სტატია, რომელიც ტრამპს გააცოფებს - "პრეზიდენტი ზედმეტად გაუწონასწორებელი ხდება, პიტ ჰეგსეთს კი უკიდურესად ქრისტიანულ-ნაციონალისტური ხედვები აქვს" - კვირის პალიტრა

სტატია, რომელიც ტრამპს გააცოფებს - "პრეზიდენტი ზედმეტად გაუწონასწორებელი ხდება, პიტ ჰეგსეთს კი უკიდურესად ქრისტიანულ-ნაციონალისტური ხედვები აქვს"

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპს ირანთან ომში გამოსავალი აქვს“, რომლის ავტორია ტომას ფრიდმანი - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი. როგორც იგი აღნიშნავს, აშშ-მა და ისრაელმა თავიანთი ძალები კარგად ვერ გათვალეს და სათანადოდ ვერ შეაფასეს, როცა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ავტორის აზრით, დონალდ ტრამპი ახლა არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩავარდნილი, მაგრამ მას მაინც აქვს შესაძლებლობა, ერთი გამოსავლით ისარგებლოს - შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ირანისთვის მისაღები გარკვეული პირობების საფუძველზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თუ ადრე ეს კარგად არ იყო დაზუსტებული და საეჭვო იყო, ახლა უდავოა: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის წინააღმდეგ ომი ისე დაიწყეს, რომ იმედი ჰქონდათ, მას სწრაფად და იოლად დაამთავრებდნენ და ირანში მმართველ რეჟიმს შეცვლიდნენ. მაგრამ ისინი შეცდნენ.

მათ სწორად ვერ შეაფასეს ირანის დარჩენილი ლიდერების სიმტკიცე, მათი ამტანობა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი - ირანის ხელისუფლება არათუ არ დამხობილა, არამედ - ქვეყანა წინააღმდეგობის გაწევას აქტიურად განაგრძობს, ისრაელს და აშშ-ის არაბ მოკავშირეებს ზიანს აყენებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თეირანმა შეძლო მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო გზის - ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა.

სრუტეში ნავთობისა და გაზის ტანკერების მოძრაობის შეჩერებამ მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, მათ შორის - აშშ-ის საფონდო ბაზრებსაც. დონალდ ტრამპმა არ იცის, თუ როგორ დააღწიოს თავი ამ ხათაბალას, რომელშიც საკუთარი თავი თვითონვე ჩაიგდო - ომს რომ იწყებდა, შედეგებზე სერიოზულად არ ფიქრობდა.

საკმაოდ უხერხულია იმის ყურება, თუ როგორ აწყდება აქეთ-იქით აშშ-ის პრეზიდენტი და რას ლაპარაკობს. ხან ამბობს, რომ ირანის ცოცხლად დარჩენილი ლიდერები თითქმის ყველანი მის მოთხოვნას დაეთანხმნენ და რომ ომი დასასრულს უახლოვდება, რომ მან გაიმარჯვა. ხან აღიარებს, რომ არ იცის, თუ როგორ შეიძლება გათავისუფლდეს ჰორმუზის ყურე ირანის კონტროლისაგან. როგორც დონალდ ტრამპი ამტკიცებს, თუ დასავლელი მოკავშირეები - რომლებიც მან ომის წინ მოლაპარაკების ღირსადაც არ ჩათვალა - არ გაგზავნიან სპარსეთის ყურეში თავიანთ არმიას და ფლოტს და აშშ-ის ნაცვლად ყველაფერს არ გააკეთებენ, მაშინ ისინი ნავთობის გარეშე უარეს დღეში ჩაცვივდებიან, ამერიკას კი საკუთარი ნავთობი სამყოფი აქვს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ „გაანადგურებს“ (ეს მისი საყვარელი სიტყვაა!) ირანის სამრეწველო ბაზას და ზღვის წყლის გამატკნარებელ დანადგარებს, თუ თეირანი კაპიტულაციას არ გამოაცხადებს.

