"ბიჭმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომაში იყო, პატრიარქს უთხრა:" ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი, მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე" - საოცარი ამბები ილია მეორეზე - კვირის პალიტრა

"ბიჭმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომაში იყო, პატრიარქს უთხრა:" ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი, მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე" - საოცარი ამბები ილია მეორეზე

"ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა­ და უნეტარესმა ილია II-მ", - უმძიმესი იყო საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მეუფე­ შიოს ამ განცხადების მოსმენა, გააზრება... მერე მომავალთან თვალის გასწორება, იმ მომავალთან,­ სადაც ჩვენი ტკბილი პატრიარქი აღარ გვეყოლებოდა... დაობლების განცდა მხოლოდ იმის გააზრებამ შეიძლება შეგვიმსუბუქოს, რომ სინამდვილეში­, არასდროს იქნება საქართველო ილია მეორის გარეშე, უფლის წინაშე მისი ლოცვის­ ძალას ჩვენ ყველა­ ერთად ვიხილავთ! ამჯერად­ კი ნუგეშისცემის, სიყვარულის საოცარ მაგალითებზე გიამბობთ.

"პატრიარქო, მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე"

უჩა ნებიერიძე, ექიმი: - ბევრ ისტორიას­ მოვისმენთ და ბევრ საოცრებას წავიკითხავთ... მინდა მოვყვე ერთი ამბავი, არა როგორც ლეგენდა ან გადმოცემა, არამედ როგორც რეალობა, რომლის თვითმხილველიც თავად გავხდი.

2006 წელი იყო, ღუდუშაურის კლი­ნიკაში­ რეზიდენტურა ახალდაწყებული მქონდა... ნათლისღების დღე იდგა, ჩემი მეგობრები და კურსელები სიხარულით ნათლავდნენ ჩვენი საერთო მეგობრის შვილს. ნათელი დღე იყო, თუმცა უკან დაბრუნებისას ბედისწერამ თავისი უხეში ხელი ჩარია და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანაში ხუთნი იყვნენ. სამმა შედარებით მსუბუქი დაზიანება მიიღო, ერთმა - საშუალოდ, ხოლო საჭესთან მჯდომი, ჩვენთვის ყველასთვის გამორჩეული და საყვარელი ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი, რომელსაც ერთნაირად უყვარდა მუსიკა და სულიერება. ის ერთ-ერთი­ მუსიკალური­ ჯგუფის მომღერალი და სამების­ საკათედრო ტაძრის მგალობელი­ იყო. ერთი თბილისური­ ოჯახის შვილი, არაჩვეულებრივი გულის პატრონი - ისეთი, რომლის გარშემოც ადამიანები ბუნებრივად იყრიან თავს. მისი მდგომარეობა­ კრიტიკული იყო, ჩატარდა ურთულესი ოპერაცია, მაგრამ გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. გადაწყდა, დამატებითი ჩარევა იყო საჭირო... მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სრული ანესთეზიის მიცემა არ შეიძლებოდა­ და ტკივილი აუტანელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. თითქოს სხეული ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა...

ავარიის ამბავი ილია II-ს გააგებინეს, ახალგაზრდა მგალობელი მძიმედ დაშავდაო. უწმინდესს სურათი უთხოვია, მაჩვენეთ, რომელიაო. რომ უნახავს, უთქვამს, საავადმყოფოში წამიყვანეთო. კლინიკაში ხმა გავრცელდა, პატრიარქი მოდისო... სწორედ მაშინ, როცა რეანიმაციაში პროცედურა მიმდინარეობდა, კარი გაიღო და შემოვიდა მგალობლებთან ერთად. იმ წამს სიტყვები აღარ არსებობდა, დრო თითქოს გაჩერდა. მე დავიხარე ჩემი უგონო მეგობრისკენ და ჩავძახე: ნახე, პატრიარქი მოვიდა შენს სანახავად-მეთქი... მაშინ მოხდა ის, რასაც სრულად ვერანაირი სამედიცინო ლოგიკა ვერ ხსნის, მან თვალები გაახილა, მომაჩერდა გაოგნებული, მაგრამ სრულიად ცნობიერი მზერით. ამ დროს უწმინდესი მიუახლოვდა და ნაზად, მშვიდი ხმით ჰკითხა: "აბა, როგორ ხარ?" ბიჭმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ კომაზოტურ მდგომარეობაში იყო, უპასუხა: "გმადლობთ, თქვენო უწმინდესობავ, როგორ შეწუხდით... ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი, მე ვნახე, რომ თქვენთან ერთად მივდიოდი ისრაელში, გოლგოთაზე"... ეს აღარ იყო მხოლოდ სიტყვები, ეს იყო უფრო ღრმა - რწმენისა და სიცოცხლის შეხების წერტილი. უწმინდესმა გაუღიმა, პარაკლისი გადაუხადა, თავთან ხატი დაუბრძანა... ჩემი მეგობარი მესამე დღეს პალატაში­ გადმოვიყვანეთ, მეხუთე დღეს სახლში გაეწერა. ეს ამბავი საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ალბათ მეც ერთ-ერთ გადაჭარბებულ ისტორიად ჩავთვლიდი. დიდხანს არავის­ ვუყვებოდი. შეიძლება იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სასწაულები ზოგჯერ ხმამაღალ სიტყვებს კი არა, სიჩუმეს ითხოვენ.

