმეტესად სწორედ ჩვენ უზრუნველვყოფდითო.

წესით, ევროპელებისთვის დიდი განგაშის სიგნალად უნდა ქცეულიყო ის, რომ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს ნატოს წევრ ქვეყნებს კატეგორიულად მოსთხოვა საკუთარი არმიების დაფინანსების ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდა, მაგრამ ეს რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა დღემდე არ გააკეთეს, ახლა ტრამპი კი მათგან სამხედრო ბიუჯეტების უკვე მშთ-ს 5%-მდე გაზრდას მოითხოვს, რისი შესრულებაც წარმოუდგენელია დასავლეთ ევროპის იმ ქვეყნებისგან (მაგალითად, ესპანეთისგან, პორტუგალიისგან), რომლებიც თავს რუსული საფრთხისგან მოშორებით გრძნობენ. თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა მათ გასაგონად თქვა, რუსულ "ორეშნიკს" მადრიდამდე მისაფრენად შეიძლება მხოლოდ ორიოდე წუთით მეტი დასჭირდეს, ვიდრე ბერლინამდეო.

პირველი "ცივი ომის" "გამარჯვებით" დამთავრების შემდეგ ევროპულმა პარტიებმა, რომლებიც ქვეყნების სათავეში მოდიოდნენ, ბიუჯეტის დიდი ნაწილი სოციალური საკითხების დაფინანსების გაზრდაზე დახარჯეს, რაც ძალიან კარგი იყო ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის (განსაკუთრებით პენსიონერებისთვის), მაგრამ სამაგიეროდ მიავიწყდათ არმიების გადაიარაღებისა და საბრძოლო მომზადების საკითხები, გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

დღეს, როდესაც რუსული საფრთხე რეალურად დაემუქრა ევროპას, მას არ შეუძლია უმოკლეს ხანში, რამდენიმე წელში გამოასწოროს ის უდიდესი შეცდომები, რაც ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეების იგნორირების პერიოდში "დააგროვა".

პუტინის რუსეთის ეკონომიკა უკვე გადასულია სამხედრო ლიანდაგებზე და იმ რაოდენობის სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, რომელთანაც "გათანასწორებას" ევროპული სამხედრო კონცერნები კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ თუნდაც ტექნიკურად, რადგან იარაღის ახალი ქარხნების აშენებას დიდი დრო სჭირდება.

ერთ-ერთ ალტერნატიულ გამოსავლად მიიჩნევა "ევროპული ბირთვული ქოლგის" შექმნა, როდესაც ამერიკული "ბირთვული ხელკეტის" იმედის გარეშე ევროპელები საკუთარ ბირთვულ ძალებს შექმნიან, რომლის გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს აგრესორ რუსეთს. მაგრამ ბირთვული იარაღი ნატოს წევრი ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ (ამ უკანასკნელს მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებზე). საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონის ინიციატივით ფრანგული ტაქტიკური თერმობირთვული საავიაციო ბომბები შესაძლებელია თანაალიანსელი პოლონეთის აეროდრომებზეც განთავსდეს, რაც შეიძლება ახლოს ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან, რათა რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში ისინი ოპერატიულად გამოიყენონ.

ასევე დაგაინტერესებთ: კონტროლი „დიდ ბირთვულ რაკეტებზეც“ შეწყდა - საით მიექანება მსოფლიო?

რუსული „ისკანდერებისგან“ და „კინჟალებისგან“ სრულ დაცვას უკრაინა ვერ შეძლებს

ყინულზე დაცემული თერმობირთვული ბომბები და ატომური რეაქტორი ყინულის ქვეშ

თბილისში აწყობილი და შემდეგ მოპარული გამანადგურებლები ამერიკის ცაში

სხვა საკითხია, გაბედავენ კი ევროკავშირისა და ნატოს ევროპული ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას, თუკი რუსეთმა ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს ჩვეულებრივი შეიარაღებით - სატანკო არმადებითა და საარტილერიო დანადგარებით შეუტია? დიდი ალბათობით, ვერა, რადგან კრემლი უკვე იმუქრება, რომ სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღი მას ბევრად მეტი აქვს, ვიდრე საფრანგეთსა და ბრიტანეთს ერთად აღებულს და უკან არ დაიხევს მათ საპასუხო გამოყენებაზე.

დღევანდელი ევროპისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები ვარიანტია... რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რათა პუტინმა ნაკლებად მოიცალოს დანარჩენი ევროპისთვის.

უკრაინაში ომის გაგრძელება განსაკუთრებით აწყობთ ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და პოლონეთს, რადგან კარგად ხვდებიან, რომ აგრესორი რუსეთის შემდგომ სამიზნედ სწორედ ისინი აღმოჩნდებიან. ამიტომაცაა, რომ ევროპა თავის თავზე იღებს "ფულის შეგროვებას" უკრაინის არმიისთვის ამერიკული რაკეტების შესაძენად, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ერთ წელზე მეტია აღარ ჩუქნის.

გასული კვირის მიწურულს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ძალზე მინიშნებითი განცხადება, რომელიც ძალიან ესადაგება ამ სტატიის დედააზრს (ეს სტატია უკვე დაწერილი იყო, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გავრცელდა): "ცივ ომში" გამარჯვების ეიფორიამ საშიშ ილუზიამდე მიგვიყვანა, რომ თითქოს "ისტორიის დასასრულში" შევაბიჯეთ და ყველა ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია იქნებოდა, ვაჭრობით ჩამოყალიბებული კავშირები სახელმწიფოებრიობას, ხოლო წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ეროვნულ ინტერესებს ჩაანაცვლებდა, რომ ჩვენ საზღვრების გარეშე ვიცხოვრებდით, სადაც ყველა მსოფლიოს მოქალაქე გახდებოდა. ეს სულელური იდეა იყო, რომელიც უგულებელყოფდა როგორც ადამიანის ბუნებას, ისე 5000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული კაცობრიობის ისტორიის გაკვეთილებს და ეს ძვირად დაგვიჯდა".