"მისია შეუსრულებელია" ანუ ირანის ომის ანატომია - რისი მიღწევა შეძლეს ამერიკამ და ისრაელმა ამ მომენტისთვის?!
ბრიტანული გაზეთის -„ტაიმსის“ (The Times) საკვირაო ნომერ „სანდეი ტაიმსში“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ირანში დონალდ ტრამპის მიზნები მუდმივად იცვლება. რისი მიღწევა შეძლო აშშ-ის პრეზიდენტმა ამ მომენტისათვის?“ (ავტორი - ლარისა ბრაუნი). „თეირანის საცეცხლე ძალის განადგურებიდან რეჟიმის დამხობამდე: სტატიაში განვიხილავთ, თუ რამდენად მიაღწიეს აშშ-მა და ისრაელმა გაცხადებულ მიზნებს, რომლებიც მუდმივად იცვლება ომის განმავლობაში“, - წერს პუბლიკაციაში ჟურნალისტი.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
„წარმოიდგინეთ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მზე ჩადის და აგრილდა. თვითმფრინავთან მდგომ პილოტ ქალს ვესაუბრები. ვეკითხები, რა გჭირდებათ ირანთან საბრძოლველად-მეთქი. „მან ეშმაკური ღიმილით შემომხედა და მეუბნება: „მეტი ბომბი, სერ! უკეთესია, რაც უფრო ძლიერი იქნება!“. ხედავთ, ჩვენი დიდებული სამხედროები პირდაპირ მევედრებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ძლიერი ბომბი და მეტი სამიზნე ჰქონდეთ“, - თქვა პიტერ ჰეგსეტმა, აშშ-ის თავდაცვის (ომის) მინისტრმა, პენტაგონში გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაგრამ ომის დაწყებიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა, ომს კი დასრულების პირი არ უჩანს. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც: „ჩვენ ჯერ კიდევ ნახევარი გზა გვაქვს გასავლელი“. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ირანს ყველაფერი გაუნადგურა - ავიაცია, საზღვაო ფლოტი, სარაკეტო-გამშვები დანადგარები... ტერორისტული რეჟიმის ლიდერების ჩათვლით. ომი დასასრულს უახლოვდება“.
რამდენად შეესაბამება სინამდვილეს აშშ-ის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის მტკიცებები? რა მიზნები ჰქონდათ დონალდ ტრამპს და ბენიამინ ნეთანიაჰუს და რას მიაღწიეს?
ომი გეგმის გარეშე?
ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ 28 თებერვალს დაიწყო ისე, რომ ადმინისტრაციას მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად თავი არ შეუწუხებია - ან დაესაბუთებინა მისი აუცილებლობა, ან, უბრალოდ, სამიზნე ობიექტები მაინც მოენიშნა. შეიქმნა შთაბეჭდილება კონკრეტულად დიდი ბრიტანეთის მთავრობაში, რომ ომის საწარმოებლად არანაირი სიცოცხლისუნარიანი და მოფიქრებული გეგმა არ არსებობდა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სპეციალურად შემუშავებული გეგმის საჭიროება არ იყო - იმიტომ, რომ მისიის ამოცანა „კრისტალურად წმინდას“ წარმოადგენდა, ოპერაციის პირველი დღიდანვე: „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღის დაუფლების შესაძლებლობა უნდა წაერთვას. მან ირანელებს მოუწოდა, ესარგებლათ ისტორიული მომენტით და საკუთარი მთავრობა დაემხოთ. აი, ეს არის გეგმაც და ამოცანაც“.
თეთრი სახლის განცხადება მიანიშნებს, რომ ოპერაციის მინიმუმ ერთ-ერთ მიზანს ქვეყნის მმართველი ისლამური რეჟიმის შეცვლა წარმოადგენდა. შესაბამისად, ამით ირანის ხელმძღვანელობამ გაიგო, რომ მისი არსებობა სასწორზეა დადებული. „ასეთმა მოქმედებამ ირანელები შინაგანი წინააღმდეგობისათვის მოამზადა - ისინი გააფრთხილეს, რომ ფსონები ძალიან მაღალია“, - ამბობს მეთიუ სევილი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი.
ომის მიზნები დონალდ ტრამპმა და პიტერ ჰეგსეტმა მხოლოდ ორ მარტს დააკონკრეტეს, თუმცა მათ შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნა: ჰეგსეტმა დაასახელა, რომ განადგურდება ირანის სარაკეტო წარმოება, სამხედრო-საზღვაო ფლოტი და უსაფრთხოების სტრუქტურები, ასევე ირანს ბირთვული იარაღის დაუფლების შესაძლებლობა სამუდამოდ მოესპობაო, შემდეგ კი დონალდ ტრამპმა მეხუთე მიზანი დაამატა: „ირანი ვერასოდეს ვეღარ დააფინანსებს და შეაიარაღებს ტერორისტულ რეჟიმებს თავისი საზღვრების მიღმაო“. (...)
