„ბოლო დროს, სულ მოწყენილი, სევდიანი და ჩაფიქრებულია, ეს მძიმე სანახავია..." - რას გვიყვებოდა კახა მიქიაშვილი პატრიარქზე
"შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გამიმართლა, ბევრ ისეთ ადამიანთან ურთიერთობის ბედნიერება მქონია და მაქვს, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემს ცნობიერებაზე, აზროვნებაზე, მსოფლმხედველობაზე, გარკვეულ პროცესებზე... დღეს თქვენთან ვისაუბრებ ადამიანზე, რომელზეც საჯაროდ არასდროს მილაპარაკია, მიუხედავად ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობისა",
- ამბობს მსახიობი კახა მიქიაშვილი.
ეს ადამიანი კი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II IIგახლავთ.
- უფალს მადლობა! წლებია უწმინდესთან ურთიერთობის ბედნიერება მაქვს. მეორე კურსზე ვიყავი, ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, ქაშუეთის ტაძარში გიორგობა დღეს მისი უწმინდესობა ლოცვაზე იყო მოსული და პირველად მაშინ ვნახე. ლოცვის შემდეგ ტაძრიდან რომ გამობრძანდა, როგორც ჩანს, ვაქტიურობდი, შემომხედა, გამიცინა და ნაკურთხი წყალი შემასხა. მისი მაშინდელი ღიმილი დღემდე გამორჩეულად მახსოვს...
2009 წლის მაისი იყო, ჩემი მოძღვრის, მამა ელიზბარ ოდიშვილის მეშვეობით საპატრიარქოში მოვხვდი და მუშაობა დავიწყე. მამა ელიზბარის როლი, გავლენა და დამსახურება უდიდესია ჩემს ცხოვრებაში. მისმა უწმინდესობამ დაგვლოცა. შემდეგ დღეებში კი დაიწყო მასთან ჩემი პირადი, ძალიან უშუალო ურთიერთობა.
დილა იყო, საპატრიარქოში მორიგე ვიყავი. პატრიარქი ადრე დგება. დავინახე, სალოცავად მარტო ჩამოვიდა, მეც მარტო ვიყავი. გავყევი, ეს ჩემი მოვალეობა იყო. ლოცვის შემდეგ მეუბნება, - თქვენ ვინ ხართ, რა პროფესიის ბრძანდებით? ვუთხარი, რომ მსახიობი ვიყავი. მერე დეტალები გამომკითხა, დაინტერესდა კონკრეტულ თეატრებში რა ხდებოდა. მოგეხსენებათ, ხელოვნება ძალიან უყვარს. პატრიარქი მასზე უმცროსს, მორჩილს, ყველას თქვენობით ელაპარაკება. ამის შემდეგ სამებაში ნათლულების დალოცვაზე მიდიოდა და მითხრა, წამოდიო. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.
ჩემი შვილი თინა რომ უნდა დაბადებულიყო, საპატრიარქოში დავრეკე და ვითხოვე, უწმინდესს დაველოცეთ. შუადღე იყო, მას შემდეგ საათში ერთხელ არეკვინებდა და ამბავს კითხულობდა, როგორ ვიყავით. ბავშვი ღამის 2 საათზე დაიბადა და პირველმა მან მომილოცა, ეს როგორ დამავიწყდება. ამ ამბებს რომ გიყვებით, არ გეგონოთ, მე განსაკუთრებული ვარ, უწმინდესი ყველას მიმართ ასეთია. უამრავი მცდელობის მიუხედავად, დღემდე არც ერთ ჟურნალისტთან პატრიარქზე საჯაროდ არ მილაპარაკია. არის დეტალები, მათ შორის ხილული სასწაულები, რომლებსაც ჩემთვის დავიტოვებ, ნაწილს გაგანდობთ.
პატრიარქს უნიკალური თვისება აქვს, რამდენადაც დიდია მისი სტატუსი, იმდენად ჩვეულებრივია, შენნაირი, ძალიან უბრალო, ადამიანებს ისე გამოელაპარაკება, გავიწყდება, რომ ის პატრიარქია.
დიდი იუმორი აქვს. ერთ დღეს დილის გადაცემას, რომელიც წლებია მიმყავს, მოვრჩი და საპატრიარქოში მივედი. დამიძახა, ზემოთ ამოდიო. ავედი და მეუბნება, ტელევიზორში გიყურე, ეგ ზედა არ გიხდებოდა, აბა, ეს ჩაიცვიო და თავის თეთრი სვიტერი მომცა. ასეთი ბევრი მოგონება მაქვს. პატრიარქს არ სჩვევია შენიშვნების მიცემა, როცა მის გვერდით ხარ, შენვე ხვდები, როგორი უნდა იყო. საოცრად მზრუნველია, ყურადღებიანი.
- სასწაულები ახსენეთ, რას გაიხსენებთ?
- ბევრი სასწაული მომხდარა, ზოგი თავად მინახავს, შევსწრებივარ, ზოგიც მსმენია. ჩვენ თითქოს ცის გახსნას ველოდებით, სასწაული რომ დავინახოთ და ძალიან მარტივ დეტალებს არ ვაკვირდებით.