ვინ "უღალატა" მიხეილ სააკაშვილს და მართლა ჩამოიტყუეს თუ არა ჩანერგილმა აგენტებმა მესამე პრეზიდენტი საქართველოში?!
პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ყველა ტელევიზიის ეთერში ერთდროულად იყო გადმომდგარი. ვერც პატიმრობამ მაინცდამაინც ვერ შეუზღუდა აქტიურობა - ახერხებს და დღეში რამდენიმე განცხადებას აცხობს სოცქსელების მეშვეობით - ძირითადად, ოპოზიციას არიგებს ჭკუას და მიანიშნებს, რომ მის გარეშე არაფერი გამოვა.
თუმცა მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება მართლაც გასაოცარია: "რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი, პირველად, 2020 წელს როდესაც მოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას. ასევე, როდესაც დაქირავებული იახტით მოვადექით საქართველოს, ბათუმში განგაში გამოცხადდა, წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და უკან გაბრუნებამ მომიწია და ბოლოს, როდესაც ჩამოვედი, აქ უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა. ღალატი იყო და იქნება, მთავარია, ამას ჩვენ არ შევეგუოთ".
სააკაშვილმა ეს განცხადება გაავრცელა დაკავებიდან 5 წლის შემდეგ. თუ 2020 წელს ვიღაცამ შენი კოორდინატები ხელისუფლებას გადასცა, 2021 წელს რაღას მოდიოდი. კარგი, ვთქვათ, მიშას 5 წელი დასჭირდა იმ მთავარი მოღალატის დასადგენად. მაშინ ვინ არის ის? ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით - თავად სააკაშვილის გარემოცვის წევრები ამბობდნენ მიშას ჩამოსვლამდე, თუ ვინ არწმუნებდა მესამე პრეზიდენტს, რომ არიქა, საქართველოში გამოჩნდებოდა თუ არა, ასი ათასი კაცი ამოეფარებოდა და ხელისუფლება მომენტალურად ჩამოიშლებოდა.
ასეთები ბევრნი იყვნენ - გადახედეთ მაშინდელ ტელეეთერებს. თუმცა თავად "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს განსაკუთრებით იმედს აძლევდნენ ვანო მერაბიშვილი, კობა ნაყოფია, ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და გუბაზ სანიკიძე. ახლა "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა თავად გააანალიზონ, ზემოთ ჩამოთვლილი პერსონებიდან რომელს ენდობოდა სააკაშვილი და ვის ჭკუაზე გაიარა. ასევე, საინტერესოა, მერაბიშვილის ყოფილი მოადგილისა და ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის მოქმედი მაღალჩინოსნის გია ლორთქიფანიძის როლი.
სააკაშვილმა თვითონ პირველად ისაუბრა ღალატზე, თორემ ეს ვერსია არახალია. ამაზე პირველად უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ილაპარაკა. ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში გორდონი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ეს იყო სააკაშვილის საქართველოში ჩატყუების ოპერაცია, ის ცდილობდა გადაერწმუნებინა მიშა, არ ჩასულიყო საქართველოში, მაგრამ არ დაუჯერა...
ერთი მხრივ, საქართველოში ჩამოსული სააკაშვილი ლამის მართლაც ტრაილერის მძღოლის იმედად იყო. თუმცა, მეორე მხრივ, სააკაშვილს შეეძლო მაშინვე დაესახელებინა "მოღალატე" და 5 წელი არ მოეცადა. არც ის არის გამორიცხული, მიშას სინამდვილეში არც არავინ უნდა დახვედროდა, რადგან ბოლომდე არავის ენდობოდა.
ასევე, ისმის კითხვა - მაშინ (2021 წლის ოქტომბერი) აწყობდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ქართულ ციხეში გამოკეტვა? ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი კომპეტენტური წყარო ადასტურებდა, მიშა "ქართულ ოცნებას" რუსთავის ციხეში არ სჭირდებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამას მოჰყვებოდა მღელვარება, სააკაშვილისგან შეიქმნებოდა გმირი და პოლიტიკური სიტუაცია გართულდებოდა. იმასაც უწევდნენ ანგარიშს, რომ რთული საუბრები მოუწევდათ უცხოელ პარტნიორებთან. ეს ის პერიოდია (რომელიც გრძელდებოდა 2022 წლის თებერვლამდე - რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამდე), როდესაც "ოცნება" დიდ ანგარიშს უწევს დასავლურ სტრუქტურებს.
ვინც რა არ უნდა გითხრას ან გირჩიოს, ყოველთვის უნდა გქონდეს მოვლენების შეფასებისა და ანალიზის უნარი. როდესაც ადამიანი ჯიუტად ცდილობს არ მიიღოს რეალობა, შემდეგ უკვე რასაც წარმოიდგენს ან აიკვიატებს, გულწრფელად სჯერა, რომ სიმართლეა. და ასეთ დროს თუ შენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც აქეზებენ ამ აკვიატებებს, აუცილებლად გადადგამ დამაზიანებელ ნაბიჯს. მიხეილ სააკაშვილის ბოლო წლების ფბ-პოსტებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მას რეალობის ადეკვატურად აღქმა ვერ დაუბრუნდა.
თუმცა იქნებ სააკაშვილის ამ სკანდალურ განცხადებას სულ სხვა მიზანი ჰქონდა?! კერძოდ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ზემოხსენებული პოსტი დადო და მისმა თანამოაზრეებმა გადააზიარეს, მიშას მომხრეთა არცთუ მცირე ნაწილმა დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს ეს მოღალატე ნიკა მელიაა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას გარკვეულწილად კამპანიური ხასიათი ჰქონდა.
რელურად, შეუძლებელია მელიას სააკაშვილისთვის ეთქვა, ჩამოდი საქართველოშიო და მიშას მისთვის დაეჯერებინა. "ნაცმოძრაობაში" ყოფნისას მელია ცდილობდა, ტექნიკურად და ლაითად, მაგრამ მაინც სააკაშვილისგან გამიჯვნას. 2020 წელს ერთ-ერთ ტელეეთერში მელია გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდა, რადგან სანიკიძე "მოთქვამდა", სანამ სააკაშვილი არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო. შესაბამისად, სააკაშვილს არ უყვარდა მელია და მელიას სააკაშვილი. არც დღეს არის დამთბარი სიტუაცია მათ შორის. ვალში არც მიშა რჩებოდა - მისი ჩუმი თანხმობით (თუ დაგეგმვით არა), მელიას მინირევოლუცია მოუწყვეს "ნაცმოძრაობაში" და ლევან ხაბეიშვილით ჩაანაცვლეს. თუმცა... თუ ადამიანის დისკრედიტაციას ცდილობ, შესაძლოა ზემოხსენებულ ფაქტორებს არ მიაქციო ყურადღება.