გია ხუხაშვილის "წინასწარმეტყველება" და ორი სცენარი საქართველოსთვის - "პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის "წინასწარმეტყველება" და ორი სცენარი საქართველოსთვის - "პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 18 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.

- გასულ კვირას "ოპოზიციურმა ალიანსმა" არჩევნებში მონაწილეობისთვის ექვსი მოთხოვნა გამოაქვეყნა, ამასთანავე, 26 მაისს დიდ აქციას აანონსებს. რა პერსპექტივა აქვს ამ ყოველივეს?

- "ქართული ოცნების" ხელისუფლება მხოლოდ ძალაზე რეაგირებს, დღეს კი რეალური ძალა ხალხშია და არა პარტიებში. იმისათვის, რომ ხელისუფლება აიძულო კომპრომისზე წავიდეს, პირველ რიგში, ხალხის ნდობა უნდა მოიპოვო - ხალხმა შენ უნდა გაღიაროს ლიდერად. ჩვენ ვნახეთ თვეების განმავლობაში მიმდინარე აქციები, მაგრამ ამ ხალხს არც ერთი პოლიტიკური პარტია თავის ლიდერად არ უღიარებია.

პოლიტიკური ბრძოლა ჩვეულებრივი ომია, სადაც ჯარი უნდა ენდობოდეს სარდლობას. არ არსებობს პრეცედენტი, რომ სარდლის გარეშე რომელიმე არმიას ომი მოეგოს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც სარდლობის პრეტენზია აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და ლიდერებად არ მიიჩნევს. მათ არც სტრატეგია გააჩნიათ, არც ტაქტიკა და არც ავტორიტეტი. ისინი მხოლოდ იმის მტკიცებით შემოიფარგლებიან, რომ ხელისუფლება ცუდია, რაზეც ხალხი პასუხობს: "კი ბატონო, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?".

ამ აუცილებელ სამუშაოს ოპოზიცია არ ასრულებს, რაც პირდაპირ ბიძინას თამაშია. ბიძინა ამბობს, მე თუ არ მოგწონვართ, ესენი საერთოდ ვინ არიანო. ამიტომაც მუშაობს "შეჩვეული ჭირის" პრინციპი. როგორც კი რეალური ლიდერი გამოჩნდება, საქართველოში ვითარება ერთ დღეში შეიცვლება. ოპოზიცია კი ამბობს, ვინც გამოგვყვება, გამოგვყვესო, მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. თავიანთი უშედეგო ტივტივით ისინი სხვებსაც უხერგავენ გზას. ფაქტობრივად, ამ ნეგატიურ სპირალში პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც არის, რადგან ისინიც ამ თამაშის წესებს მიჰყვებიან. დღეს რომ ოპოზიციურ ფლანგზე მართლაც გამოჩნდეს ლიდერი, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდებიან.

- ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ალბათ, ლიდერობის შანსი ყველაზე მეტად გიორგი გახარიას ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, როგორ განვითარდა პროცესები. რამდენად არის დღეს გარემო იმისთვის, რომ ახალი ლიდერი ჩამოყალიბდეს?

- გეთანხმებით, მას მართლაც დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ გახარიას მთავარ პრობლემად იქცა 20 ივნისი, რომელიც მთლიანად ხელისუფლების კომპრომატი იყო და არა გახარიას ექსკლუზიური პასუხისმგებლობა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ თვითონ ხელი დაებანა და გახარიასთვის დაებრალებინა. მანაც ამის საწინააღმდეგოდ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. არადა, მას ეს ბურთი ხელისუფლების ბოსტანში უნდა გადაეგდო. როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ გახარია ამ თემით მოწყვლადი გახდა, თავხედურად მას "შეაწერა" ყველაფერი. გახარიამ გარკვეული მიზეზების გამო, რაც მე არ ვიცი, ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო და ეს ფატალური შეცდომა იყო. გახარიას შეეძლო ეთქვა, რომ ბრძანება სხვამ გასცა და ამით ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ეს რომ ექნა, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეების აღძვრასაც ვერ გაბედავდნენ, თუმცა მან თავდაცვის პოზიცია დაიკავა და სწორედ ამით წააგო.

- დასასრულ მინდა შევეხოთ დონალდ ტრამპის ჩასვლას ჩინეთში, რაც ნამდვილად ისტორიული ვიზიტი იყო, რუსეთი კი აშკარად უკმაყოფილო დარჩა...

- ჩინეთი და შეერთებული შტატები დღეს მსოფლიოში ორი მთავარი მოთამაშეა. რუსეთის პრობლემა ზუსტად ის არის, რომ აღარ არის დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე და მისი ერთადერთი კოზირი ატომური იარაღია. რუსეთი ცდილობს პოზიციები შეინარჩუნოს, მაგრამ მიწა ფეხქვეშ ეცლება - ეს ჯერ ვენესუელით დაიწყო და შემდეგ ირანით გაგრძელდა. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობაც იმიტაციაა. ჩინეთს საკუთარი ამოცანები აქვს და მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან შეთანხმება, ეს კი აუცილებლად მოხდება ვიღაცის ხარჯზე და რუსეთს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ სწორედ მის ხარჯზე მოხდება.

ჩემი აზრით, ამ ვიზიტმაც ძალიან შეაფიქრიანა ბიძინა ივანიშვილი. დაინახა, რომ რუსეთმა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლოა ვეღარ შეძლოს. ის პუტინის მიმართ დღეს ლოიალურია, რადგან მისი ეშინია, თუმცა, თუ დაინახა, რომ პუტინი იმდენად დასუსტდა, რომ პერსპექტივა აღარ აქვს, რა თქმა უნდა, ეცდება გადააგდოს, ოღონდ გადააგდოს არა დემოკრატიის დროშით, არამედ აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიის ასაშენებლად.

რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომაზე არჩევნები უნდა ჩატარდეს:

პირველი სცენარით - თუ ხელისუფლება გადაწყვეტს რუსეთში რეინტეგრაციის გაგრძელებას, რუსეთის აუცილებელი მოთხოვნა იქნება ევროინტეგრაციაზე უარის თქმა და კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, ამას კი კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება, რის გამოც ბიძინა იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები;

მეორე სცენარით - თუ მან პუტინის გადაგდება გადაწყვიტა, ამ შემთხვევაშიც სჭირდება არჩევნები საკუთარი ლეგიტიმაციის დასადასტურებლად.

ასე რომ, ორივე შემთხვევაში არჩევნების ჩატარება სჭირდება. თუ პოლიტიკურ კანონზომიერებებზე ვისაუბრებთ, არჩევნების აუცილებლობა ცხადია, თუმცა საქართველოში პოლიტიკური მოვლენები ხშირად არ ემორჩილება კანონზომიერებას, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.

წაიკითხე ვრცლად