"მე ის ჯორჯა აღარ ვარ..." - რატომ გადარია ტრამპი იტალიის პრემიერმა და რა შუაშია რომის პაპი?! - კვირის პალიტრა

"მე ის ჯორჯა აღარ ვარ..." - რატომ გადარია ტრამპი იტალიის პრემიერმა და რა შუაშია რომის პაპი?!

„ტრამპი მელონის წინააღმდეგ: „მე მეგონა, რომ ის გაბედული ქალი იყო, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი“. რატომ არ ჩაება იტალია ირანის წინააღმდეგ ომში და რატომ დაუჭირა მხარი ჯორჯა მელონიმ რომის პაპს?“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 15 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ჯეიმს კრისპი), რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონისა და ვატიკანის მეთაურის - რომის პაპ ლეო XIV-ის შორის ბოლო დღეების ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ჯორჯა მელონის გაუბრაზდა: ჯერ ერთი, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა ირანის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე და მეორე - პრემიერმა მხარი დაუჭირა რომის პაპს ლეო XIV-ს და აშშ-ის პრეზიდენტის რისხვისაგან დაიცვა.

„ჯორჯა ის ქალი აღარ არის...“

მისტერ ტრამპმა განაცხადა, რომ „შოკირებულია“ იტალიის პრემიერ-მინისტრის ქცევით, რომელიც მისი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მეგობრულად დაახლოებული ადამიანი იყო ევროპაში. „ჯორჯა მელონი უკვე ის ქალი აღარ არის და იტალიაც უკვე აღარ იქნება ისეთი ქვეყანა, როგორიც მე ვიცოდი“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ორშაბათს ჯორჯა მელონი რომის პაპს გვერდით დაუდგა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა პონტიფიკს „სუსტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „პაპმა რადიკალ მემარცხენეთა წაქეზება უნდა შეწყვიტოსო“.

ჯორჯა მელონიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი „მიუღებლად თვლის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს წმინდა მამის მისამართით. რომის პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურს წარმოადგენს და მისი მოქმედება - მოუწოდოს ადამიანებს მშვიდობისაკენ და დაგმოს ომის ნებისმიერი სახით გამოვლინება - სრულიად სწორი და ნორმალურია“.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა გაზეთ „კორიერე დელა სერას“ (Corriere della Sera) ინტერვიუში განუცხადა: „სწორედ ჯორჯა მელონის მოქმედება არის მიუღებელი, რადგან მას არ ადარდებს, აქვს თუ არა ირანს ბირთვული იარაღი, რომელიც იტალიას ორ წუთში გააქრობს, შანსი რომ ჰქონდეს. მე შოკირებული ვარ ამ ქალის ქცევით... მეგონა, რომ ის გულადი და გაბედული იყო, მაგრამ თურმე, ვცდებოდი“.

დონალდ ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ჯორჯა მელონი - ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც მის ინაუგურაციას ესწრებოდა - იმიტომ, რომ მან ყურად არ იღო აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნა ნატოელი მოკავშირეებისადმი ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომში, დახმარების გაწევის თაობაზე. „ჩვენ ერთმანეთთან დიდი ხანია, აღარ გვისაუბრია. იგი სულ იმას იმეორებს, რომ არ სურს ომში იტალიის ჩაბმა... და ეს იმის მიუხედავად, რომ იტალია ნავთობს სწორედ სპარსეთის ყურიდან იღებს და იმის მიუხედავადაც, რომ აშშ იტალიისათვის ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. ეს ქალი თვლის, რომ იტალიის ნაცვლად მისი საქმე ამერიკამ უნდა გააკეთოს“.

ინტერვიუში მისტერ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ „იტალიას და მთელ ევროპას იმიგრაცია შეიწირავს“, თუმცა, როგორც ჯორჯა მელონი აცხადებს, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არალეგალური იმიგრაცია 60%-ით შემცირდა, ხისტი მიგრაციული პოლიტიკისა და სხვა ქვეყნებთან დადებული შესაბამისი შეთანხმებების წყალობით.

„ლეო XIV საქმის კურსში არ არის, ნატო კი ქაღალდის ვეფხვია“

ინტერვიუს დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ისარგებლა შემთხვევით, რათა კვლავ გაეკრიტიკებინა რომის პაპი ლეო მე-14 და განაცხადა: „მას არ ესმის, როდის რა უნდა თქვას ომზე. მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ხდება მსოფლიოში. მან არც ის იცის, რომ ირანის რეჟიმმა გასულ თვეებში 42 ათასი ადამიანი დახოცა, საპროტესტო მიტინგების ჩახშობის დროს“.

