რა მოხდება, თუ ამერიკამ ნატო მიატოვა?!
რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომის ფონზე, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 1 500-მა დღე-ღამემ განვლო, ერთთვიანი ირანის ომი ჯერ სულ "ნორჩია", მაგრამ ბევრად უფრო გლობალურ კატაკლიზმებს იწვევს მსოფლიოში და ეს არ არის მხოლოდ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასების მნიშვნელოვნად გაზრდა, ირანის ომი დიდ ზეგავლენას ახდენს და მოახდენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უახლოეს მომავალზე.
მართალია, ნატო, ძირითადად, აღიქმება როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ალიანსი, თუმცა მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი, თურქეთი, უშუალოდ ესაზღვრება ირანს, სადაც ახლა საჰაერო ომი მიმდინარებს. მართალია, ამერიკული ავიაცია თურქეთის ტერიტორიიდან არ ბომბავს ირანს, მაგრამ ინჯირლიკის საჰაერო ბაზა, რომელზეც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებიც არიან განთავსებული, სავარაუდოდ, ლოჯისტიკურ დახმარებას უწევს ირანის წინააღმდეგ მოქმედ ამერიკულ საჰაერო დაჯგუფებას, ისევე, როგორც თურქეთში დაყენებული მძლავრი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი აკონტროლებს ირანის მთელი დასავლეთ ნაწილის თავზე საჰაერო სივრცეს და სტარტაღებული ირანული ბალისტიკური რაკეტების ადრეულ აღმოჩენას ახდენს.
სამაგიეროდ, ირანმა დღემდე ოთხჯერ გაუშვა ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცისკენ და მათი სავარაუდო სამიზნე სწორედ ინჯირლიკის საჰაერო ბაზაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო ძალები იყვნენ, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მოდრეიფე ამერიკული კრეისერებიდან ამოქმედებულმა "იჯისის" ანტისარაკეტო სისტემამ ოთხივე შემთხვევაში შეძლო ირანული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა ანტირაკეტების საშუალებით. ეს შეიძლება ჩაითვალოს ნატოს ერთგვარ ერთობლივ მოქმედებად ირანის წინააღმდეგ, თუმცა ეს არ აკმაყოფილებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ის თავის ჩვეულ არადიპლომატიურ სტილში კატეგორიულად მოითხოვს ნატოს წევრი ქვეყნების ჩართვას ირანთან ომში, რომელიც მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაჟინებული თხოვნითა თუ ზეწოლით წამოიწყო და რის თაობაზეც ტრამპს არც გაუფრთხილებია ნატოს დანარჩენი წევრი ქვეყნები.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი რომ ნატოს არ წყალობს, ეს ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ ამჯერად ის პირდაპირ ულტიმატუმს უყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ევროპულ ქვეყნებსა და კანადას, რომ მათ სამხედრო ხომალდები გაგზავნონ ჰორმუზის სრუტეში და გახდნენ პოტენციური სამიზნეები ირანის რაკეტებისა და ნაღმებისთვის. "თუ პასუხი არ იქნება, ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის. ჩვენ არ გვჭირდებოდა მათთვის დახმარების გაწევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილის დაშორებითაა, მაგრამ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან. არც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვერდით იქნებიან", - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების საკითხსაც: "უკრაინა ოკეანის მიღმა, ათასობით მილის მოშორებითაა, მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ. სულელი პრეზიდენტი გვყავდა, რომელმაც მათ 350 მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიიღო". მისი თქმით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ისეთი საბრძოლო მასალა გადასცა, რაც ახლა აშშ-ს სჭირდება. "ჩვენ ახლა საბრძოლო მასალას ვამზადებთ, რომელიც გვჭირდება, რადგან მან ბევრი რამ უკრაინას მისცა, ახლა კი ისინი საბრძოლო მასალას ყიდულობენ, რომელსაც მე ვყიდი. ამისთვის ფულს ევროკავშირი იხდის", - აღნიშნა ტრამპმა.
უკრაინის ცა სრულიად დაუცველი რომ არ დარჩენილიყო რუსული "ისკანდერებისა" და "კინჟალების" შეტევებისგან, ამოქმედდა PUღL-ის პროგრამა. "უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების ჩამონათვალის" პროგრამა ნატოს წევრმა ევროპული ქვეყნების ნაწილმა გასულ წელს აამუშავა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეუწყვიტა უკრაინას ამერიკული შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემა და ევროპაში შეგროვებული თანხებით ხდება ამერიკული საბრძოლო ტექნიკისა და მასალების შეძენა მსოფლიო ბაზრის ფასებით და შემდეგ უკრაინისთვის მიწოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა ნატოს საზღვაო ძალების განლაგება სრუტის გასახსნელად, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი გადის. ევროპულმა ქვეყნებმა თავდაპირველად უარყვეს მოთხოვნა იმ მოტივით, რომ ეს შეუძლებელი იყო აქტიური საომარი მოქმედებების დროს და რომ ეს მათი ომი არ იყო. ტრამპის მუქარის შემდეგ, რომ ის გამოვა ნატოდან, რომელიც უკრაინისთვის PUღL პროგრამის ფარგლებში იარაღის შეძენას ითვალისწინებდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ძირითად პარტნიორებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა. შედეგად, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც გამოთქვეს მზადყოფნა, დაეხმარონ გემებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას 35 ხელმომწერ ქვეყანასთან საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სრუტეში სამუშაოდ კოალიციის შექმნის შესახებ.