- საოცარი ამბავია...

- იმ დღეს უწმინდესმა კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. როდესაც გაიგეს, პატრიარქი კლინიკაში მობრძანდებოდა, ქართველებს როგორც სჩვევიათ, მინისტრი და სხვა თანამდებობის პირებიც მოვიდნენ. მაშინ კლინიკის ხელმძღვანელი მარინა ღუდუშაური გახლდათ, პატრიარქის ბიძაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი­ ექიმის სახელით სარგებლობდა, ყველა იცნობდა, როგორც მკაცრ ხელმძღვანელს. ქალბატონი მარინაც კლინიკაში­ იმყოფებოდა. დათოსთან ერთად რეანიმაციაში იწვა ერთი ბიჭი, რომლის გვარიც აღარ მახსოვს. ის 5 დღით ადრე იყო შემოსული, ძალიან ბევრი მოტეხილობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და არანაირი სამედიცინო ლოგიკით ის ბიჭი ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო.­ უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, 27 წლის იყო, კლინიკასთან მისი ახლობლების ნაკადი არ წყდებოდა. უწმინდესმა ჩემი მეგობრის პარაკლისი რომ დაასრულა, მასთან მარინა მივიდა და სთხოვა, ახალგაზრდაა, უმძიმესი, უიმედო მდგომარეობა აქვს, იქნებ დალოცოთ, ძალიან წვალობსო... უწმინდესი შეწუხდა, მივიდა მის საწოლთან და კიდევ უფრო დიდი დრო მას დაუთმო.­ მაშინ ღუდუშაურის რეანიმაცია ქვეყანაში ნომერი პირველი იყო, ყველაზე მძიმე პაციენტები ჩვენთან მოჰყავდათ. პატრიარქმა ჩამოუარა ყველა პაციენტს, ყველასთან პარაკლისი გადაიხადა და წავიდა. იმ ღამეს არც ერთი არ გარდაცვლილა. მეორე დღეს კი იმ ბიჭის გული აპარატის გარეშე ამუშავდა და ადამიანმა სუნთქვა დაიწყო, ეს იყო ხილული სასწაული. 20 დღის შემდეგ ეტლით წაიყვანეს გერმანიაში სარეაბილიტაციოდ, მგონი არც ერთი ძვალი მთელი აღარ ჰქონდა. მისი მდგომარეობა გონებ­რივადაც სრულად აღდგა, რაც მედიცინისთვის წარმოუდგენელი იყო...

რაც შეეხება ჩემს მეგობარს, ამ ბიჭს შემდეგ ჯვარი პატრიარქმა დაწერა, მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ფეხზე როგორც კი ადგა, პატრიარქთან წავიდა, მასზე გიჟდებოდა, ისე უყვარდა, მერე ისრაელშიც ერთად იყვნენ.

ექიმი ვარ, ჩვენთვის ცნობილი იყო უწმინდესის დიაგნოზები. პარკინსონის დაავადება რომ ჰქონდა, ეს ყველასთვის თვალხილული იყო, ამის გარდა, კიდევ ორ ურთულეს დაავადებას ებრძოდა. როცა ტანდემში სამი რთული დაავადებაა, ამდენი წლის განმავლობაში­ სიცოცხლეც სასწაულის ტოლფასია. ერთხელ­ მისგან მოვისმინე: სადაც ეპი­სკო­პოსად ვეკუ­რთხე, იქ უნდა დავიკრძა­ლოო. სულ მქონდა განცდა,­ რაღაცისთვის ცოცხლობდა,­ რაღაცას ელოდებოდა. ვფიქრობდი, ეს საქართველოს გაერთიანება უნდა ყოფილიყო...

წაიკითხე ვრცლად