ყველასთვის უკვე აშკარაა, რომ თეთრი სახლის უფროსი, რომელსაც პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე შურის საძიებლად უნდოდა, უკვე [ზედმეტად] იმპულსური და გაუწონასწორებელი ხდება. მან ირგვლივ შემოიკრიბა ისეთი მრჩევლები, რომლებიც სიმპათიური გარეგნობის მიხედვით თვითონ შეარჩია და რომლებიც, შესაბამისად, მზად არიან, უფროსს თავიანთი ლოიალობა ზედმეტად დაუმტკიცონ, თვით კონსტიტუციის მოთხოვნების გადაჭარბებითაც კი.

გარდა ამისა, რესპუბლიკელების უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ყოველთვის მზად არიან, პრეზიდენტს კარტ-ბლანში მისცენ ყველა მოქმედებაზე, რაც საბოლოო ჯამში უპასუხისმგებლო და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს იწვევს, ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომების დაწყების ჩათვლით, თანაც ისე, რომ მას ამჟამადაც და სამომავლოდაც არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვს.

დონალდ ტრამპი არის „დიდი ბავშვი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიით თამაშობს. მისი მოქმედება ასანთით თამაშს ჰგავს იმ ოთახში, სადაც დენთის სავსე კასრი დგას.

დონალდ ტრამპის თანამოაზრეს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს კი უკიდურესად ქრისტიანულ-ნაციონალისტური ხედვები აქვს. გასულ კვირას მან პენტაგონში კოლექტიური ლოცვა ჩაატარა, რომლის დროსაც აშშ-ის არმიისათვის ვედრება აღავლინა - რათა ამერიკელმა სამხედროებმა „გამანადგურებელი დარტყმა მიაყენონ იმ ადამიანებს, რომლებიც შებრალებას არ იმსახურებენ... ჩვენ ამას მტკიცე სურვილით ვთხოვთ ყოვლისშემძლე იესო ქრისტეს“. ანუ გამოდის, რომ ამერიკელი ჯარისკაცები რელიგიური მებრძოლები არიან, რომლებიც ირანელების წინააღმდეგ ომობენ.

ეს ყველაფერი ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობას რომ არ ეხებოდეს და ირანი ყველაზე არასაიმედო ქვეყანა არ იყოს ახლო აღმოსავლეთში (რომლის დემოკრატიული გარდაქმნა მართლაც აუცილებელია საკუთარი ხალხისა და მეზობლებისათვის), მაშინ უბრალოდ დავჯდებოდი და თვალს სარკასტული ღიმილით მივადევნებდი, თუ როგორ იღებს დონალდ ტრამპი იმას, რასაც იმსახურებს.

მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ჩემი სამშობლოა, ხოლო ირანის ბირთვული პროგრამა - ის მუქარა, რომლითაც შეიძლება ბირთვული იარაღი მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდეს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, არა მარტო დონალდ ტრამპი, არამედ ჩვენ, ყველა, დამსახურებისდა მიხედვით ჩავვარდებით ცუდ დღეში.

რა ვქნათ, რა გავაკეთოთ?

დონალდ ტრამპმა უარი უნდა თქვას თავის 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომლის შესრულება შეუძლებელია და ამიტომ ირანს მხოლოდ 2-პუნქტიანი შეთანხმება უნდა შესთავაზოს: თეირანი უარს აცხადებს 430 კილოგრამ გამდიდრებულ ურანზე, რომლითაც უკვე ატომური ბომბის დამზადება შეიძლება, სამაგიეროდ კი, აშშ უარს ამბობს ქვეყნის მმართველი რეჟიმის შეცვლაზე. დიდი ალბათობით, ასეთ მოკლე და კონკრეტულ პუნქტებზე შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ცეცხლს შეწყვეტს, მეტად აღარ იქნება აშშ-ისა და ისრაელის შეტევები, ასევე, არ იქნება ირანისა და „ჰეზბოლას“ რაკეტები, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და, საბედნიეროდ, ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე ირანში სახმელეთო ოპერაციისათვის აღარ გაიწირება.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ირანის რეჟიმს ხელისუფლების შენარჩუნება ყველაზე მეტად სურს, ხოლო აშშ-სა და ისრაელს უპირველესად ის უნდათ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს“, - ამბობს პროფესორი ჯონ არკილა, ავტორი წიგნისა „ომის წარმოების საეჭვო ამერიკული წესები“, რომელიც მზად არის გამოსაცემად, - „ორივე მხარეს შეუძლია იმის მიღება, რაც მათ ყველაზე მეტად სურთ, თუ ისინი მზად იქნებიან მეორეხარისხოვან მიზნებზე უარის სათქმელად“.

