საქართველო უნდა იცნობდეს 9 აპრილის ჯალათებს - 5 მაღალჩინოსანი, რომელიც სასჯელს გადაურჩა
დღეს დანაშაულსა და სასჯელზე ვისაუბროთ. მხედველობაში გენიალური რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოვსკის რომანი („დანაშაული და სასჯელი“) ნამდვილად არ მაქვს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელისგან თავის არიდებას და, ზოგადად, დაუსჯელობის პრობლემას შეეხება.
კარგად ცნობილი პარადოქსია, რომ ერთი ადამიანის მკვლელობა უმკაცრესად ისჯება, ხოლო ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის ჯილდოა დაწესებული. პირველი შემთხვევა უმძიმესი დანაშაულია, მეორე კი - სახელმწიფოს ინტერესების დაცვადაა მიჩნეული. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავი დაიცვას გარეაგრესიისგან და მტერ/ოკუპანტის თავდასხმისგან. საბჭოთა იმპერიის ისტორიაში ასეულობით შემთხვევა იყო, როდესაც სამხედრო დანაყოფები და სპეცსამსახურების სპეცრაზმები საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ: არბევდნენ და ხოცავდნენ, თუმცა პასუხი არავის უგია. ამ მხრივ საქართველოსთვის ორი თარიღია განსაკუთრებით საკრალური: 1956 წლის 9 მარტი და 1989 წლის 9 აპრილი. ერთი შეხედვით, ამ ორი ტრაგედიის საწყისი მიზეზი და მომიტინგე/დემონსტრანტთა მოთხოვნები სრულიად სხვადასხვა იყო, თუმცა მათ ერთი მთავარი მოტივი - ერის ღირსების დაცვა აერთიანებთ.
საბჭოთა იმპერიის აგონიის პერიოდი 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო და „კრემლი“ ცდილობდა, ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით არ დაეშვა იმპერიის რღვევა. კომუნისტური რეჟიმი არ ერიდებოდა საკუთარი მოქალაქეების მკვლელობასაც, თავად ამ დანაშაულის შემსრულებლებს კი დაუსჯელობის სრული გარანტია ჰქონდათ მიღებული. ამიტომ იყო, რომ ალმა-ათის, თბილისის, ბაქოს, დუშანბესა და ვილნიუსში მოწყობილი მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტისთვის არავინ დასჯილა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ საკმაოდ დეტალურად ადრე უკვე ვისაუბრე, ახლა კი მინდა, იმ კონკრეტულ დამნაშავეებზე გავამახვილო ყურადღება, ვისაც ამ ტრაგედიაში მიუძღვის წვლილი. სამწუხაროდ, დღემდე საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ ჩაუტარებია გამოძიება, რათა დადგენილიყო, როგორც ქვეითის ხელბარის, ასევე მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანების გამცემების, ასევე, კონკრეტული შემსრულებლების გვარები. 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა „პროპაგანდისტულმა მანქანამ“ მორიგი ლოზუნგი შექმნა: „ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს“, ამის შემდეგ ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო მოწინავე მუშა-კოლმეურნეების ფოტოებით. ჩვენს შემთხვევაში კი, ამ ლოზუნგის პერიფრაზირება შეიძლება ამგვარად მოვახდინოთ: „საქართველო უნდა იცნობდეს 9 აპრილის ჯალათებს“.
შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ 9 აპრილს საბჭოთა იმპერიის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთეული შემთხვევა არ იყო და სისტემური ხასიათი ჰქონდა. 1990 წლის იანვარს ბაქოში, იმავე წლის თებერვალში -ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ხოლო 1991 წლის იანვარში - ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ასევე, დაარბიეს და სისხლში ჩაახშეს მშვიდობიანი მიტინგები. დანაშაულის ჩადენის, კვალის დაფარვა/წაშლის სცენარი და რეჟისორ-შემსრულებლები ყველგან ერთი და იგივენი იყვნენ.
