მსოფლიო ეკონომიკა ისევ ისრაელის ინტერესებს ეწირება?! - "ჰეზბოლას" დაბომბვის გამო ირანი ჰორმუზის სრუტეს არ ხსნის
გუშინდელი სიხარული, სპარსეთის ყურეში ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის თაობაზე, ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ირანმა არ გახსნა ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში და შესაბამისად, 15%-ით შემცირებული ნავთობის ფასი, ისევ ზემოთ ავარდა...
ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რის საფრთხეზეც ჯერ კიდევ გუშინდელ სტატიაში „ცეცხლი ორი კვირით შეწყდა - მართლა აპირებდა ტრამპი ირანის "ბოლო ჟამის" იარაღით დაბომბვას?!“ ვწერდით -„...ამას ემატება ისრაელის „გაჯიუტებაც“, რომელიც, ერთი მხრივ, უერთდება აშშ-ის ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტას, ირანის წინააღმდეგ, მაგრამ - არა ლიბანში, „ჰეზბოლას“ მიმართ, რაც ასევე გახლავთ თეირანის კატეგორიული მოთხოვნა.“მაშინ,როდესაც მსოფლიო ეკონომიკამ „ჩათვალა“,რომ მშვიდობამ დაისადგურა და „ამოისუნთქა“,ისრაელმა განსაკუთრებული სიძლიერის საჰაერო შეტევები განახორციელა ლიბანსა და მის დედაქალაქ ბეირუთზე-ისრაელის ასზე მეტ საჰაერო დარტყმას შეეწირა არანაკლებ 254 და დაიჭრა 1 165 ადამიანი და ვერავინ დაამტკიცებს,რომ ყველა მათაგანი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ შეიარაღებული წევრი იყო.
პირიქით, ბეირუთში,ისრაელის ბომბების პირდაპირი მოხვედრების შედეგად დანგრეულ კორპუსებში დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის შეიძლება ერთი თუ ორი მიეკუთვნებოდა „ჰეზბოლას“, დანარჩენები კი ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ...
თეირანი აცხადებს, რომ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც პაკისტანელი და თურქი შუამავლების დახმარებით იქნა მიღწეული აშშ-სა და ირანს შორის, ითვალისწინებდა ისრაელის თავდასხმების შეჩერებას ლიბანშიც, „ჰეზბოლას“ სტრუქტურებზეც და რადგან ეს არ მოხდა, ის არ აპირებს გახსნას ჰორმუზის სრუტე ტანკერების გასასვლელად.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით კი, შეერთებულ შტატებს არასდროს უთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი იყო ლიბანი-„ვფიქრობ, ირანელები ფიქრობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც მოიცავდა და ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება. ჩვენ არასდროს მიგვითითებია, რომ ასე მოხდებოდა“, - აღნიშნა ვენსმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანის საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი ისრაელის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმეორებითი დარღვევების გამო, ირანის დელეგაცია დღეს საღამოს ისლამაბადში სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჩადის, რომელიც ირანის მიერ შეთავაზებულ 10 პუნქტზე იქნება დაფუძნებული“, - წერს პაკისტანში ირანის ელჩი რეზა ამირი მოგადამი.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები პაკისტანის დედაქალაქში შაბათს გაიმართება. აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, ხოლო მასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იქნებიან.
ისლამადში შაბათს დაგეგმილ პირდაპირ მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი იქნება,რომელიც უკვე აკეთებს მნიშვნელოვან გაცხადებას -"ირან-აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები ნათელი და ცალსახაა: აშშ-მ უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, ორივე ერთად ვერ იქნება.
მსოფლიო ლიბანში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწმეა. ბურთი აშშ-ს მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს"
თავის პოზიციას აფიქსირებს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთიც, ოღონდ არა ვაშინგტონისა და ისრაელის სასარგებლოდ.
"გვსურს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც გავრცელდეს. გვსურს, რომ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს... გუშინ ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული დარტყმები რეგიონული სტაბილურობისთვის „დამაზიანებელი იყო“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა და სავარაუდოდ იგივე პოზიცია აქვთ საფრანგეთსა და გერმანიაშიც...
28 თებერვალს დაწყებული საჰაერო თავდასხმები ირანზე, ისევე,როგორც 2025 წლის ივნისის საჰაერო დაბომბვები, ყველაზე მეტად სწორედ ისრაელის ინტერესებშია , რისთვისაც ნეთანიაჰუმ შეძლო აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დაყაბულება ანუ ის, რაზეც მანამდე ხელი „არ მოაწერა“ არც ერთმა სხვა ამერიკელმა პრეზიდენტმა.
ასევე დაგაინტერესებთ: ირანის ცაში კატაპულტირებული ამერიკელი მფრინავების ძებნა-გადარჩენას ქართველის მოიერიშე და ორი "ჰერკულესიც" შეეწირნენ ...
რუსული "გერბერა" ქართულ სანაპიროსთან შავ ზღვამ "დაგვიანებით" გამორიყა...
ირანმა მართლაც ჩამოაგდო, ოღონდ არა მეხუთე თაობის ამერიკული "პინგვინი", არამედ - წინა თაობის "არწივი“
როგორ აღვიძებენ ფრენისას ჩაძინებულ რუს სამხედრო პილოტებს?
შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტა და ირანის(მითუმეტეს „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“) დაბომბვის შეჩერება სულაც არ შედის ნეთანიაჰუს მთავრობის სტრატეგიულ ინტერესებში...
ამიტომაც, მოსალოდნელია,რომ ისრაელი გააგრძელებს „ჰეზბოლას“ დაბომბვებს ლიბანში (მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გუშინდელი ძლიერ საჰაერო დარტყმებს „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიშით უპასუხა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით),ი რანი კი არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ჩაიშლება ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი ზავი, ნავთობის ფასი ისევ ზემოთ წავა და მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიც კიდევ უფრო გაღრმავდება...