ეთერ ფაღავა - ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ქართული ფესვებით
ბალეტზე, ხელოვნების ამ არისტოკრატიულ დარგზე, სხვადასხვა შეხედულება დომინირებს: ერთნი ამბობენ, რომ იგი აზრსაც იმორჩილებს და გონებასაც, ან თავად გადაიქცევა აზრად, ფიქრად, მაგრამ არა ანალიტიკურად, არამედ ემოციურად. მეორენი კი ფიქრობენ, რომ “ბალეტი ანტიკური ბერძნული ცეკვის რეინკარნაციაა, ამიტომ მოცეკვავეები ფილოსოფიურად უნდა მიუდგნენ და ფილოსოფიურადაც იაზროვნონ”.ზემოთქმულთან ერთად, ემიგრანტ ეთერ ფაღავას მომავალი ბედიცა და პროფესიაც ქართულმა ფესვებმა და ბავშვობიდანვე მშობლიურმა მუსიკალურმა გარემომ განსაზღვრა.
მომავალი პრიმაბალერინას დედა ასმათ ჟორდანია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას ქალიშვილი გახლდათ, ხოლო მამა ლევან ფაღავა - 1924 წლის შეთქმულების მონაწილე. პატარა გოგონას შატოში, სადაც დედის მშობლები და საფრანგეთის ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი ბინადრობდა, ყოველდღე უცნაური მუსიკის ჰანგები ესმოდა. პარიზის ქართულ ემიგრაციის მუსიკალური მოთხოვნილებანი ქართული ქალაქური სიმღერებით იყო გამოხატული, რომელსაც უნიკალური ხალხური მრავალხმიანობით გამორჩეული “კრიმანჭული” ემატებოდა. მის უბადლო შემსრულებელ ვალოდია გოგუაძეს მთელი უფროსი თაობა აეყოლიებინა სოფლური სიმღერების შესრულებაში. მრავალრიცხოვან ქალაქურ სიმღერებსა და ორიგინალურ სასოფლო მრავალხმიანობას ავსებდა რეჯებ ჟორდანიას მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკაც. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ვაჟი პროფესიონალი მუსიკოსი გახლდათ. პარიზის კონსერვატორიაში ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კურსდამთავრებული, საკუთარ კომპოზიციებსაც ქმნიდა. იგი ემიგრანტთა შვილებს ქართულ ხალხურ ცეკვებს ფორტეპიანოზე შესრულებული საცეკვაო მელოდიებით ასწავლიდა. ამ მუსიკალურმა ფონმა, ბუნებრივია, ქართველი ემიგრანტი გოგონას მომავლის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი შეასრულა: “როდესაც პატარა ვიყავი, ვცეკვავდი, დედა მღეროდა და ბიძაჩემი რეჯები პიანინოზე უკრავდა...

6 წლის ეთერ fაRავა სერჟ ლიფართან ერთად სახელგანთქმული ბალერინის, მარია ტალიონის პორტრეტის წინ, ლუვრის მუზეუმშიმე შინაგან რიტმს აყოლილი ვცეკვავდი ყველგან, სახლსა თუ ქუჩაში. ერთხელ სამოენსში ვისვენებდით. როგორც ყოველთვის, ქუჩაში ვცეკვავდი. ჩემით დაინტერესებულ სოფლის მღვდელს დედაჩემისთვის უთხოვია, მონაწილეობა მიმეღო მის მიერ ორგანიზებულ დღესასწაულში. ალბათ, შემთხვევითობამ თუ ბედისწერამ განაპირობა, რომ აქ, ჩვენთან ერთად ისვენებდა მოცეკვავე სერჟ ლიფარის კონცერტმეისტერი, რომელმაც დედას ურჩია, წავეყვანე ცნობილ პარიზელ პედაგოგ ლიუბოვ ეგოროვასთან. ადრე იგი პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის ბალერინა იყო. ეგოროვა ლაროშფუკოს ქუჩაზე, პარიზის მე-9 რაიონში ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, პრინც ტრუბეცკოისთან ერთად. მათი დიდი დარბაზი გამოყოფილი იყო ცეკვის კლასებისთვის, სადაც მხოლოდ მოზარდებს იღებდნენ. როდესაც მივედით, მან დედას უთხრა: “მეტისმეტად პატარაა! მაგრამ რადგან აქ ხართ, მაჩვენოს, რას ახერხებს. ვიცეკვე, ქალბატონ ეგოროვას მოეწონა და მოწაფედ მიმიღო. აქედან დაიწყო ჩემი ჩართვა ბალეტში”. პატარა ეთერ ფაღავას სცენური ნათლობა 1944 წელს მოხდა და გაგრძელდა 1945 წლიდან ახალი “შანზ-ელიზეს ბალეტის” სცენაზე. 13 წლისამ მონაწილეობა მიიღო ბორის კოხნოს ლიბრეტოს მიხედვით კომპოზიტორ ანრი სოგეს, ქორეოგრაფ როლან პეტისა და მხატვარ ქრისტიან ბერარდის ერთობლივი ძალებით შექმნილ სპექტაკლში “ბაზრის კომედიანტები” (Les Forains). ამ სპექტაკლში შესრულებულმა პატარა აკრობატის როლმა სათავე დაუდო ეთერ ფაღავას ბრწყინვალე არტისტულ კარიერას. პარიზული პრესა მას სხვადასხვა ეპითეტით - “ბავშვი საკვირველება” და “პატარა ფაღავად” იხსენიებდა.