დავალება საბჭოთა იმპერიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ჩინოვნიკებიდან მოდიოდა, რომლებიც რეჟიმის შესანარჩუნებლად და თავისუფალების მოსურნე „მოკავშირე რესპუბლიკების“ სამაგალითოდ დასასჯელად სისხლის დასაღვრელადაც მზად იყვნენ. საბჭოთა არმიის სადესანტო დანაყოფები, საბჭოთა კავშირის შსს-ის განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილები და კა-გე-ბეს სპეცრაზმები („ალფა“ და „ვიმპელი“) დაუნდობლად წამლავდნენ, ჩეხდნენ და ხვრეტდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. დანაშაული კვალის წაშლა/დაფარვა კი საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურას ევალებოდა. „დანაშაულის ანატომია“ ამგვარი იყო: კომუნისტური პარტია ავალებდა - „ძალოვნები“ ასრულებდნენ - გენერალური პროკურატურა კვალს შლიდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას ქართველმა ექიმებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. მედპერსონალი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა, რათა მშვიდობიანი მომიტინგეები გადაერჩინა. ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამლულ და მძიმე ტრავმებით დაშავებულ ასობით ადამიანს ისინი სიცოცხლის ფასად, გავეშებული სპეცრაზმელების მუქარისა და ხელისშეშლის მიუხედავად, ადგილზევე უწევდნენ პირველად დახმარებას, შემდეგ კი საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.
ამავე დროს, იყვნენ ქართველი ექიმები, რომლებიც „სიმართლის ფრონტის“ წინახაზზე იდგნენ, თუმცა მათი თავდადება ჯერ კიდევ არაა სათანადოდ დაფასებული. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი ქართველი პათოლოგანატომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი-კორესპონდენტი, 1980-2000 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგანატომი, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წევრი, პროფესორი თამარ დეკანოსიძე (1922-2008) გახლდათ.

პროფესორი თამარ დეკანოსიძე
თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი ცდილობდა, 9 აპრილის ტრაგედიის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების შედგენა ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცია. 9 აპრილის მოვლენების შემდეგ თბილისში დაღუპულთა გარდაცვალების მიზეზი გახდა სერიოზული პოლიტიკური და სამედიცინო დაპირისპირების საგანი. „კრემლს“ სურდა, რომ გარდაცვალების მიზეზების საბოლოო ვერსია მას განესაზღვრა, რათა დაემალა ძალადობისა და ქიმიური ნივთიერებებით მოწამლვა-გარდაცვალების ფაქტები. მოსკოვში ცდილობდნენ ისეთი დასკვნების შედგენას, რომელიც შეამცირებდა სამხედროებისა და მილიციის სპეციალური დანაყოფების პასუხისმგებლობას (არც ერთ დოკუმენტში ნახსენებიც კი არ იყო 9 აპრილის ტრაგედიაში კა-გე-ბეს სპეცრაზმების: „ალფასა“ და „ვიმპელის“ მონაწილეობის ფაქტი). ამიტომ აქცენტი კეთდებოდა არა პირდაპირი ძალადობის ან სპეცსაშუალებების შედეგად გარდაცვალებაზე, არამედ - უბედურ შემთხვევაზე - ასფიქსიაქსიაზე, რაც ვითომდა, მხოლოდ ჭყლეტის შედეგი იყო. როგორც ქართველ, ასევე - „ცენტრის“ მიერ დანიშნულ ექსპერტებზე ხორციელდებოდა დიდი ზეწოლა, რათა მათ შეეცვალათ ან შეერბილებინათ დასკვნები.
ამიტომ იყო, რომ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, თავიდანვე არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავება თბილისისა და „ცენტრის“ სამედიცინო-საექსპერტო შეფასებებს შორის, კერძოდ: სიკვდილის გამომწვევი უშუალო მიზეზების განსაზღვრა. ქართველი პათოლოგანატომები მიუთითებდნენ მრავლობით ტრავმებზე (თავისა და გულმკერდის არეში, ასევე, შინაგანი ორგანოების დაზიანებას), რაც არა ჭყლეტის, არამედ პირდაპირი ძალადობის (ცემის, მძიმე საგნებით ზემოქმედების) შედეგი იყო და რაც რიგ შემთხვევებში, გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახდა. „ცენტრის“ მიერ შერჩეული ინსტიტუტ/ლაბორატორიები და ექიმები კი ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილის მიზეზი არა მიზანმიმართული ძალადობა, არამედ - ჭყლეტის შედეგად გამოწვეული ასფიქსია (დახრჩობა) იყო.
