"სწამდა, რომ გამოძვრებოდა. განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო"
8 თებერვალს, დილის 5 საათზე, მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა. ის დიდი ხანი ებრძოდა ვერაგ დაავადებას. ბოლო დროს, თურქეთში მკურნალობდა. როგორც შევიტყვეთ, მისი ვაჟი, ლუკა უკვე გაფრინდა თურქეთში და სოსო ჯაჭვლიანს მალე ჩამოასვენებენ სამშობლოში. მას საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. 1958 წლის 5 ივნისს მესტიაში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.
“სვანეთში სახლი კი არა სახლები გვაქვს, ექვსი დედმამიშვილი ვართ... სვანეთზე ყველგან ისე ვსაუბრობ, ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, უშბის ძირას ცხოვრობსო... სამწუხაროდ, სვანეთში ხშირად ვერ ჩავდივარ და ამაზე ძალიან გული მტკივა. სვანეთის მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება, თორემ სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს", - ამბობდა ის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში.
ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, ამიტომ ყველას მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადებას ვერ მოერია. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ყველა იხსენებს მის მიერ შესრულებულ როლებს, რომელიც მართლაც დაუვიწყარია.

კახა ბასილია, მეგობარი:
- მე და სოსო დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბოლოს ორი კვირის წინ ვესაუბრე ტელეფონით, სტამბოლში იყო, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე. შემართებით იყო. ჩემთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი გულისტკივილია. შესანიშნავი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, სამწუხაროა, რომ საქართველოში სათანადოდ არ არიან დაფასებულები ასეთი ადამიანები. სიკვდილის შემდეგ იწყებენ მათზე საუბარს და მათ გაღმერთებას. სოსოს კიდევ ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა თავისი შემოქმედებით არამარტო კულტურაში, არამედ, სპორტში, მაგრამ მას ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთეს. ნერვიულობდა ძალიან და ძალიან განიცადა ის, რაც ბოლოს სპორტის სამინისტრომ გაუკეთა... ამას არ იმსახურებდა. კაცს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა დანიშნული მკლავჭიდში, საგარანტიო წერილი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისგან მიიღო, ფული დახარჯა, მედლები შეუკვეთა და ამ ყველაფრის მიუხედავად, გაუკეთეს ის, რაც გაუკეთეს. თან როგორ ადამიანს, რომელსაც ამ ხელისუფლების მოყვანაში ლომის წილი ჰქონდა. ხალხი სოსო ჯაჭვლიანს და მის მსგავს ადამიანებს ენდო. ჩვენი ყველა საუბარი ამით მთავრდებოდა, სულ ამბობდა, რომ გულნატკენი იყო. ბოლოსაც რომ ვესაუბრე, მაშინაც მითხრა, რომ ძალიან ნაწყენი იყო ამ ყველაფერზე.
რა უნდა ვთქვა, უსამართლობა და უნიჭოების ზეიმია საქართველოში, ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს უნდა დასრულდესო, მეტყოდა ხოლმე.