აშშ-ისა და ისრაელისათვის „მეორეხარისხოვან“ მიზნად, ირანის მიერ გამდიდრებული ურანის მარაგის ლიკვიდაციის შემდეგ, არის ქვეყნის მმართველი რეჟიმის შეცვლა. თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ დონალდ ტრამპმა ეს მიზანი დღის წესრიგიდან ამოიღო და მასზე უარის სათქმელად ნიადაგს ამზადებს: ამ დღეებში მან თვითონ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რადგან ამერიკამ და ისრაელმა ირანს უკვე ათობით მაღალჩინოსანი ლიდერი გაუნადგურა, „სწორედ ეს არის რეჟიმის ცვლილება“ - „ირანის ამჟამინდელი ხელმძღვანელები სრულიად სხვა ადამიანები არიან, რომლებიც გონიერები აღმოჩნდნენ“.

რა თქმა უნდა, ასეთი ლაპარაკი დიდწილად სულელურად ჟღერს და მხოლოდ იმ ფაქტის შენიღბვას ემსახურება, რომ აშშ-მა და ისრაელმა თავიანთი შესაძლებლობები ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით სწორად ვერ შეაფასეს და ამისთვის მხოლოდ ავიაციას იყენებდნენ.

არის ცნობები, რომ დონალდ ტრამპის გუნდი პაკისტანის შუამავლობით, მოლაპარაკებას აწარმოებს ირანის პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაგერ-გალიფაბთან, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ ანუ კულისებს მიღმა არსებულ რეალურ ძალასთან. ირანის რეჟიმის დარჩენილ წარმომადგენლებს კი სრულიად მშვიდად შეუძლიათ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა - მათთვის მთავარია, როგორღაც სიცოცხლე შეინარჩუნონ.

რასაკვირველია, ბევრი პრობლემა მოუგვარებელი დარჩება, მაგრამ ასე ხდება ხოლმე, როცა ძალას დაუფიქრებლად გრძელვადიანი დაგეგმვის გარეშე იყენებ, რთული პრობლემის გადასაწყვეტად.

რთული პრობლემის სწრაფად და საბოლოოდ გადაწყვეტა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ამ დროს სიტუაციაზე მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი მოქმედებს. ისეც ხდება ხოლმე, რომ შედეგები კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, უარესიც და საკმაოდ მისაღებიც. პრობლემის ყოველი მხარე, თავისი არსით, უნიკალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტისათვის მზა იდეალური წესი არ არსებობს. გარდა ამისა, გადაწყვეტილებას თან სდევს ხოლმე შეუქცევადი შედეგები და როცა უკვე ნაბიჯს გადადგამ, მისი უკან გადმოდგმა იოლი არ არის. ალბათ, მართლაც ასეთნაირად შეიძლება განისაზღვროს ყველაზე უკეთესად ირანის პრობლემის არსი.

შესაძლოა, თავის დროზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ირანის პრობლემისადმი თავისი მიდგომა ზუსტად ასეთნაირად არ ჰქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ თეირანის მიმართ, თუ მის იმდროინდელ მოქმედებას დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ მან გააცნობიერა რამდენად რთული იქნებოდა „ირანის ამერიკულად მორჯულება“, ამიტომაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო: ყურადღება დაუთმო აშშ-ის საკვანძო მიზნების მიღწევის უზრუნველყოფას [ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას] და სხვა დანარჩენი ასპექტები შეარბილა.