„კორიერე დელა სერას“ ჟურნალისტთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა თავისი ბრალდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ და განაცხადა, რომ „ნატო ქაღალდის ვეფხვია“. დონალდ ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა, მათ შორის - იტალიამაც, უარი განაცხადეს სამხედრო გემების ჰორმუზის სრუტისაკენ გაგზავნაზე.

„ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია“

დონალდ ტრამპმა ასევე გამოხატა სინანული უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო: როგორც ცნობილია, კვირას, 12 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში პრორუსმა ვიქტორ ორბანმა გამანადგურებელი მარცხი განიცადა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გაგზავნა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად, რომელიც, ჯორჯა მელონის მსგავსად, ევროპაში ამერიკული MAGA-ს მოძრაობის ფავორიტს წარმოადგენს. „ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია. რასაკვირველია, უნგრეთის არჩევნები ჩვენი არჩევნები არ იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგი კარგი ადამიანია, კარგად უმკლავდებოდა იმიგრაციას. მან ნება არ მისცა უცხოელებს, უნგრეთში შესულიყვნენ და ქვეყანა დაენგრიათ, როგორც ეს იტალიამ გააკეთა“.

ასევე დაგაინტერესებთ: "მასში ანტიქრისტეს სული მოჩანს..." - ვის ედრება ტრამპი ანუ "დიდი დონალდის" ახალი სკანდალი

ფაშინიანის დილემა და "თბილი" შეხვედრა პუტინთან - რა მოხდება სომხეთში 7 ივნისს?!

სტატია, რომელიც ტრამპს გააცოფებს - "პრეზიდენტი ზედმეტად გაუწონასწორებელი ხდება, პიტ ჰეგსეთს კი უკიდურესად ქრისტიანულ-ნაციონალისტური ხედვები აქვს"

იდუმალი ძალები, რომელთა დასახელება არ შეიძლება ანუ რატომ აქვს აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები დახურული, ექვსი წლის განმავლობაში?!

„მშვენიერი ჯორჯა“, რომელიც დონალდ ტრამპს აღარ მოსწონს

ჯორჯა მელონი, უკიდურესად მემარჯვენე იტალიელი ნაციონალისტი, დონალდ ტრამპის თანამოაზრე იყო და მხარს უჭერდა ამერიკულ MAGA-ს მოძრაობას. მიმდინარე წლის იანვარში იტალიის პრემიერმა ნობელის კომიტეტს მოუწოდა, რომ მშვიდობის დასაცავად დაწესებული ყოველწლიური პრემია დონალდ ტრამპისათვის მიენიჭებინათ. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა, ღაზას საკითხზე გამართული სამიტის დროს ჯორჯა მელონის „მშვენიერი და ლამაზი ახალგაზრდა ქალი“ უწოდა და ყველას ურჩია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მემუარები წაეკითხათ.

ამჟამად ჯორჯა მელონის ავტორიტეტი საკმაოდ არის შერყეული, რადგან მან მარტში ჩატარებული რეფერენდუმი წააგო, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ასეთი მტკივნეული დარტყმა იტალიის პრემიერმა პირველად მიიღო 2022 წლის შემდეგ, როცა იგი ქვეყნის მთავრობის მეთაური გახდა.

გასათვალისწინებელია, რომ მომავალ წელს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ თვალსაზრისით, ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, სავარაუდოდ, გარკვეული მნიშვნელობა ექნება. საერთოდ, ირანის წინააღმდეგ მიმართული აშშ-ისრაელის ომი იტალიაში უკიდურესად არაპოპულარულია, ამიტომ ჯორჯა მელონიმ, დონალდ ტრამპთან მეგობრობის მიუხედავად, განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი არაკანონიერია და რომ იტალია აშშ-ისა და ისრაელის გვერდით არ დადგება. უფრო მეტიც, 14 აპრილს იტალიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აჩერებს ისრაელთან 2016 წელს დადებული სამხედრო ხელშეკრულების მოქმედებას, რომელიც თავდაცვითი პროდუქციისა და კვლევითი ტექნოლოგიების გაცვლებს ითვალისწინებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო