გულაიპოლე: უკრაინული კონტრშეტევის მიმართულება და ზალუჟნის ბრალდება ზელენსკისადმი - კვირის პალიტრა

გულაიპოლე: უკრაინული კონტრშეტევის მიმართულება და ზალუჟნის ბრალდება ზელენსკისადმი

გულაიპოლე - უკრაინული ლოკალური კონტრშეტევის მიმართულება... და ზალუჟნის „საყვედური“ ზელენსკისადმი...

საინფორმაციო საშუალებებმა ისე „მიგვაჩვიეს“ სულ რუსი ოკუპანტების მუდმივ შეტევებზე ინფორმაციებს, რომ თავიდან დაუჯერებლადაც კი გამოჩნდა, რომ უკრაინული შენაერთები კონტრშეტევებზე გადავიდნენ და ფრონტის ხაზი აღმოსავლეთით, 4,5 კმ-მდე გადაწიესო...

ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მთლიან ფრონტს, ფრონტის ერთ პატარა უბანზე, გულაიპოლესთან 9-16 თებერვალს უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და მტერს უკან დაახევინეს, რაც საკმაოდ დიდ წარმატებად მოჩანს იმის ფონზე, თუ რა ხდება პოკროვსკთან და მირნოგრადთან, რომელთა ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია და უკრაინელი სამხედროების გმირობაა, რომ მათ დეკემბერ-იანვარში მაინც შეინარჩუნეს ეს ნახევრად ალყაშემორტყმული და მიწასთან გასწორებული უკრაინული პატარა ქალაქები, თუმცა რა დანაკარგის ხარჯზე, ეს სხვა, მძიმე თემაა...

უკრაინის გენშტაბი იუწყება და რასაც, ფაქტობრივად, ადასტურებს დამოუკიდებელი პროექტი DeepState-იც, რომ ალექსანდროვსკი-გულაიპოლეს ფრონტის მონაკვეთზე, რომელიც აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტების „მოსახვევშია“, უკრაინელებმა უკან დაიბრუნეს რამდენიმე ათეული კვადრატული კმ-ი მშობლიური მიწა...

უკრაინის არმიის ნაწილობრივ გააქტიურება შეიძლება იმასაც უკავშირდება, რომ თავად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს შეტევითი ოპერაციები ფრონტის მთელ ხაზზე, რაც ობიექტურად უკავშირდება ილონ მასკის „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის სისტემის გადატვირთვას, რის შემდეგადაც რუსმა ოკუპანტებმა ვეღარ ჩართეს „სტარლინკის“ ის ტერმინალები, რომლებიც კონტრაბანდულად ჰქონდათ ნაშოვნი და ამუშავებდნენ ფრონტის ხაზის სიახლოვეს.

ISW-ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მტკიცებით კი, 11-დან 15 თებერვლის მონაკვეთში უკრაინამ შეძლო 201 კვადრატული კმ ტერიტორიის ბრძოლებით უკან დაბრუნება და ეს ფართობი თითქმის იგივეა, რაც რუსმა ოკუპანტებმა გასული წლის ბოლოს, დეკემბერში დაიპყრეს.

მიუხედავად ამ საბრძოლო წარმატებისა, ის მაინც ლოკალურ ხასიათს ატარებს და არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის არმია მთელ ფრონტზე გადავიდა შეტევაზე, როგორც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს 2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულში სურდა.

სხვათა შორის, სწორედ დღეს,18 თებერვალს გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ღია ბრალდება პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ...

ასევე დაგაინტერესებთ: სომხურ-აზერბაიჯანული სკანდალი - რა დრონები გამოჩნდა სომხეთის არმიის შეიარაღებაში?!

ევროპული ბიუროკრატია უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საკითხში, ერთმანეთს უპირისპირდება...

ტრამპი, მეორე და მსოფლიოში ყველაზე დიდ ატომურ ავიამზიდს აგზავნის ირანისკენ...

ზელენსკის უარი კაპიტულაციაზე ანუ ომი უფრო მასშტაბური გახდება - ჩაეხსნება თუ არა ტრამპი საბოლოოდ რუსეთ-უკრაინის თემას?!

გენერალმა ზალუჟნიმ, რომელიც დღეს უკრაინის სრულუფლებიანი ელჩია დიდ ბრიტანეთში, განაცხადა - 2023 წლის დიდი უკრაინული კონტრშეტევის წინ არც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და არც სხვა უკრაინელმა მაღალი თანამდებობის პირებმა მას არ გამოუყვეს ყველა რეზერვი იმისთვის, რომ კონცეტრირებული და ძლიერი დარტყმა მომხდარიყო ზაპოროჟიეს ფრონტზე, სამხრეთის მიმართულებით -ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, მელიტოპოლისა და ბერდიანკის გასათავისუფლებლად და აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად, რაც რუსი ოკუპანტების პოზიციებს შუაში გახლეჩდა და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს დონის როსტოვიდან მოუსპობდა სახმელეთო გზით მომარაგებას (სწორედ ის, რასაც ამ ბლოგში ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისიდან ვვარაუდობდით, უკრაინული კონტრშეტევის დაწყებამდე)...

ზალუჟნის თქმით, ამის ნაცვლად მოხდა უკრაინული ძალების გაფანტვა ფრონტის სხვადასხვა უბნებზე, დაიკარგა დრო და რუსი ოკუპანტები უკეთესად მოემზადნენ მათი ნაკლები ძალებით შეტევების მოსაგერიებლადო...