ასეთი იყო ბარაკ ობამას მიერ 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანთან - ერთობრივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე საერთაშორისო კონტროლი მყარდებოდა. ასევე, ბარაკ ობამა შეურიგდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის ზრდას და თეირანის მხარდაჭერას ლიბანის, სირიის, იემენისა და ერაყის პროქსი-ძალების მიმართაც, რომლებიც, პრინციპში, აშშ-ისათვის მაინცდამაინც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ბარაკ ობამას მიერ ირანთან დადებული გარიგება მუშაობდა ისე, როგორც დაგეგმილი და მოსალოდნელი იყო. პრეზიდენტის პოსტიდან მისი წასვლის ჟამს ირანის ბირთვული პოტენციალი შეზღუდული რჩებოდა, რასაც საერთაშორისო ინსპექტორებიც ადასტურებდნენ. არსებული რეალური მდგომარეობა ნიშნავდა იმას, რომ თუ ირანი შეთანხმებიდან გასვლას გადაწყვეტდა, მას ერთ წელზე ნაკლები დრო დასჭირდებოდა ბირთვული ბომბისათვის შესაბამისი მასალების შესაქმნელად. ანუ დრო საკმარისი იქნებოდა, რათა დანარჩენ ქვეყნებს რეაგირების მოხდენა მოესწროთ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა 2018 წელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გავლენით, აშშ ცალმხრივი წესით გაიყვანა შეთანხმებიდან, მაგრამ ისე, რომ მას ეფექტიანი ალტერნატიული სტრატეგია არ შეუმუშავებია - ისეთი, რომ ირანს საკმარისი ურანი არ გაემდიდრებინა, ბირთვული ბომბის შესაქმნელად. რაც შეეხება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ის ცდილობდა დონალდ ტრამპის ნაბიჯის შედეგების გამოსწორებას, მაგრამ ირანის თანხმობის მიღწევა ვერ შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ: სკანდალური სტატია: "ტრამპი ირანთან ომს აგებს" - "თუ ამ ყველა უბედურების შემდეგ ჩვენ მაინც ახალი უბედურება გველოდება, მაშ, რისთვის დავიწყეთ ეს ომი?"

„ირანმა თავის გადარჩენის მიზნით, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ გააქტიურება დაიწყო" - Financial Times

ტრამპის პირადი მოძღვარი: "პრეზიდენტს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"

იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება ანუ რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული, ექვსი წლის განმავლობაში?!

როცა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მას არც მაშინ უზრუნია ირანთან დამოკიდებულების ალტერნატიული გეგმის შემუშავებაზე. დონალდ ტრამპის მიერ ბარაკ ობამას მიერ დადებული შეთანხმების დაუფიქრებელი დარღვევის შედეგად, ირანი თავის ბირთვულ პროგრამაში საკმაოდ წინ წავიდა და მას ბირთვული იარაღის შესაქმნელად ერთი წელი კი აღარ სჭირდებოდა, არამედ - მხოლოდ რამდენიმე კვირა. ომმა, რომელიც აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს, ირანის პრობლემის გადაწყვეტა ძალიან რთული გახადა. რატომ მიიყვანა საქმე ასეთ მდგომარეობამდე აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა?

ახლა ჩვენთვის აუცილებელია სიტუაციის მაქსიმალურად გამარტივება. ამერიკამ გარანტირებულად უნდა გამოაცხადოს, რომ ომს დაასრულებს, ირანის რეჟიმს ხელისუფლებაში დატოვებს, შეწყვეტს ქვეყნის ინფრასტრუქტურის დანგრევა-განადგურებას და თეირანს ნავთობის სანქციების ნაწილობრივ მოხსნასაც კი შესთავაზებს, თუ ირანი, თავის მხრივ, სადღაც დამალულ გამდიდრებულ ურანს და სხვა თანმდევ მარაგებს სრულად გაანადგურებს. სხვა ყველაფერი სამომავლოდ უნდა გადაიდოს. მხედველობაში ისიც არის მისაღები, რომ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდება, უფრო ყურადღებით მოახდინოს რეაგირება საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე.

ამ შემთხვევაში, ალბათ, დონალდ ტრამპს ძალიან გაუმართლებს, თუ ირანის რეჟიმის დარჩენილი ლიდერები მის [სავარაუდო] წინადადებას დათანხმდებიან. ახლა დონალდ ტრამპის ბედი სწორედ მათ ხელშია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტის არაკომპეტენტურობას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო