პუტინის შოკი და ტრამპის მარცხი - უნგრული სენსაციის ეფექტი
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის ისტორიისა და დღევანდელობის შესახებ ჩვენს ბლოგში სტატიების ციკლი გამოვაქვეყნე. ნამდვილად არ მეგონა, თუ მსოფლიოში მიმდინარე რთული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე, უნგრეთს მალევე მივუბრუნდებოდი. ამის მიზეზი კი 2026 წლის 12 აპრილს ამ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გახდა, სადაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, ხოლო პარტიის ლიდერი პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრობის მთავარი კანდიდატია.
ეს მართლაც რომ დიდი სენსაციაა, რადგან „პოლიტიკური გველეშაპის“, ვიქტორ ორბანის დამარცხებას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. იმიტომ, რომ წლების მანძილზე ორბანს ღიად და ფარულად მხარს უჭერდნენ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობა მოსკოვთან პრაგმატული თანამშრომლობისთვის მზადაა და თუ ვლადიმერ პუტინი დამირეკავს, ზარს ვუპასუხებ. თუმცა, არა მგონია, ეს მოხდეს. თავად მე კი არ დავურეკავო.
ბუნებრივია, მოსკოვში გულდასმით აკვირდებიან უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს და ამიტომაც იყო, რომ პეტერ მადიარის სიტყვებს პუტინი ხელისუფლების ძალზე სწრაფი, ჩემი აზრით, არაგონივრული და გაბრაზებული პასუხი მოჰყვა. გუშინ საღამოს „კრემლმა“ ოფიციალურად გამოაცხადა უნგრეთი არამეგობრულ ქვეყნად და გადაწყვიტა, არ მიულოცოს „პოლიტიკური პარტია „ტისას“ ლიდერს - პეტერ მადიარს გამარჯვება. თუმცა ის მზადაა, მასთან „პრაგმატული თანამშრომლობისთვის“.
არ გაინტერესებთ, თუ რატომ გახდა უცბად, ერთ დღეში უნგრეთი რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა? პუტინის პროპაგანდა ამგვარად ასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას: თურმე, ვიქტორ ორბანი რუსეთის მოკავშირე არასდროს ყოფილა, იმიტომ, რომ მას არ მოუთხოვია... უნგრეთის ნატოდან გასვლა; თურმე, უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს და თურმე, ვიქტორ ორბანს არ მოუთხოვია რუსეთისადმი არამეგობრულად განწყობილი ევროკავშირის დატოვება. რა შეიძლება ითქვას ამ თვითლუსტრაციაზე? ვფიქრობ, პუტინის ხელისუფლება მძიმე შოკშია მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო პარტია „ფედესი“ დამარცხდა, ხოლო ოპოზიციურმა „ტისამ“ გაიმარჯვა.
„კრემლი“ვიქტორ ორბანის დამარცხებას კიდევ აიტანდა, პეტერ მადიარის პარტიას ძალზე დამაჯერებელი გამარჯვება და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ არ მოეპოვებინა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსული მასმედია უკვე არ გამორიცხავდა ორბანის შესაძლო დამარცხებას, თუმცა - არა ასე სამარცხვინოდ: დათვლილია ბიულეტენების 99% და 199 სადეპუტატო მანდატი ამგვარად განაწილდება: 138 მანდატი „ტისამ“, 55 მანდატი „ფიდესმა“ ( წინა არჩევნების შემდეგ დაკარგა 80 მანდატი) და 6 მანდატი ულტრამემარჯვენე „ჩვენმა სამშობლომ“ მოიპოვა. ახალ მთავრობას აქვს შესაძლებლობა: შეცვალოს კონსტიტუცია და სასამართლო სისტემა, ასევე, გადახედოს უნგრეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც გულისხმობს: ევროკავშირთან დაახლოებას, ფორინტის ევროთი ჩანაცვლებას, „გაყინული“ 18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების მიღებას, ასევე, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას და ა.შ.

ფოტო: ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი
გაგახსენებთ, რომ 2010 წლიდან დღემდე ევროპაში ვლადიმერ პუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ვიქტორ ორბანი იყო: ის ბლოკავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას; იმეორებდა რუსულ ნარატივებს, რომ „ნატოს ომი სურს“, „ევროკავშირი ახალი იმპერიაა“ და ა.შ. „კრემლიც“ კულისებიდან, სპეცსამსახურების საშუალებით ეხმარებოდა ორბანს: ავრცელებდა დეზინფორმაციას, ვითომდა, „ტისა“ პროუკრაინული პარტიაა; პეტერ მადიარის გამარჯვების შემთხვევაში, უნგრეთი ჩაერთვება რუსეთთან ომში და ა.შ. რუსი პოლიტტექნოლოგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნგრეთის ჯერჯერობით მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ მისი მარცხი სრულიად მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზია პუტინისთვის.
უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა მძიმე მარცხი აღმოჩნდა თეთრი სახლისთვისაც. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ვაშინგტონსა და ბუდაპეშტს შორის სერიოზული დაძაბულობა არსებობდა და ვიქტორ ორბანს ხშირად აკრიტიკებდნენ, როგორც უკრაინის ომში პრორუსული პოზიციის და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაბლოკვის, ასევე, თავად უნგრეთში სასამართლოსა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. 2024 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპის გამარჯვება დიდი შვება აღმოჩნდა ვიქტორ ორბანისთვის: ის წინასწარ ზეიმობდა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას და ხელისუფლების სათავეში, სულ მცირე, 2030 წლამდე დარჩენას. მით უფრო, როცა „მეგობარი დონალდიც“ სრულ მხარდაჭერას ჰპირდებოდა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ნათელი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო ნორმებისა დიპლომატიური სტანდარტების უხეში დარღვევით, უშუალოდ ერეოდა უნგრეთის საშინაო საქმეებში. ჯერ „კავალერია“ გამოჩნდა ბრძოლის ველზე: 2026 წლის 16 თებერვალს ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა.