დიდი დაპირისპირება გამოიწვია მომწამლავი ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტმაც. თავიდან „ცენტრი“ საერთოდ უარყოფდა ამას, შემდეგ კი ცდილობდა, რომ ეს გარემოება მეორეხარისხოვნად მიჩნეულიყო. 1991 წლის 2 მარტს სსრკ-ის გენერალურმა პროკურორმა ნ. ტრუბინმა საინფორმაციო წერილი („1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი მოვლენების გამოძიების შედეგების შესახებ“) გაუგზავნა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომელიც, ასევე, სსრკ-ის სახალხო დეპუტატებს დაურიგდათ დარბაზში (!). დოკუმენტში ვკითხულობთ:
„სსრკ-ის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტთა კომისიამ უარყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პათოლოგის, თ. დეკანოსიძის დასკვნები, რომ 12 მსხვერპლის გარდაცვალება გამოწვეული იყო ტოქსიკური ნივთიერებების ინჰალაციით. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეკანოსიძე, ჰისტოლოგიური ნიმუშების შესწავლისა და ექსპერტის დასკვნის წარდგენისას, მიკერძოებული და არასწორი იყო კვლევის შედეგების შეფასებისას, რაც ეწინააღმდეგებოდა ობიექტურ მონაცემებს, ეთიკასა და ექსპერტის კომპეტენციას.

ნიკოლაი ტრუბინი
სამედიცინო-ქიმიურმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ 1989 წლის 9 აპრილს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მიერ ადგილზე 30 ერთეული ХАФ-მა (ანუ „ჩერიომუხა“ – ბ.ა.) და CS ქიმიური აგენტების გამოყენებამ არ შექმნა ამ ნივთიერებების ისეთი კონცენტრაცია, რომელსაც შეეძლო სასიკვდილო დაზიანებების გამოწვევა» (ციტატის დასასრული).
ალბათ, წარმოიდგენთ: თუ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი საჯაროდ სდებდა ბრალს ქართველ ექიმს „ობიექტური მონაცემების გაყალბებაში“, მანამდე კულისებსა და კაბინეტებში როგორი მცდელობა იქნებოდა, რომ ქალბატონ თამარ დეკანოსიძეს დასკვნა შეეცვალა ან შეერბილებინა მაინც. თუმცა მან სამარცხვინო კომპრომისებს, ბოლომდე სიმართლის გზით სიარული არჩია.
„სობჩაკის კომისიის“ მიერ მომზადებული ანგარიში იმ პერიოდისთვის მეტ-ნაკლებად ობიექტური გახლდათ, ამავე დროს, ის იყო პირველი ოფიციალური საბჭოთა დოკუმენტი, რომელიც დაუფარავად აკრიტიკებდა არმიასა და სამხედრო სარდლობას, ასევე, პარტიულ ხელმძღვანელობას (ძირითადად, საქართველოს პარტიულ აპარატს, უპირველესად - ჯ. პატიაშვილსა და ბ. ნიკოლსკის) და მათ ტყუილსა და კანონის დარღვევაში ადანაშაულებდა. კომისიის გამოძიების შედეგები სსრკ-ის გენერალურ პროკურატურას წარედგინა რეაგირებისთვის, თუმცა შედეგი სრულიად საპირისპირო მივიღეთ. გთავაზობთ კიდევ ერთ ამონარიდს საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის, ნიკოლაი ტრუბინის წერილიდან:
„სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მასალის ანალიზის საფუძველზე, გამოძიებამ გონივრულად დაასკვნა, რომ აქციის ჩახშობის გადაწყვეტილების მიმღებმა თანამდებობის პირებმა და ოპერაციის ხელმძღვანელებმა ვერ განჭვრიტეს და ობიექტურად ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სამხედრო მოსამსახურეები ასეთ ორგანიზებულ და ხისტ წინააღმდეგობას და მისგან გამოწვეულ მძიმე შედეგებს წააწყდებოდნენ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბჭოთა არმიის თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დანაშაულებრივი საქმიანობის არარსებობის გამო. ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამიტომ, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ყველა შედეგი, მათ შორის - უდანაშაულო მსხვერპლთა დაღვრილი სისხლი, მთლიანად ეკისრებათ უკანონო პოლიტიკური აქციის ორგანიზატორებს, რომელთა ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც მასობრივი არეულობის ორგანიზება და ეთნიკური სიძულვილისა და შუღლის გაღვივება.
მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსრ პროკურატურამ დაუსაბუთებლად შეწყვიტა, რადგან იმ დროს სიტუაცია, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. თუმცა, უსაფუძვლო გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და ახლა სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენა ამ საქმეში, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა, საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური ვითარების გამო“(ციტატის დასასრული).
საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურა ცინიკურად ამტკიცებდა, რომ 9 აპრილს ადამიანების გარდაცვალებაში დამნაშევეები, არა საჩვენებელ-სადამსჯელო ოპერაციისთვის „ცენტრის“ მიერ შერჩეულ/გამოგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები, არამედ - თავად აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ყოფილან. ნ. ტრუბინი იმასაც ჩივის, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსრ პროკურატურამ დაუსაბუთებლად შეწყვიტა და „სამართლიანობისა და კანონიერების“ აღდგენა ახლა უკვე ვეღარ მოხერხდებაო.
1991 წლის აგვისტოს ბოლოს „გეკაჩეპეს“ აქტიური მხარდაჭერისთვის სსრკ-ის უზენაესმა საბჭომ ნ. ტრუბინი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. სამწუხაროდ ის გადაურჩა იმ დამსახურებულ სასჯელს, რასაც 9 აპრილის რეალური ფაქტების გაყალბების გამო იმსახურებდა. ასევე დაუსჯელი წავიდა ამ ქვეყნიდან 1983-1990 წლებში სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი ეგორ ლიგაჩოვი, რომელიც იდეოლოგიურ

ეგორ ლიგაჩოვი (1920-2021)
საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და, ფაქტობრივად, პარტიაში მეორე პირი იყო, მიხეილ გორბაჩოვის შემდეგ. სწორედ ე. ლიგაჩოვის ხელმძღვანელობით ჩატარდა 1989 წლის 7 აპრილს მოსკოვში თათბირი, სადაც მშვიდობიანი მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

დიმიტრი იაზოვი (1924-2020)
სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ასევე გადაურჩა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი 1987-1991 წლებში - დიმიტრი იაზოვი, რომელმაც პირადად გასცა ბრძანება სადამსჯელო სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ.
ასევე დაგაინტერესებთ: საქართველო "შორეული" მტრები ანუ რას ერჩიან ჩვენს ქვეყანას ზიმბაბვე, სუდანი, ეკვატორული გვინეა და მალი?!
საგანგაშო ინფორმაცია - რას გეგმავდა აზერბაიჯანში "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“?!
უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლის გამო, სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა 9 აპრილის მთავარი ჯალათი იგორ როდიონოვი. ბევრის მეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, ი. როდიონოვი 1996-1997 წლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო. ესეც „მუდამ ფხიზელი“ ბორის ელცინის „დიდ

იგორ როდიონოვი (1936-2014)
დემოკრატობაზე“ მეტყველებს. ასევე, დაუსჯელი წავიდა იმქვეყნად კა-გე-ბეს მაშინდელი შეფი, დიდი გაიძვერა ვლადიმერ კრუჩკოვი, რომელიც „სობჩაკის კომისიას“ უმტკიცებდა,

ვლადიმერ კრუჩკოვი (1924-2007)
მხოლოდ 9 აპრილის დილას შევიტყვე მიტინგის დაშლის ოპერაციის შესახებო. ამ დროს კი მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სპეცრაზმები „ალფა“ და „ვიმპელი“, რომლებიც მის გარეშე საწვრთნელ ბაზასაც კი ვერ დატოვებდნენ, უკვე 7 აპრილს თბილისში იყვნენ და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გეგმებს ადგენდნენ.
სამწუხაროდ, საბჭოთა იმპერიის ისტორიას 1989 წლის 9 აპრილამდე და მის შემდეგაც ბევრი დანაშაული და დამნაშავე ახსოვს, დაუსჯელად რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. დღეს ჩვენი დიდი ტრაგედიის მხოლოდ მთავარი ორგანიზატორების ერთი ნაწილი წარმოგიდგინეთ, შემდეგ კი უშუალო შემსრულებლების შესახებ ვისაუბროთ.