სომხურ-აზერბაიჯანული სკანდალი - რა დრონები გამოჩნდა სომხეთის არმიის შეიარაღებაში?! - კვირის პალიტრა

სომხურ-აზერბაიჯანული სკანდალი - რა დრონები გამოჩნდა სომხეთის არმიის შეიარაღებაში?!

სკანდალი სომხურ დრონთან დაკავშირებით, რომელსაც ებრაულის კლონობას აბრალებენ აზერბაიჯანელები...

ვისაც გახსოვთ, 2020 წლის 7 ოქტომბრის საღამოს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსთან და ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოსთან, ფაქტობრივად, ერთდროულად ჩამოვარდა ორი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ისრაელის წარმოების კამიკაძე-დრონები - "ჰაროპები" აღმოჩნდნენ…

მაშინ, სამხრეთ კავკასიაში ისრაელის „ჰაროპები“ შეიარაღებაში მხოლოდ აზერბაიჯანს ჰყავდა, რომელიც 44-დღიანი ყარაბაღის მეორე ომის პერიოდში ფართოდ იყენებდა სწორედ ამ კამიკაძე-დრონებს, სომეხი სამხედროების წინააღმდეგ, როგორც ყარაბაღის ფრონტზე, ისე თავად სომხეთის ტერიტორიის მიმართულებითაც და ორი ასეთი „გზააცდენილი“ „ჰაროპი“ ქართულ ცაშიც შემოგვიფრინდა, ერთი უდაბნოში ჩამოვარდა, მეორე კი - ყვარლის ვენახში აფეთქდა, საბედნიეროდ, ვინმეს დაზიანების გარეშე...

2-haropi-1771317958.jpg
სომხური კომპანია Davaro-სDragonfly‑3 (სამი ჩამოკიდებული დრონი) მართალია, ვიზუალურად წააგავს ისრაელის „ჰაროპს“, მაგრამ მასზე სამჯერ მსუბუქია და პირდაპირი კლონი ვერ იქნება...

ეს „მივიწყებული“ თემა იმიტომ გავიხსენეთ, რომ სწორედ ამგვარ „ჰაროპებთან“ დაკავშირებით ორიოდე დღის წინ საერთაშორისო სკანდალი „აიწია“ მას შემდეგ, რაც ერევანში ჩასულ ინდოეთის ოფიციალურ დელეგაციას სომხებმა თავიანთი ახალი დრონები დაათვალიერებინეს.

ამ დათვალიერებისას გადაღებულ ერთ-ერთი დრონის ფოტომ კი აზერბაიჯანში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან მასში სწორედ ისრაელის წარმოების კამიკაძე-დრონი „ჰაროპი“ ამოიცნეს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანს ჰქონდა შესყიდული და როგორ უნდა აღმოჩენილიყო ის სომხების განკარგულებაში? - სვამენ კითხვას ბაქოში და თვითონვე ცდილობენ, ახსნან...

ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების შემდეგ სომხეთმა დაიწყო თავისი არმიის გადაიარაღება ინდოეთის წარმოების სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო საჭურვლით, ხოლო თავად ინდოეთს ისრაელისგან ბევრი თანამედროვე ტიპის შეიარაღება აქვს შეძენილი, მათ შორის - კამიკაძე-დრონები „ჰაროპები“ და, სავარაუდოდ, სწორედ ინდოეთმა მიაწოდა სომხურ მხარეს „ჰაროპების“ დამზადების ტექნოლოგიაო, - აპროტესტებენ აზერბაიჯანში.

თავის მხრივ, ის სომხური კომპანია, რომელმაც წარადგინა Dragonfly‑3-ის ტიპის ადგილობრივი წარმოების კამიკაძე-დრონი, მის ვიზუალურ მსგავსებას ისრაელის Harop-თან იმით ხსნის, რომ ასეთი ტენდეციაა დრონების ტექნოლოგიების ევოლუციის პროცესში.

3-haropi-1771317958.jpg
„ჰაროპების“ საბრძოლო წარმატებით გახარებული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთ-ერთ მათგანს „ეფერება“...

სხვა სომხური წყაროები კი ამატებენ, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს სომეხ სამხედროებს აზერბაიჯანელების მხრიდან გამოშვებული არა ერთი აუფეთქებელი „ჰაროპი“ ჩაუვარდათ ხელში და შესაძლოა, სომეხმა ინჟინრებმა მათი დაშლისა და დეტალურად შესწავლის შემდეგ, კლონის გაკეთებაც შეძლესო.

ასევე დაგაინტერესებთ: ევროპული ბიუროკრატია უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საკითხში, ერთმანეთს უპირისპირდება...

ტრამპი, მეორე და მსოფლიოში ყველაზე დიდ ატომურ ავიამზიდს აგზავნის ირანისკენ...

ზელენსკის უარი კაპიტულაციაზე ანუ ომი უფრო მასშტაბური გახდება - ჩაეხსნება თუ არა ტრამპი საბოლოოდ რუსეთ-უკრაინის თემას?!

თბილისის გავლით მოსკოვში რუსი ტოპ-გენერლის მოსაკლავად?!

ისე კი, თუკი ისრაელის „ჰაროპის“ მასა 135 კგ-ია და მას 1 000 კმ-ის დაფარვა შეუძლია, 185 კმ/სთ სიჩქარით და თანაც - 16 კგ-იანი საბრძოლო ქობინი მიაქვს, სომხური Dragonfly‑3 მხოლოდ 42 კგ-ს იწონის და 5 კგ-იანი საბრძოლო ქობინი გადააქვს 126 კმ/სთ სიჩქარით 120 კმ-ზე ანუ ისინი სხვადასხვა კლასის კამიკაძე-დრონები არიან და ვიზუალურად თუ გვანან...

უბრალოდ, აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაღრმავების მიუხედავად, ორივე მხარეს მაინც რჩება ერთგვარი უნდობლობის ფაქტორი და როდესაც სომხეთი აძლიერებს საკუთარი არმიის შეიარაღებას შედარებით თანამედოვე საბრძოლო ტექნიკით (მათ შორის - ინდოეთისა და ახლა უკვე თვით აშშ-ის დახმარებითაც კი), ეს ბაქოში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა თავად აზერბაიჯანს, ყარაბაღის ბოლო ომის მოგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც, არათუ არ შეუმცირებია, არამედ - ბევრად უფრო გაზარდა ულტრათანამედროვე შეიარაღების შეძენა იმავე ისრაელიდან, ასევე, თურქეთიდან და პაკისტანიდან...