ოთხწლიანი საშინელი ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს - ზელენსკიმ სტალინის შეცდომა გაიმეორა?!
აი, დადგა 2026 წლის 24 თებერვალიც, შესრულდა ოთხი წელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. მაშინ, ოთხი წლის წინ, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას პუტინის რუსეთი დაესხა თავს უკრაინას (ფარულად რუსეთი უკრაინას 2014 წლის გაზაფხულიდან ეომებოდა პრორუსი სეპარატისტების ხელით, როდესაც ჯერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსია და დონბასის „აფეთქება“ მოახდინა), ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რადგან ძალების თანაფარდობა ისე განსხვავდებოდა, რომ აგრესორი რუსეთის სწრაფ გამარჯვებაში უმრავლესობას ეჭვი არც ეპარებოდა.
თავიდან სწორედ ასევე ფიქრობდნენ კრემლშიც და პუტინიც სწრაფი ბლიცკრიგის იმედზე იყო - უკრაინის დედაქალაქის სამ დღეში აღება, ზელენსკის ხელისუფლების ჩამოგდება და რუსი მარიონეტების დასმა, რაც უკრაინას გადააქცევდა რუსეთის ფედერაციის ვასალად. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა, უკრაინელებმა საოცარი გმირობა გამოიჩინეს და ოთხი წელია სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვიან რუს დამპყრობლებს მშობლიური მიწის თითოეული გოჯისთვის.
შეიძლებოდა თუ არა უკრაინა ამ ოთხი წლის წინ უფრო მომზადებული დახვედროდა რუსეთის სამხედრო შეჭრას და ომის პირველ ეტაპზე ასე ადვილად არ დაეთმო ქვეყნის სამხრეთის ის ნაწილი (ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი), რომელთა უკან დაბრუნებას ახლა ვეღარ ახერხებს?
პირდაპირ ვიტყვით, რომ ზელენსკიმ გაიმეორა სტალინის დიდი შეცდომა - 1941 წლის 22 ივნისის გამთენიამდე, როდესაც ჰიტლერის გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, სტალინს არ სურდა დაჯერება, რომ ჰიტლერი ამას გაბედავდა.სტალინს ჰქონდა ასეთი ფიქრის საფუძველი, რადგან იმ დროს გერმანია დიდ ბრიტანეთთან იყო ომში ჩაბმული და სტალინი, უბრალო ლოგიკიდან გამომდინარე, არ უშვებდა, რომ ჰიტლერი პარალელურად გაბედავდა თავისი ქვეყნისთვის მეორე ფრონტის გახსნას აღმოსავლეთით, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც.
საერთო ჯამში, ჰიტლერის გერმანიის დამარცხება 1945 წლის მაისისთვის, ძირითადად, სწორედ ამ ფაქტორმაც - ორ ფრონტზე დიდი ხნით ბრძოლის შედეგად გერმანიის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოფიტვამ გამოიწვია ანუ საბოლოოდ სტალინი მართალი აღმოჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ არ დაუჯერა სადაზვერვო ინფორმაციას, 1941 წლის 22 ივნისის თავდასხმა „გამოეპარა, რამაც მაშინ დიდი მსხვერპლი მოუტანა არმიასა და ქვეყანას.
2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას კი თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა და ზელენსკი ბოლო დღემდე არაფრით არ იჯერებდა, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას წამოიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ რეალური საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვები, რასაც ადასტურებდნენ მათი უკრაინელი კოლეგებიც. პრეზიდენტ ზელენსკის თურმე სისტემატურად აცნობებდნენ ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომიდან, რომ პუტინს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება უკრაინაში სატანკო არმადებით შეჭრის და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ყური არ ათხოვა ამ გაფრთხილებას და სხვას დაუჯერა.
ვინ იყო ეს სხვა?
The Guardian-ი ყოველდღიური ბრიტანული გაზეთია, რომელიც ორ საუკუნეზე(!) მეტია გამოიცემა და თავისი ავტორიტეტითა და პროფესიონალიზმით გამორჩეულია, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა მის ბოლო ჟურნალისტურ გამოძიებაშიც, რომელიც ოთხი წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების საიდუმლო წინა პირობებისა და კულუარული პოლიტიკური ქმედებების ანალიზს მოიცავს.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა 100-ზე მეტი ინტერვიუ ჩაიწერეს სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან, პოლიტიკოსებთან, სამხედროებთან, რათა სიცხადე შეეტანათ იმაში, შეიძლებოდა თუ არა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის თავიდან აცილება, და თუ ეს შეუძლებელი იყო, მაშინ უკრაინას შეეძლო თუ არა უფრო მომზადებული დახვედროდა აგრესორი რუსეთის თავდასხმას. ამ გამოცემის მტკიცებით, ამერიკულმა და ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ მიაწოდეს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი აუცილებლად დაესხმებოდა თავს უკრაინას, საფრანგეთისა და გერმანიის დაზვერვები კი, პირიქით, არ ადასტურებდნენ ამის შესაძლებლობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიეღო და საუკეთესო შემთხვევაში დროულად გამოეცხადებინა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა.
თუმცა The Guardian-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის გვერდით იყო ის გავლენიანი ფიგურა, რომელმაც ზელენსკი დაარწმუნა, რომ პუტინი მხოლოდ „იარაღს აჟღარუნებდა“ მათ დასაშინებლად და სინამდვილეში ვერ გაბედავდა დიდი ომის დაწყებას. და ეს პიროვნება ყოფილა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი; სწორედ ის ერმაკი, რომელიც 2019 წლის მაისიდან გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ზელენსკის აჩრდილივით თან დაჰყვებოდა, სანამ კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილად არ ცნეს და ზელენსკიც იძულებული შეიქნა გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.
ზელენსკი ერმაკს დიდად ენდობოდა და სწორედ მას მიანდო მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ომის დაწყებამდე. ერმაკს პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი ეკონტაქტებოდა და არწმუნებდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს არ დაიწყებდა.
ბრიტანელი ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორედ კოზაკის გავლენაში მოქცეულ ერმაკს დაუჯერა და არა ამერიკელი და ბრიტანელი მზვერავების გაფრთხილებას - ანუ არსებობს დიდი ეჭვი, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი შეიძლება რუსეთის „გავლენის აგენტი“ იყო, რომელსაც ზელენსკი ხშირად უჯერებდა.
ასეა თუ ისე, ფაქტია - იმის გამო, რომ უკრაინა, ფაქტობრივად, ნაკლებად მომზადებული შეხვდა რუსეთის თავდასხმას, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი თითქმის უბრძოლველად დაიკავეს მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან კოლონებით შეჭრილმა რუსმა ოკუპანტებმა, რაც დღემდე რჩება უკრაინის უდიდეს პრობლემად - უკრაინას რომ შეეჩერებინა ყირიმის ნახევარკუნძულის „ყელზე“ რუსული სატანკო არმადები, დღეს ფრონტის ხაზი 12 კმ-ში აღარ მიუახლოვდებოდა ზაპოროჟიეს და არც მელიტოპოლი, ბერდიანსკი და მარიუპოლი იქნებოდა ოკუპირებული.
ამასთან დაკავშირებით, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი სტატია, გამოქვეყნებული „"კვირის პალიტრის"“ 2022 წლის 21 თებერვლის ნომერში, სათაურით - "ომის დაწყების მექანიზმი გაშვებულია, ომი იქნება"-“რომელშიც ვწერდით:
„"..2014 წელს კრემლის ამ სცენარს ვერც უკრაინა გადაურჩა - მსხვერპლად ყირიმი გაიღო, დონბასში კი რვაწლიანი, ჯერჯერობით დაუსრულებელი შეიარაღებული კონფლიქტი მიიღო, რომელიც დღე-დღეზე (სტატია 19 თებერვალს დაიწერა და 21 თებერვალს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისას, შეიძლება რუსეთს უკვე დაწყებული ჰქონდეს უკრაინასთან ომი) დიდ ომში შეიძლება გადაიზარდოს, სადაც რუსეთი უკვე აშკარად იბრძოლებს, როგორც აგვისტოს ომში საქართველოსთან იბრძოდა.
უკრაინის საზღვრებიდან 20-30 კმ-ში უკვე თავმოყრილია რუსეთის არმიის უდიდესი სამხედრო დაჯგუფება, რომლის მსგავსი საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის განმავლობაში რუსეთს არ შეუკრებია - 190 ათასამდე შეიარაღებული ადამიანი (როგორც რუსეთის არმიის, საჰაერო-კოსმოსური ძალების, ფლოტის, ისე "როსგვარდიისა" და დონბასელი სეპარატისტების ჩათვლით) ათი ათასამდე მძიმე ჯავშანტექნიკითა და საარტილერიო დანადგარით, რამდენიმე ასეული თვითმფრინავითა და შვეულმფრენით, ათობით სამხედრო ხომალდითა და წყალქვეშა ნავით.
ახლა აღარ ისმის კითხვა, დაიწყებს თუ არა ომს პუტინი, ახლა მთავარი კითხვაა, რუსეთის არმია ოფიციალურად მხოლოდ დონბასში შეიჭრება, თუ უკრაინაზე ყველა მიმართულებიდან მიიტანს იერიშს, გადასხამს საზღვაო და საჰაერო დესანტს, "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტებით დაბომბავს უკრაინულ ქალაქებს, მათ შორის კიევს და შეიჭრება დედაქალაქში, რათა ოკუპირებული უკრაინის სათავეში მარიონეტული რუსული ხელისუფლება დასვას - ანუ მოხდება თუ არა ის, რასაც ჩვენ გადავურჩით 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მეხუთე დღეს, როცა რუსული ტანკები იგოეთთან, თბილისიდან ორმოციოდე კმ-ში გაჩერდნენ მოსკოვზე დასავლეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად.
დღეს ისეა დაძაბული რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა, რომ დასავლეთის თხოვნა-მოთხოვნა, რუსეთის არმია არ შეიჭრას უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის მმართველზე აღარ იმოქმედებს და თუკი კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ დიდი ომი მაინც წამოიწყო, პუტინი ყველანაირად ეცდება, საბოლოოდ "მოირჩინოს" მრავალწლიანი "თავის ტკივილი" და კიევში თავისი მარიონეტული მთავრობა დასვას, რომელიც დასავლეთს სათოფეზეც აღარ გაეკარება, რაც კრემლის მიერ ლუკაშენკოს "დაჩოქების" შემდეგ მოსკოვის უდიდეს გამარჯვებად შეიძლება იქცეს რუსეთის დასავლეთ მიმართულებაზე, ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან".
როგორც ხედავთ, მაშინდელი ჩვენი პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა და რუსეთი არათუ დაესხა თავს მეზობელ უკრაინას, არამედ მასთან ოთხწლიანი ფართომასშტაბიანი ომიც გამართა, რომლის დასასრული ჯერ არ ჩანს.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება ფრონტზე: "უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ...რუსები სულ გაგიჟდნენ" - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი
კონტროლი „დიდ ბირთვულ რაკეტებზეც“ შეწყდა - საით მიექანება მსოფლიო?
ახლა რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება, თუ როდის და რა შედეგით დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი? ერთი რამის პირდაპირ თქმა უკვე შეიძლება - სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში არ იმუშავებს და ომი უფრო სისხლისმღვრელი გახდება, სანამ ერთ-ერთი მხარე ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ისე არ გამოიფიტება, რომ მისთვის წამგებიან პირობებში ზავზე დათანხმდეს. ერთი შეხედვით, ეს გამოფიტვა უკრაინას უფრო ემუქრება, მით უმეტეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ყველანაირი უფასო სამხედრო დახმარება შეუწყვიტა უკრაინის არმიას და ერთგვარი მეორე „პოლიტიკური ფრონტიც“ კი გაუხსნა ოფიციალურ კიევს, როდესაც მისგან დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ნაწილის პუტინისთვის უბრძოლველად ჩაბარებას დაჟინებით მოითხოვს.
უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს ამ ომის კიდევ სამი წლით გაგრძელების პერსპექტივას და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ სამი წლის შემდეგ უმთავრდება პრეზიდენტობის მეორე ვადა ტრამპს და უკრაინაში იმედოვნებენ, რომ მას უკვე ისეთი პრეზიდენტი შეცვლის, რომლის პერიოდშიც აშშ ისეთივე დიდ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, როგორც ტრამპის პრეზიდენტობამდე იყო. მანამდე კი უკრაინა მხოლოდ ევროპის დახმარების იმედზეა, რომელიც საბაზრო ფასით ნაყიდ ამერიკულ იარაღთან ერთად საკუთარი წარმოების შეიარაღებასაც აწვდის უკრაინის არმიას, შეიძლება დაგვიანებით და არასაკმარისი რაოდენობითაც, მაგრამ ეს ჯერჯერობით ის მთავარი გამოსავალია, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს არ ჩამოეშალოს ფრონტის ხაზი და რუს ოკუპანტებს გაუძნელოს და დიდ დანაკარგად დაუსვას თითოეული იერიში.