რუსეთის "კავკასიური კატასტროფის" სცენარი: 2027 წელს კრემლი კარგავს კონტროლს ჩრდ. კავკასიაზე, იქ იწყება ქაოსი, ცხინვალში და აფხაზეთში რუსული ბაზები უქმ - კვირის პალიტრა

რუსეთის "კავკასიური კატასტროფის" სცენარი: 2027 წელს კრემლი კარგავს კონტროლს ჩრდ. კავკასიაზე, იქ იწყება ქაოსი, ცხინვალში და აფხაზეთში რუსული ბაზები უქმდება და..." - ლაშა ძებისაშვილის პროგნოზი

"მაქსიმუმ 2-3 წელიწადში გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლება. ეს შეიძლება 2027 წელსაც მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთი რეალური სცენარით რუსეთი დიდწილად დაკარგავს კონტროლს ჩრდილო კავკასიაზე. იქ მოვლენები, როგორც მინიმუმ, კონტროლირებად ქაოსსა და კონფლიქტებში გადაიზრდება, ხოლო რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო გაუქმდება...

ამ პერიოდში გაჩნდება სტრატეგიული ფანჯარა, როცა რეალური გახდება როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის დაბრუნება, მათ შორის სამხედრო ბერკეტის გამოყენებით. ეს სტრატეგიული ფანჯარა, ანუ პერიოდი, როცა შესაძლებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ იქნება ხანგრძლივი და შესაბამისად, ამ დროისთვის ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანის მაგალითი გავიმეოროთ, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ციდან არ ჩამოვარდნია", - სოციალურ ქსელში წერს ანალიტიკოსი ლაშა ძებისაშვილი და სტატუსში აღწერილ მოდელირებულ სცენარს ინტერვიუში დეტალურად მიმოიხილავს:

- არ გამოვრიცხავ, ეს ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა ძალიან მალე დადგეს და ასეთ დროს მაყურებლის სტატუსის შენარჩუნება ეროვნული სირცხვილი იქნება. ნებისმიერი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, აკვირდება როგორც უკრაინაში მოვლენებს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, რა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორები მოქმედებს ხელისუფლების რგოლების გამყარებაზე თუ დასუსტებაზე. ნოსტრადამუსი არავინაა, მაგრამ არსებობს შედარებით ოპტიმისტური ანუ საუკეთესო და უარესი სცენარები. ერთ-ერთი ძირითადი სცენარის მიხედვით რუსეთი, როგორც მინიმუმ, "იჭედება" უკრაინის ომში, ან პირიქით, ნელ-ნელა დამარცხდება, ვინაიდან ეს ომი არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალისხმევა, ომი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რესურსობრივი ძალისხმევა. ის პროცესები, რაც რუსეთში გრძელდება, არის ეკონომიკური ვითარების კრიზისი - წარმოების მკვეთრი დაცემა, სოციალური ფონის მკვეთრი გაუარესება და ა.შ. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება რუსეთის უნარზე აწარმოოს ომი. ასეთ სცენარებს ნებისმიერი ანალიტიკური ცენტრი, მთავრობა ყოველთვის უნდა განიხილავდნენ, უნდა მიდიოდეს მსჯელობა და გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვა. ისტორია გვასწავლის, როცა რუსეთი თავის ძირითად ომს აგებდა, ძალიან მალე ამას არეულობა და პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება მოჰყვ­ებოდა ხოლმე.

თუ ჩრდილოეთ კავკასიასა და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ყველა ეს რეგიონი რუსეთიდან პირდაპირ ფინანსურ და ეკონომიკურ დოტაციაზეა. ის, რომ ჩრდილო კავკასია რუსეთის კმაყოფაზეა, ამის ერთ-ერთი მაგალითია კადიროვი, რათა მან ეს ტერიტორია "სიწყნარეში" ამყოფოს. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იგივე სიტუაციაა. რუსეთის სახელმწიფოსთვის მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ პლაცდარმებია იმისთვის, რომ შემდგომში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი საქართველო იქნეს დაპყრობილი. ამ სიტუაციაში, როცა სავარაუდო სცენარის მიხედვით რუსეთში კრიზისი დაიწყება, მას გაცილებით ნაკლები ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსი შეიძლება ჰქონდეს და შესაბამისად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის აღარ ეცალოს. მას საკუთარი ტერიტორიები ექნება შესანარჩუნებელი ჩრდილოეთ კავკასიაში. ბუნებრივია, ეს სცენარი გულისხმობს, რომ რუსეთი აღარ ხარჯავს რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა ჯგუფი ეჯახება ერთმანეთს და შესაძლოა ეს სამხედრო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს (იგულისხმება მთლიანად რუსეთი, სადაც პოლიტიკური ელიტები ერთმანეთთან დაპირისპირებუ­ლი არიან). მაგალითად, ეფ-ეს-ბე დაპირისპირებულია თავდაცვის სამინისტროსთან და წარმოიდგინეთ, ომში წაგებული გამწარებული გენერლები რომ დაბრუნდებიან რუსეთში და ეს შეიარაღებული ხალხი ვიღაც-ვიღაცებისკენ გაიშვერენ თითს... ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების გარშემო დაიწყება სამხედრო ძალების ფორმირება და იმის გარკვევა, ვის უფრო მეტი ძალა აქვს. რუსეთის მთავარი ამოცანა იქნება იმის შენარჩუნება, რაც გააჩნია, იმ რესურსების შეკვეცა, რასაც ხარჯავს სხვადასხვა მიმართულებით - სირია, აფრიკა, ლათინური ამერიკა და ა.შ. - ანუ რაც რუსეთის გადარჩენისთვის არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმაზე უარს იტყვის.

აფხაზები და სამხრეთელი ოსები აღმოაჩენენ, რომ მათი დაფინანსება შეკვეცი­ლია; გაირკვევა, რომ იმ რუსული სამხედრო ბაზებიდან, რომლებიც იქ არის განლაგებული, ძირითადი ტექნიკა შეიძლება გაიყვანონ, იმიტომ, რომ ის ვიღაცას სჭირდება რუსეთში ან ჩრდილო კავკასიაში. როცა ხელფასი არ გაიცემა და ა.შ., გასაგებია, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ისე არ გავა, ნაღმები არ დაგვიტოვოს, შეიძლება რაღაც შეიარაღებაც გადასცეს აფხაზებსა და ოსებს, მაგრამ ფაქტია, ის ბაზები აღარ იქნება და რუსეთს აღარ ეცლება საქართველოსთვის. საქართველომ რომც მოინდომოს ამ ტერიტორიების დაბრუნება, რუსეთს რეაგირების თავი არ ექნება. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა ვემზადებოდეთ კი არა, კარგა ხანია, ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ჩვენთვის არავის აუკრძალავს ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნება. ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც ერის, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია, აშენოს თავისი მომავალი. ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებისა და ხალხის მარტივი ამოცანა და ასეთი მომენტებისთვის მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მომზადებული.

წაიკითხე ვრცლად