ნუთუ უკრაინამ მიაგნო პუტინის არმიის „აქილევსის ქუსლს“ და რას შეცვლის ეს ფრონტის ხაზზე... - კვირის პალიტრა

ნუთუ უკრაინამ მიაგნო პუტინის არმიის „აქილევსის ქუსლს“ და რას შეცვლის ეს ფრონტის ხაზზე...

რუსეთ-უკრაინის ომის 1 558-ე დღისთვის შექმნილი ოპერატიული სიტუაცია 1 500 კმ-მდე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე შემდეგნაირია - რუსეთის საოკუპაციო ძალები თითქოს კვლავ ფლობენ საბრძოლო ინიციატივას, მაგრამ მის რეალიზაციას და სწრაფი ტემპებით წინსვლას ვერ ახერხებენ, პირიქით, უკრაინის დამცველებმა ა.წ.-ის თებერვლიდან მოყოლებული შეძლეს 600-მდე კვ. კმ. მშობლიური მიწის განთავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან...

1-gza-1780239629.png
ფრონტის ხაზიდან 100-150 კმ-ის სიღრმეში ოკუპირებული ტერიტორიების ტრასებზე რუსული ბენზიმზიდების უკრაინული კამიკაძე-დრონებით აფეთქებების მოხშირებამ კრემლს ახალი თავსატეხი გაუჩინა...

ეს შეიძლება არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურება იმის ფონზე, როდესაც აგრესორ რუსეთს მეზობელი უკრაინის ტერიტორიის 116 165 კვ.კმ. ფართობი აქვს ოკუპირებული (აქედან ლუგანსკის ოლქის 99,6%; დონეცკის ოლქის 78,1%; ზაპოროჟიეს ოლქის 74,8%; ხერსონის ოლქის 72% და ყირიმის ნახევარკუნძულის 100%-ი), თუმცა ამდენის დაპყრობა პუტინის არმიამ ძირითადად 2014 წელსა და 2022 წლის ომის პირველ ეტაპზე შესძლო სწრაფი ტემპებითა და მცირე დანაკარგებით, ხოლო 2023 წლიდან მოყოლებული რუსეთის საოკუპაციო ძალები ძალიან დიდ საბრძოლო დანაკარგებს განიცდიან თითოეული კვადრატული კმ უკრაინული მიწის დაპყრობისას...

და ახლა, შეიძლება ბევრი რამე კარდინალურად შეიცვალოს, რადგან უკრაინელებმა მიაგნეს პუტინის არმიის „აქილევსის ქუსლს“, რითაც შეუძლიათ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა უშუალოდ ფრონტის ხაზზეც...

2-gza-1780239629.png
ამერიკული წარმოების Hornet-ის ტიპის კამიკაძე-დრონებს უკრაინა აქტიურად იყენებს 150 კმ-ის სიშორეზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ზურგის ლოჯისტიკაზე დასარტყმელად...

უკრაინის მთავარი ძალა, რომელიც აკავებს რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ამასთან სისტემატურ მტკივნეულ საპასუხო დარტყმებს აყენებს აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში, არის უპილოტო საფრენი და საზღვაო აპარატები.

უკრაინელები უპილოტო საფრენ აპარატებს, კერძოდ კი კამიკაძე-დრონებს აქამდე იყენებდნენ ძირითადად სამი მიზნისთვის:

პირველი - რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით, იმ ჩანაფიქრით, რომ მოსკოვისკენ გაშვებული რამდენიმე ათეული უკრაინული „ლიუტიდან“ ორი-სამი გაარღვევდა ძლიერ ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვას და კრემლთან აფეთქდებოდა, რასაც მხოლოდ წმინდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული შედეგი შეიძლება ჰქონოდა, რადგან ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა უშუალოდ ფრონტის ხაზზე რაიმე სახის საბრძოლო უპირატესობის მოსაპოვებლად.

3-gza-1780239630.png
მინიატურული ნაღმები,რომლებსაც უკრაინული დრონები ოკუპირებული ტერიტორიების ტრასებზე ყრიან მოძრაობის პარალიზებისთვის...

მეორე - უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა თითქმის 170-მდე ნავთობგადმამუშავებელი ქარხანა, ნავთობტერმინალი და ბუნებრივი აირის საქაჩი სადგური დააზიანეს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე და თანაც ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმე. ყოველივე ამან სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის სათბობ-ენერგეტიკულ მრეწველობას და ეს ნაწილობრივ აისახა ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუაპციო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე, რადგან რუს სამხედროებს გაუჩნდათ საავტომობილო და საავიაციო საწვავის გარკვეული დეფიციტი, თუმცა არა ისეთ კრიტიკულ დონეზე, რომ შეეჩერებინათ საფრონტო ბომბდამშენებიდან პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასიური გაშვება უკრაინის დამცველების პოზიციებისკენ ფრონტის ხაზზე.

მესამე - უშუალოდ ფრონტის ხაზზე უკრაინელები ძალიან აქტიურად იყენებენ კვადროკოპტერის კონსტრუქციის რადიო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მართვად კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 30 კმ-დე სიღრმეში ე.წ. „რუხ ზონას“ ქმნის იმ გაგებით, რომ მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკისა და ავტოტრანსპორტის თითქმის ყველა მოძრაობა კონტროლდება და მათზე დაუყოვნებელი უზუსტესი საჰაერო დარტყმა ხორციელდება, ისევე როგორც თითო-ოროლა ფეხით მოსიარულე მებრძოლებზეც. ანალოგიურად მოქმედებენ რუსი ოკუპანტებიც და ფრონტის ხაზის ორივე მხარეს, ფაქტობრივად 60-80 კმ-ის რადიუსში მოწინააღმდეგე მხარეების კამიკაძე-დრონების სრული საჰაერო ბატონობაა დამყარებული.

მაგრამ, ასევე არსებობს ფრონტის სიღრმეში, 100-150 კმ-ზე, ოპერატიული ზურგი, სადაც ხდება სამხედრო ლოჯისტიკის ძირითადი ოპერირება - ღრმა ზურგიდან იქ საავტომობილო კოლონებითა და სარკინიგზო ტრანსპორტით ერთიანად იგზავნება საბრძოლო მასალები და საწვავი, რომლებიც შემდეგ ნაწილდება სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა მძღოლებიც სათითაოდ ცდილობენ ისე მიაღწიონ ფრონტისპირა „რუხ ზონამდე“, რომ არ გახდნენ ჰაერშო მოდარაჯე მოწინააღმდეგის კამიკაძე-დრონების საკბილო და ეს თუკი მაინც მოხდა, დანაკლისი იქნება მხოლოდ ორი-სამი მანქანა და არა მთელი საავტომობილო კოლონა.

ბოლო დღეებში აქტიურად განხორციელებადი უკრაინული „სიახლე“, რომელმაც რუსი ოკუპანტების „აქილევსის ქუსლის“ ანუ სუსტი მხარის გახსნა უნდა განაპირობს, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სისტემატური შეტევები დაიწყეს ფრონტის ხაზიდან 100-150 კმ-ის სიღრმეში, რომელიც ფრონტიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით, ოკუპირებულ უკრაინულ გზებზე მოდის, რომლებსაც აქტიურად იყენებენ რუსეთის საოკუაპციო ძალები ფრონტის მოსამარაგებლად...

4-gza-1780239628.png
უკრაინა-რუსეთის იზვერინოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე,რომელიც ახლა ოკუპირებულია,უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა იქ თავმოყრილ რუსულ სამხედრო მანქანებზე მიიტანა იერიში-ეს ადგილი ფრონტის ხაზიდან პირდაპირი ხაზით 160 კმ-ზე მეტადაა დაშორებული...

ამ ბლოგის 23 მაისის სტატიაში „ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანიც პარალიზირებულია უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შედეგად...“ , ვწერდით, რომ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა დაიწყეს ინტენსიური საჰაერო დარტყმები რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებულ ყირიმისკენ ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალ სახმელეთო დერეფნის ავტოტრასაზე, რამაც გამოიწვია მოძრაობის ნაწილობრივ შეფერხება და გაართულა რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება ანექსირებულ ყირიმში და ამასთან გააჩინა საწვავის მწვავე დეფიციტიც ,ისე, რომ ერთ მანქანაზე 20 ლ ბენზინზე მეტის ყიდვა აკრძალულია... ბოლო ერთ კვირაში, უკრაინის გენშტაბმა ანალოგიური საჰაერო ოპერაციები გადაიტანა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სიღრმეშიც, როდესაც ფრონტის ხაზიდან აღმოსავლეთით, 150 კმ-ით დაშორებულ ასფალტირებულ გზაზე არხეინად მოძრავი რუსული სამხედრო „კამაზებისა“ და „ურალების“ მძღოლები საქარე მინასთან მოულოდნელად უკრაინულ დრონს აღმოაჩენენ და...

მანქანებზე გარდა პირდაპირი შეჯახებისა, უკრაინულმა დრონებმა ამ გზებზე დაიწყეს მინიატურული ნაღმების ჩამოყრა, რომელზეც სისწრაფით გადავლისას აფეთქების ტალღა გლეჯს საბურავს და მანქანა ყირავდება.

ზოგიერთი დრონი კი ასფალტირებულ გზაზე ფანტავს წაწვეტებულ ლითონის ღეროებს, რომლებიც საბურავებს ხვრეტენ, მანქანების ნაკადი ჩერდება და ხერგავს ტრასის ორივე მხარეს, რის შემდეგაც უკრაინულ კამიკაძე-დრონების ოპერატორებს ბევრად უადვილდებათ გაჩერებული მანქანების მწკრივში ყველა „მსუყე“ სამიზნეების-ბენზიმზიდების აუჩქარებლად ამორჩევა...

ეს ახალი მეთოდი, კერძოდ კი ფრონტის ხაზიდან 100-150 კმ-ის სიღრმეში მოწინააღმდეგის სამხედრო და სამოქალაქო ლოჯისტიკის მნიშვნელოვნად შეფერხება, ბევრად უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს ფრონტის ხაზზე პუტინის არმიის შემდგომი წინსვლისთვის, ვიდრე ასობით უკრაინული დრონის შეწირვა, როგორმე მოსკოვის ცენტრისკენ გასაჭრელად...