ანუ ნატოს წევრი წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები ერიდებიან არაპროგნოზირებადი პრეზიდენტ ტრამპის "გაცოფებას" და თანხმდებიან, გაგზავნონ თავიანთი სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში... ოღონდ, როდესაც იქ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება.
თუმცა პრეზიდენტ ტრამპის ასე მარტივად "გაცურება" რთულია, მან არაფრად ჩააგდო ნატოელი თანაალიანსელები და მათ არც შეუთანხმა, რომ ისრაელთან ერთად ირანზე საჰაერო დარტყმებს იწყებდა, მაგრამ ახლა თავისივე "გაფუჭებულის" გამოსწორება სურს ალიანსის ევროპელი წევრების დახმარებით და თუკი ეს არ მოხდება, ის აპირებს განიხილოს შეერთებული შტატების ნატოდან სრული გასვლის შესაძლებლობაც კი. აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსს "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა "გადახედვას არ ექვემდებარება": "ნატომ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის "ქაღალდის ვეფხვია" და სხვათა შორის, ეს პუტინმაც, იცის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მართალია, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ლიდერები ერთ წელზე მეტია ცდილობენ უფრო არ "გააღიზიანონ" ისედაც იმპულსური და არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი, მაგრამ ახლა თავს ისინიც ვეღარ იკავებენ მკვახე პასუხებისგან.
"თუ ნატოს მიმართ თქვენს ერთგულებას ყოველდღიურად ეჭვქვეშ აყენებთ, მაშინ მის არსს ძირს უთხრით", - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის მუქარას ამერიკის ნატოდან შესაძლო გასვლის თაობაზე, ხოლო პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ყველაფერს თავის სახელს არქმევს: "ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს".
მართლაც, მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ განვლილ ერთ წელში ტრამპმა ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რასაც მისი რუსი კოლეგა მანამდე მხოლოდ თუ ინატრებდა და მათ შორის უპირველესია ნატოს მომავლის ბუნდოვანება, თუკი ტრამპმა აშშ მართლაც გამოიყვანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობიდან, იმ ნატოდან, რომელსაც თავის უპირველეს მტრად მიიჩნევს პუტინი.
ასევე დაგაინტერესებთ: რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ირანისა და უკრაინის ომები
ოთხწლიანი საშინელი ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს - ზელენსკიმ სტალინის შეცდომა გაიმეორა?!
აი, ის ძირითადი მოგებები, რასაც რუსეთი ნახულობს და ნახავს ირანის ომის გაგრძელებისა და ტრამპის ნატოსთან შემდგომი დაპირისპირებების ფონზე: რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების მკვეთრი ზრდა; სრული არეულობა ნატოს შიდაურთიერთობებში; მსოფლიოს წამყვანი აშშ-ის არმიის უუნარობა, მიაღწიოს დასახულ რომელიმე მიზანს; ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დაწყება; ნატოს წევრი ქვეყნების კატეგორიული უარი ირანთან ომში მონაწილეობაზე, მიუხედავად მათი ალიანსის ვალდებულებებისა; რუსეთისთვის ზოგიერთი სანქციის მოხსნა.
77 წლის ნატოს უახლოეს მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება - მიაღწევს ის მე-80 წლისთავს, თუ დარჩენილ სამ წელში ტრამპი მოასწრებს აშშ-ის ოფიციალურად გამოყვანას ალიანსიდან, რაც, ფაქტობრივად, დაშლისკენ უბიძგებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და ამით პუტინს სანუკვარ ოცნებას აუსრულებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამერიკელი ექსპერტები უკვე განიხილავენ ასეთ პერსპექტივებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო|: "ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება" და მიუთითა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნატო დატოვოს დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ.
"არსებულ თავდაცვის სტრუქტურებში ცვლილების შეტანა შესაძლებელია იაპონიასა და ავსტრალიასთან, ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომლებიც მზად არიან ომში ჩასაბმელად, მაგალითად, ახალჩართულ გერმანიასთან ან პოლონეთთან, ან თუნდაც უკრაინასთან, რომელმაც ასევე კარგი მოკავშირეობა დაამტკიცა", - აღნიშნა კელოგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან აშშ-ის გასვლა, რომელიც ალიანსის დაარსების დღიდან მთავარ როლს თამაშობდა ამ საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების არსებობის პერიოდში, ხერხემალს გადაუტეხს ნატოს, თუმცა დააჩქარებს ახალი ევროპული თავდაცვითი სტრუქტურის შექმნას, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე, მაგრამ ბევრად სუსტი იქნება დასავლეთ მიმართულებაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაძლო დაწყების შემთხვევაში.