ფოტო: მარკო რუბიო და ვიქტორ ორბანი
ორბანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუბიომ განაცხადა, რომ უნგრეთი და აშშ ურთიერთობების „ოქროს ხანაში“ შედიან, რაც არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დაახლოების, არამედ -უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დამსახურებაც არის. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესებულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წარმატებით, რადგან ორბანის ლიდერობა და ტრამპთან მისი კარგი ურთიერთობა გადამწყვეტია შეერთებული შტატებისთვის - თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებააო. მარკო რუბიოს არც გულუხვი დაპირებები დავიწყნია: თუ ფინანსურ სირთულეებს და ეკონომიკური ზრდის დაბრკოლებებს წააწყდებით, თუ თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეექმნება, პრეზიდენტი ტრამპი თქვენს გვერდით გაჩნდებაო. ამ სიტყვებმა „ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ გამახსენა და ორბანის დასახმარებლად მომზადებული ტრამპი წარმოვიდგინე.

ფოტო: chatgpt.com-ის მიერ გენერირებული „დონალდ ჯინი“
ვფიქრობ, რომ 16 თებერვალს აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა ძალზე დიდ შეცდომა დაუშვა, როდესაც უნგრელ ხალხს ხისტად და არადიპლომატიურად განუცხადა: აშშ-სა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალი დამოკიდებულია იმაზე აირჩევთ თუ არა ვიქტორ ორბანს პრემიერ-მინისტრადო.
ასევე დაგაინტერესებთ: საქართველო უნდა იცნობდეს 9 აპრილის ჯალათებს - 5 მაღალჩინოსანი, რომელიც სასჯელს გადაურჩა
საგანგაშო ინფორმაცია - რას გეგმავდა აზერბაიჯანში "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“?!
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2026 წლის 7 აპრილს, ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად უკვე „არტილერია“ ჩაერთო და ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩაბრძანდა. „ფიდესის“ საარჩევნო მიტინგზე (!!!) გამოსვლისას მან აქო და ადიდა ორბანი და განაცხადა: მე აქ ერთი მარტივი მიზეზის გამო ვარ - იმიტომ, რომ აღფრთოვანებული ვარ იმით, რისთვისაც იბრძვით. თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენ იბრძვით თქვენი სუვერენიტეტისთვის და მე აქ ვარ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მე გისურვებთ წარმატებას და ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძვითო. თავისი გამოსვლის დასაწყისში ჯ.დ. ვენსმა „ჰოლივუდური ტრიუკი“ ჩაატარა: დონალდ ტრამპს დაურეკა, რომელიც პარტიული მიტინგის

ფოტო: “DT” უნგრელებს ვიქტორ ორბანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, 7 აპრილი, 2026 წელი.
მონაწილეებს აშშ-ის პრეზიდენტი დისტანციურად მიესალმა და ვიქტორ ორბანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კომპლიმენტები არც ვიცეპრეზიდენტმა დაიშურა: ორბანი არის ძლიერი და პრინციპული ლიდერი, რომელიც იცავს ეროვნულ ინტერესებს; უნგრეთმა „გაბედულად“ დაიცვა საზღვრები და მისი მიგრაციული პოლიტიკა შეიძლება იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვისო და ა.შ.

ფოტო: ვიქტორ ორბანი და ჯი დი ვენსი „ფიდესის“ პარტიულ მიტინგზე
პარასკევს, 10 აპრილს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, „რიგითი ვიქტორ ორბანის“ გადასარჩენად ბრძოლაში აშშ-ის „მძიმე არტილერია“ - პრეზიდენტი ტრამპიც ჩაერთო. ორბანისა და ტრამპის მეგობრობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ის გახდა ევროკავშირის პირველი და ერთადერთი ლიდერი, რომელმაც მხარი დაუჭირა ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ ურთიერთობა უფრო გამყარდა. ორბანმა აქტიურად დაუჭირა მხარი ტრამპის ხელახლა არჩევას, 2024 წელს. ახლა დონალდ ტრამპმა „ვალი“ დაუბრუნა და მსოფლიოს გასაგონ/დასანახად დაუჭირა მხარი ვიქტორ ორბანს.

ფოტო: ფოტოზე კარგად ჩანს, თუ ვინაა „ატამანი“
დონალდ ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth-ზე დაწერა: ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, გამოიყენოს შეერთებული შტატების სრული ეკონომიკური სიძლიერე უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, როგორც ეს წარსულში გავაკეთეთ, ჩვენი დიდი მოკავშირეებისთვის, თუ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდება. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ ინვესტიცია ჩავდოთ უნგრეთის მომავალ კეთილდღეობაში, რომელიც ორბანის ლიდერობის გაგრძელებას მოჰყვებაო. ასეთ სიტყვებს მშობელი თუ ეტყვის შვილს. თუმცა „შვილმა“ ამჯერად ვერ გაამართლა იმედები. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე ცნობილი იყო, როდესაც თვითმფრინავის ტრაპთან დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების სხვადასხვა კითხვას უპასუხა, თუმცა როდესაც მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შესახებ ჰკითხეს, დაუყოვნებლივ დაასრულა საუბარი, ცივად შებრუნდა და თვითმფრინავისკენ გაემართა.
რატომ დამარცხდნენ ვიქტორ ორბანი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი?
(პირველი ნაწილის დასასრული)