"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მარკო რუბიომ თბილისში დარეკა" - იქნება თუ არა ქართულ-ამერიკული "დიდი გადატვირთვა"?!
4-5 მაისს ერევანმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 და ევროკავშირისა და სომხეთის პირველ სამიტებს უმასპინძლა. ეს იყო ძალიან წარმომადგენლობითი სამიტი ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ექსპერტთა შეფასებით, ეს ფორუმები დასავლეთისთვის, განსაკუთრებით კი ევროპისთვის, სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ თვალნათლად მიანიშნებენ. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან:
- თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს მნიშვნელოვანი შეკრება ჩატარდა ერევანში, სამხრეთ კავკასიაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და ევროპისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სამიტი სწორედ სომხეთში ჩატარდა. თუ გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ძალიან საინტერესო რამ ბრძანა, რვა წლის წინ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ სომხეთმა ნელ-ნელა დაიწყო გამოსვლა რუსული ორბიტიდან და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ერევანში ასეთი სამიტის ჩატარებაო.
დიახ, სომხეთი კავკასიაში ამ მხრივ ყველაზე სუსტი წერტილი იყო, რადგან იქ რუსული გავლენა ყველაზე ძლიერი იყო და ახლა ფაშინიანის დამსახურებით ეს ნელ-ნელა იცვლება, რაც ძალიან კარგია რეგიონისთვისაც და ევროპისთვისაც, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან ამას აქვს მეორე მხარეც - ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, ნელ-ნელა, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით... სამწუხაროდ, ის შეხვედრები, რომლებიც პროპაგანდისტულმა ქართულმა არხებმა აჩვენეს - პრემიერის შეხვედრა მაკრონთან თუ ზელენსკისთან - უფრო პროტოკოლური ხასიათის იყო, ვიდრე სერიოზული ნაბიჯების გადადგმის წინა პირობა. რა თქმა უნდა, უკრაინასთან ურთიერთობის მოგვარება თუ მოხერხდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით, ელჩებიც რომ დაინიშნოს, დიდი წინსვლა მაინც საეჭვოდ მიმაჩნია, თუმცა სულ არაფერს, ეს მაინც ჯობია. ქართულმა დელეგაციამ, რაკი ფორმალურად მაინც ევროპულ ოჯახს მივეკუთვნებით, მიიღო მიწვევა და დაესწრო სამიტს, მაგრამ აქედან რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ნაადრევია. ჩვენი საქართველოს დელეგაციისგან ერთი ინიციატივაც კი ვერ ვიხილეთ.
- თქვენ ახსენეთ, რომ ევროპისთვის სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვანია, რაც ამ რეგიონზე გამავალ ამ კორიდორს უკავშირდება. წლების განმავლობაში ეს დერეფანი უპირველესად საქართველოს მოიაზრებდა, რაც ნელ-ნელა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა ამ პროცესს დაახლოებით ასე წარმოაჩენს: თითქოს ეს კორიდორი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და ევროპას, ადრე თუ გვიან, მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან დალაპარაკება და გარკვეულ დათმობებზე წასვლა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი აღქმაა ეს?
- მე ვიტყოდი, ეს უფრო პროპაგანდაა, ვიდრე რეალობის სერიოზული ანალიზი. ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ძალზე რეალურად გამოჩნდა პოტენციური ალტერნატიული დერეფანი. ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რადგან, თუ ეს დერეფანი განვითარდა - და, ალბათ, განვითარდება კიდეც, რადგან დიდი ამერიკული ინტერესია, ჩვენი როლი შეიძლება შეიცვალოს. არ ვიცი, დარჩება თუ არა ტრამპი პრეზიდენტად, მაგრამ მისი პრეზიდენტობის პირობებში ამ დერეფნის რეკონსტრუქციას დიდი ყურადღება დაეთმობა, რადგან მას დიდი ამბიციები აქვს და შეეცდება ეს მარშრუტი სამაგალითო გახდეს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი დათმობებზე წავა და იძულებული იქნება შეეგუოს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ძალიან გადაჭარბებულია.
მე უფრო სხვაგვარად მგონია: "ქართული ოცნება" კი იტყვის, რომ დასავლეთს დაათმობინებს ბევრ რამეს, მაგრამ რეალურად თავად წავლენ დათმობებზე, რათა დასავლეთთან ურთიერთობა მოაგვარონ. ამის ნიშნები უკვე არის და ჰაერზე არ ვლაპარაკობ - თუნდაც ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ხუთი სპეცრაზმელი დააპატიმრეს.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ის მასშტაბი, რაც უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია. ნუ ვფიქრობთ, რომ მათი ვინაობა მართლა ერთი თვის წინ დაადგინეს. ეს პირები ჯერ კიდევ 2024 წლის დარბევების დროს იყვნენ იდენტიფიცირებული და ხელისუფლებაში ყველამ ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, ახლა ვითარება შეიცვალა და ხელისუფლება იძულებული შეიქნა შექმნილი გარემოებებისთვის ანგარიში გაეწია. დათმობები დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორი იქნება ვითარება უკრაინაში, რუსეთში და როგორ დასრულდება ომი ირანში. ჯერჯერობით არ ჩანს, რა იქნება ირანში, უკრაინაში კი კარგა ხანია ვითარება ისეთი აღარ არის, როგორიც ოთხი წლის წინ, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ეს საგარეო ფაქტორები იმუშავებს "ქართული ოცნების" პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და იძულებული შეიქნებიან სხვა დათმობებზეც წავიდნენ, ოღონდ პროპაგანდისტები იტყვიან, თითქოს დასავლეთი წავიდა დათმობებზე და არა "ქართული ოცნება".
- ბატონო ვახტანგ, სპეცრაზმელების დაკავება პირდაპირ დაემთხვა სომხეთიდან საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტს. მან უკვე გამართა შეხვედრები პრემიერთან, ვიცე-პრემიერ ბოჭორიშვილსა და ოპოზიციასთან. სწორედ იმ დღეს, როცა კობახიძეს შეხვდა, ცნობილი გახდა სპეცრაზმელების დაკავების ამბავი. ბუნებრივია, ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ ეს დამთხვევად მივიჩნიოთ. რას ფიქრობთ ამ ნაბიჯზე და კიდევ რისი გაკეთება შეიძლება მოუხდეს ხელისუფლებას? მაგალითად, აქციებისას დაკავებულების გათავისუფლება შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? ასევე საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობს ამით ხელისუფლება - იზოლაციიდან თავის დაღწევას თუ სანქციების თავიდან აცილებას?
- საქართველოში ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუბიომ დარეკა პრემიერ-მინისტრთან. შეიძლება ითქვას, ეს ურთიერთობების ათვლის ახალი წერტილია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რაზე იყო საუბარი, მაგრამ ერთი რამ მნიშვნელოვანია: ევროპისა და ამერიკისთვის კავკასია, როგორც "შუა დერეფანი", უალტერნატივო ხდება. უკრაინაში ან ირანში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი ეს მარშრუტები დიდხანს ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტია, რადგან რუსეთსა თუ ირანში სტაბილურობის აღდგენას უამრავი დრო დასჭირდება. ირანში, სავარაუდოდ, რეჟიმი რჩება, რაც ნიშნავს, რომ ვითარება იქ ბოლომდე უსაფრთხო ვერ იქნება. ამიტომ კავკასიური დერეფანი თავისი სტაბილურობით უმნიშვნელოვანესი ხდება. ამერიკის ინტერესია, რომ საქართველოში ჰქონდეს საყრდენი, თუნდაც ანაკლიის პორტის სახით, რომელიც მხოლოდ ლოჯისტიკური ცენტრი არ იქნება.
რადგან გეოპოლიტიკურად სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდება მათთვის პრიორიტეტია, "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არის პირობები როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან და უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე დაიწყო ეს ვიზიტებიც. რაც შეეხება იმას, თუ რაზე წავა "ქართული ოცნება", ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე, არამედ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც - ფაქტია, რეალური რეფორმებია გასატარებელი! ამ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით არ გადადგამენ, მაგრამ თუ იქნება რეალური ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან, იძულებულნი შეიქნებიან ანგარიში გაუწიონ, რათა თავი დააღწიონ იზოლაციას. ჯერჯერობით ამის მხოლოდ სიმპტომებს ვხედავთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ დასავლეთი, სამწუხაროდ, ოპოზიციაში ვერ ხედავს ხელისუფლების ჩანაცვლების რეალურ გარანტიას. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება ზეწოლა ხელისუფლებაზე - არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გათვალისწინებითაც.