ამასთან, როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ჯასტინ კრამპი ამბობს, აშშ თავის მიზნებს წარამარა ცვლის: „დონალდ ტრამპი ომს ინსტინქტურად აწარმოებს. იგი გარემოცულია ისეთი მორჩილი ადამიანებით, რომლებიც მას ვერაფერს ურჩევენ და მზად არიან, მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები შეასრულონ. პრეზიდენტმა ასეთი სისტემა შეგნებულად შექმნა და ასეთი სიტუაცია მისი მოქმედების შეზღუდულობასაც ადასტურებს“.
განადგურდა თუ არა ირანის ჩვეულებრივი შეიარაღება...
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, აპრილის დასაწყისისათვის ირანში უკვე განადგურებულია 12300 სამიზნე, ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების, იარაღის მწარმოებელი და შემნახველი მიწისქვეშა ბუნკერების, ოპერატიული მართვის ცენტრების, ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარების, დრონების მწარმოებელი ქარხნების და სხვა დამხმარე ინფრატრუქტურის ჩათვლით. ამით ირანს წაერთვა საჰაერო, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების კოორდინაციის შესაძლებლობა, განადგურდა რადიოსალოკაციო სადგურებიც.
თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ირანი, მართალია, დასუსტდა, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა წინააღმდეგობის გაწევის უნარი. თეირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა არაბული მეზობელი ქვეყნების მიმართულებით და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა იქ დისლოცირებულ აშშ-ის ბაზებსაც. სხვადასხვა წყარომ განაცხადა, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული თავისი რაკეტებისა და დრონების არსენალის ორი მესამედი: „დაბომბვებით ბევრი გვირაბი და მიწისქვეშა საცავი დაინგრა და თან რაკეტებიც ჩამარხა, მაგრამ უფრო მეტი - გადარჩა“. გარდა ამისა, თეირანს აქვს შესაძლებლობა, „ფიზიკურად დაზიანებული რაკეტების ნაწილი აღადგინოს და საბრძოლო მიზნით გამოიყენოს“. უფრო მეტიც - ირანს არსენალში დარჩა ათასობით დრონი-კამიკაძე.
...და სამხედრო-საზღვაო ფლოტი?
დონაკლდ ტრამპის თქმით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მთლიანად განადგურებულია, მაგრამ თეირანი წარმატებით ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს. საიდან და რა საშუალებებით?
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მტკიცებით, ჩაძირულია და ძლიერ არის დაზიანებული ირანის 155 სამხედრო ხომალდი, ირანული პირველი ავიამზიდის - „შაჰიდ ბაგერის“ ჩათვლით, რომელიც თავდაპირველად კონტეინერმზიდი იყო, 2025 წელს კი დრონების გამშვებ ხომალდად გადაკეთდა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფს გადაეცა.
აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან გაშვებული რაკეტით შრი-ლანკის ახლოს, ინდოეთის ოკეანეში ჩაიძირა ირანის სამხედრო გემი „დენა“, რომელიც ბენგალის უბეში ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნებიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. დაიღუპა 80 ირანელი მეზღვაური.
დიახ, სარწმუნო წყაროების მონაცემებით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უდიდესი ნაწილი მართლაც განადგურებულია, მაგრამ როგორც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკ ჩაილზი ამბობს, ჩაძირული და დაზიანებული გემების სიაში არ შედიან ჩქაროსნული სარაკეტო კატერები და მცირე წყალქვეშა ნავები, ანუ საფრთხე მთლიანად მაინც არ არის ლიკვიდირებული. სწორედ ამიტომ აქვს ირანს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის უნარი და შესაძლებლობა.
დაეუფლა თუ არა აშშ ირანის ბირთვულ მარაგს?
გაურკვეველია, თუ რამდენად შორს წავა დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული მარაგის ხელში ჩასაგდებად, რომელიც, როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე საიდუმლო ადგილზეა, თანაც ერთად კი არა, არამედ - დანაწილებულია და სხვადასხვა რეგიონშია შენახული. ერთადერთი ბარიერი იმისთვის, რომ თეირანმა გამდიდრებული ურანი ატომური ბომბის შესაქმნელად არ გამოიყენოს, არის ის, რომ განხორციელდეს მასშტაბური სპეცოპერაცია და რადიოაქტიური მასალა თვითმფრინავით იქნას გამოტანილი.
სხვადასხვა მონაცემებით, ირანს ამჟამად 440,9 კილოგრამი გამდიდრებული ურანი აქვს, რომლის გამოყენებით, როგორც გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს - „მაგატეს“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ათზე მეტი ატომური ბომბი შეიძლება დამზადდეს.
განადგურდნენ თუ არა პროირანული რეჟიმები და ლიდერები...
