"შაბათ-კვირისთვის" დაანონსებული დიდი ომის დაწყება - დაიწყება თუ არა ირანში ახალი ამბოხება?! - კვირის პალიტრა

"შაბათ-კვირისთვის" დაანონსებული დიდი ომის დაწყება - დაიწყება თუ არა ირანში ახალი ამბოხება?!

ომის დაწყება კინოთეატრში ახალი მხატვრული ფილმის პრემიერა როდია, წინასწარ რომ იცოდე, რომელ დღეს და რომელ საათზე დაიწყება ჩვენება. სამხედრო ოპერაციის დაწყებას უნდა ახლდეს მოულოდნელობის ეფექტი, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ მოახდინოს დროული რეაგირება, თუმცა...

თუმცა ყველა ომი მოულოდნელად, არაფრიდან არ დაწყებულა, მას წინ აუცილებლად უძღოდა მოსამზადებელი პერიოდი, როგორც სამხედრო თვალსაზრისით (სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო საჭურვლის, პირადი შემადგებლობის მობილიზაციისა და კონკრეტულ მიმართულებებზე თავმოყრის სახით), ისე პოლიტიკური ზეწოლებითა და საინფორმაციო უზრუნველყოფით...

ამიტომაც არცთუ ისე გასაკვირია, რომ ამ „შაბათ-კვირას“ დიდი ომის დაწყებას აანონსებს მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული CNN-ი...

„აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია", - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, პენტაგონმა თეთრ სახლს შეატყობინა, რომ ახლოაღმოსავლეთში საჰაერო და საზღვაო ძალების საკმარისი რაოდენობა იმყოფება იმისთვის, რათა მომავალ შაბათ-კვირას ირანზე დარტყმები განხორციელდეს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების მომხრე და მოწინააღმდეგე მრჩევლებთან შესაძლო მოქმედების გეგმებს განიხილავს.

ასევე, ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა ჟენევაში ირანის დელეგაციასთან გამართული ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ მისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ანგარიშიც მოისმინა.

ცნობისთვის: მანამდე გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა. გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ომთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ვენესუელაში ჩატარებულ სწრაფ და „წერტილოვან“ ოპერაციასთან“...

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამერიკამ ირანის „მისადგომებთან“ თავი მოუყარა ძლიერ სამხედრო მანქანას და სწორედ ასე ხდებოდა, როდესაც 1991 წელს ამერიკა იწყებდა „უდაბნოს ქარიშხალს“ ერაყელი სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ...

ასევე დაგაინტერესებთ: გულაიპოლე: უკრაინული კონტრშეტევის მიმართულება და ზალუჟნის ბრალდება ზელენსკისადმი

სომხურ-აზერბაიჯანული სკანდალი - რა დრონები გამოჩნდა სომხეთის არმიის შეიარაღებაში?!

ევროპული ბიუროკრატია უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საკითხში, ერთმანეთს უპირისპირდება...

ტრამპი, მეორე და მსოფლიოში ყველაზე დიდ ატომურ ავიამზიდს აგზავნის ირანისკენ...

ოღონდ აქ არის მაინც უდიდესი განსხვავება - სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად, რომელიც ამერიკამ არ მოინდომა 1991 წელს, მაგრამ მაინც გააკეთა 2003 წელს, აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა (მათ შორის ჩვენი საქართველოც იყო, თავისი პირველი დანაყოფით) ერაყის ტერიტორიაზე ძლიერი სამხედრო დაჯგუფებაც შეიყვანეს...

დღეს კი ირანის გარშემო, ძირითადად, მხოლოდ ამერიკული საჰაერო დაჯგუფებაა თავმოყრილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ატომური ავიამზიდებიდან და ახლოაღმოსავლეთში ამერიკული საჰაერო ბაზებიდან აფრენილი დამრტყმელი თვითმფრინავებითა და სამხედრო ხომალდებიდან სტარტაღებული ფრთოსანი რაკეტებით გამანადგურებელი დარტყმები მიაყენოს ირანის სტრატეგიულ ობიექტებს, მაგრამ არსად ჩანს ის სახმელეთო ძალა, რომელიც უკვე მიწაზე მოახდენდა აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის დემონტაჟს...

შეიძლება თეთრ სახლში იმის იმედი აქვთ, რომ როგორც კი ამერიკული „ტომაჰავკები“ აიათოლების სასახლეებს დაეცემიან, ადგილობრივი ირანული ოპოზიცია ქუჩაში გამოვა ხელისუფლების ხელში ასაღებად, მაგრამ ეს ურთულესი იქნება, რადგან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მისი თანამოაზრე შეიარაღებული რაზმები პირდაპირ სისხლში ჩაახშობენ დემონსტრანტების მცდელობებს, როგორც ეს უკვე მოხდა წლის დასაწყისში და რაშიც მათ ტრამპის ბომბდამშენები ხელს ბევრით ვერაფრით შეუშლიან...