რა მოხდება 2028 წლის ოქტომბრამდე?! - კვირის პალიტრა

რა მოხდება 2028 წლის ოქტომბრამდე?!

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 26 მაისს "ოპოზიციური ალიანსის" აქცია. პირველ რიგში, ვისაუბროთ ხალხის რაოდენობაზე: ყველას უყვარს "თავე­ბის თვლა", "იმ მხარესაც" და "ამ მხარესაც". თუ გავითვალისწინებთ, რომ აქცია ორგა­ნიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ (რომელთა რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, მაღალი არ არის), ნორმალური დასწრება იყო. იყო თუ არა ეს გარდამ­ტეხი აქცია, როგორც ორგანიზატორებს გამოჰ­ყავთ? არა - რა გადატყდა, გაუგებარია. ამ აქციამ ის დაადასტურა, რომ ქვეყანაში პროტესტი არსად წასულა და შესაბამისად, ჩუმი პოლიტიკური კრიზისი განმუხტვას საჭიროებს.

გავიგეთ თუ არა რამე ახალი ოპოზიციის ლიდერებისგან? არაფერი. გარდა იმისა, რომ კიდევ შეიკრიბებიან და ბრძოლა გრძელდება. სამაგიეროდ, გავიგეთ ის, რომ "ოპოზიციურმა ალიანსმა" მიხეილ სააკაშვილი ვერ "შემოირიგა" (ისე, აქციის დაწყებისთანავე სააკაშვილის მომხრეებმა კამერების წინ სტრატეგიული ადგილი დაიკავეს მიშას პლაკატებით ხელში და საქმეში ჩაუხედავ ხალხს შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ აქციის მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იყო).

აი, რა დაწერა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისის აქციაზე: "საქართველო იმსახურებს უკეთესს!" - სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში ყველაფერი, ასე თუ ისე, რიგზეა, მაგრამ უკეთესიც შეიძლება. ნუთუ მთლად დავბრმავდით, თუ რა ხდება? საქართველო დღეს სრული განადგურების პირასაა მიყვანილი, უკიდურესად დაცემულ, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ არა მხოლოდ დავკარგეთ ჩვენი მსოფლიო როლი, რომელიც უდავოდ გაგვიჩნდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, არამედ რეგიონშიც კი აღარ ვართ ლიდერები, რაც არასდროს მომხდარა ისტორიულად. ამიტომ აქ უნდა ვისაუბროთ არა "უკეთესზე", არამედ საქართველოს გადარჩენასა და ისტორიული სიდიადის აღდგენაზე. ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი, ფსევდოდემოკრატიული რიტო­რიკა. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ისტორიული მისიის გააზრება და მისკენ გაბედული ნაბიჯებით სვლა. "შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი" ძალიან მავნე გეგმაა, მაშინ როცა არცე­რთი დღე არ არის დასაკარგი საქართველოს გადარჩენისთვის. მინდა მივმართო ყველას, ვინც ჩემსავით ფიქრობს, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ".

ფაქტობრივად, სააკაშვილი ცდილობს დაშალოს "ოპოზიციური ალიანსი". მიზეზი გასაგებია - ალიანსის პარტიათა დიდმა ნაწილმა არ აღიარა ის ლიდერად და გამწა­რებული მიშა მათკენ უკვე კენჭებს კი არა, ლოდებს ისვრის. მისი პრინციპია, თუ თვითონ არ იქნება ბელადი, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

მიშა იქით იყოს და, "ოპოზიციური­ ალი­ანსის" ლოზუნგი ექსპერტებმაც გა­აკრიტიკეს. არადა, ისინი გაიძახოდნენ, რომ ოპოზიციას პოზიტიური დღის წესრიგი აკლია და მხოლოდ "გადადექის" და "არიქა, ქვეყანა იღუპებას" ძახილით, შორს ვერ წავა. ა, ბატონო, პოზიტიური ლოზუნგი, ყოველგვარი დამხობისა და აპოკალიფსური წინასწარმეტყველებების გარეშე. არც ეს მოსწონთ? უკვე "ჭრელო პეპელას" პრინციპთან გვაქვს საქმე.

ექსპერტთა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტთა ერთმა ნაწილმა აქციის ორგანიზატორები გააკრიტიკა, კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენიათო. ჩვენს ოპოზიციურ ლიდერებს თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ, მაგრამ... მოდი, ეს აქტივისტები და ექსპერტები წუთით ჩაძვრნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ტყავში. თვითონ რაიმე კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ? ან რა კონკრეტული გეგმა შეიძლება იყოს? აგერ, იყვნენ პოლიტიკოსები, რომელთაც წარმო­ადგინეს "კონკრეტული გეგმა" - არიქა, 4 ოქტომბერს ხელისუფლებას "მშვიდობიანად ვამხობთო". საბოლოოდ ამან ის მოიტანა, რომ ეს პოლიტიკოსებიც ციხეში სხედან 7-7-წლიანი სასჯელებით და 60-მდე კაციც წაიყოლეს საპყრობილეში.

რა მოხდება მომავალში?!

თქვენი მონა-მორჩილი თავს მისცემს უფლებას და შემოგთავაზებთ პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2028 წლის ოქტომბრამდე. მოცემულობად ავიღოთ ის, რომ დღევანდელი სტატუს-კვო შენარჩუნებულია და ხელისუფლება რაიმე მძიმე შეცდომას არ უშვებს, რასაც შიდა ესკალაცია მოჰყვება.

ოპოზიციური პარტიები (თუმცა საკითხავი ის არის, სააკაშვილის გადამკიდე შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას "ოპოზიციური ალიანსი") აქციებს გააგრძელებენ 2026 წლის შემოდგომაზეც. შემდეგ იქნება საახალ­წლო პაუზა. 2027 წლის გაზაფხულიდანაც იქნება აქციები რომელიმე კონკრეტულ თარიღთან მისადაგებით. იქნება ზაფხულის პაუზა და აქციების ჩატარების მცდელობები შემოდგომაზე. შემდეგ ისევ საახალწლო "შესვენება". ამასობაში, მოვა 2028 წლის გაზაფხული. ამ პერიოდიდან ტელესტუდიებში დაიწყება გაცხოველებული დისკუსიები იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა 2028 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. ეს დისკუსიები გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაშიც...

შესაძლოა ვცდები, თუმცა ასე მგონია - 2028 წლის აგვისტოში ან სექტემბერში ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ან ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. აი, რა მოხდება 2028 წლის ოქტომბერში, უკვე აღარ ვიცი...

წაიკითხე ვრცლად