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის -რუბენ სტიუარტის თქმით, ამჟამად ირანზე დამოკიდებული ახლოაღმოსავლელი მარიონეტები დასუსტებულები არიან, მათი ეფექტიანობა დაქვეითებულია, მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებენ ლოკალური შეტევების განხორციელების უნარებს. მაგალითად, იემენელი ჰუსიტებისა და ერაყელი მოლაშქრეების რაკეტული შეტევები ისრაელის წინააღმდეგ.
იემენელი ჰუსიტები აშშ-ისრაელისა და ირანის ომში მარტის ბოლოს ჩაერთვნენ, როცა მათ არაბეთის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი ნაწილიდან ისრაელისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, მაგრამ ამჟამად გაურკვეველია, რამდენად შორს წავლენ ისინი თავიანთი მოქმედებით. არის აზრი, რომ ჰუსიტებს განზრახული აქვთ წითელი ზღვის შესასვლელის - ბაბ-ელ-მანდების სრუტის ვიწრო ადგილის ჩაკეტვა და, შესაბამისად, ინდოეთის ოკეანიდან სუეცის არხისაკენ მიმავალი საზღვაო გზის გაკონტროლება. მათ მსგავსი მცდელობა ადრეც ჰქონდათ, როცა ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
რაც შეეხება „ჰეზბოლას“ - ლიბანში მოქმედ პროირანულ ისლამურ დაჯგუფებას: ისრაელი მას დიდი ხანია, ებრძვის პერმანენტული წარმატებით, თუმცა „ჰეზბოლა“ მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებს ტანკებს, დრონებს და სარაკეტო დანადგარებს.
ასევე დაგაინტერესებთ: სტატია, რომელიც ტრამპს გააცოფებს - "პრეზიდენტი ზედმეტად გაუწონასწორებელი ხდება, პიტ ჰეგსეთს კი უკიდურესად ქრისტიანულ-ნაციონალისტური ხედვები აქვს"
„ირანმა თავის გადარჩენის მიზნით, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ გააქტიურება დაიწყო" - Financial Times
ტრამპის პირადი მოძღვარი: "პრეზიდენტს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"
არსებობს თუ არა ირანის რეჟიმის დამხობის შესაძლებლობა?
აშშ-მა და ისრაელმა გაანადგურეს ირანის უზენაესი ლიდერი, რაქბარი აიათოლა ალი ხამენეი, აგრეთვე, მრავალი გენერალი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსანი - როგორც დონალდ ტრამპმა თქვა - „იმდენი დავხოცეთ, რომ ჩვენც აღარ ვიცით, ვის დაველაპარაკოთო“.
მაგრამ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ირანის ისლამური მმართველი რეჟიმი ჯერ მტკიცედ დგას ფეხზე. „რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მეტი უფლებამოსილება მიანიჭა ადგილობრივ სარდლებს, რომლებსაც იარაღის მნიშვნელოვანი მარაგი აქვთ და ავტონომიურად მოქმედება შეუძლიათ.
ექსპერტი მეთიუ სევილი ხაზს უსვამს, რომ რეჟიმმა [აშშ-ის თვალში] ლეგიტიმურობა დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს-ესაა დაეცემა. „ვთქვათ და კიდევ რამდენიმე წელი რომ გაძლოს?“, - რიტორიკული კითხვა დასვა მან.
ირანის წინააღმდეგობის მოძრაობის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მოჰამად მოჰადესინის თქმით, ჰაერიდან დარტყმებით მმართველი რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია: „ირანის ისლამური ხელისუფლების დამხობა მხოლოდ შიგნიდან, სახალხო აჯანყების გზით შეიძლება განხორციელდეს“. მაგრამ მოხდება აჯანყება? ირანში სამხედრო მდგომარეობაა და ადამიანებს სიკვდილით სჯიან, „ქანჩებს უჭერენ ოპოზიციის დასაშინებლად“.
დასკვნა:
აშშ-მა და ისრაელმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ირანის პოტენციალი, მაგრამ საბოლოოდ ჯერ ვერ გაანადგურეს: „ირანელები ჯერ კიდევ უშვებენ დრონებს და ბალისტიკურ რაკეტებს. ჩვენ „აბა, გამოიცანის“ ვთამაშობთ. ამ ეტაპზე მისია შეუსრულებელია“, - ამბობს მეთიუ სევილი.
რამდენადაც ომის მიზნები ყოველ საათში იცვლება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპმა, თითქოსდა, უკან დასახევი გზის ძებნა დაიწყო და შეუძლია, ნებისმიერ მომენტში განაცხადოს - „მისია შესრულებულიაო“, მაგრამ ომის შედეგები თავს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვახსენებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.thetimes.com/world/middle-east/article/what-progress-trump-objectives-iran-war-us-hwn0pwl6c