7 აპრილს შეჩერებული ომი 7 ივნისს განახლდა?! -  ნეთანიაჰუ ტრამპს საერთოდ აღარ „უჯერებს“... - კვირის პალიტრა

7 აპრილს შეჩერებული ომი 7 ივნისს განახლდა?! -  ნეთანიაჰუ ტრამპს საერთოდ აღარ „უჯერებს“...

„ვიმედოვნებ, რომ ისრაელი არ უპასუხებს, თუკი ბიბი (ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ) უპასუხებს, მაშინ გაგრძელდება ის, რაც ბოლო 47 წელი ან 3 ათასი წელი ხდება...“- ასეთი იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადება 7 აპრილის საღამოს, ვაშინგტონიდან, მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში უკვე ახალი დღე, 8 ივნისი იწყებოდა და ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავები უკვე ფრინდებოდნენ აეროდრომებიდან, ირანისთვის საპასუხო დარტყმების მისაყენებლად...

გუშინ, 7 ივნისს, ამავე ბლოგში, ღამით, 22:31 წთ-ზე გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით - „ისრაელმა ბეირუთი დაბომბა, ირანი ისრაელზე დასარტყმელად ემზადება, ტრამპის მოლაპარაკებები კი წყალში იყრება?“, რომელშიც გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ 7 აპრილის დილას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ შტაბის დაბომბვისთვის (რაც ისრაელმა იმით გაამართლა, რომ მანამდე „ჰეზბოლამ“ რაკეტები ესროლა მის ჩრდილოეთ ტერიტორიას), ირანი აუცილებლად პასუხს გასცემდა და 7-8 ივნისის ღამეს ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტევდა... თუმცა ღამემდე ვინ აცალა, ჩვენი სტატიის გამოქვეყნებიდან 41 წუთში ირანმა არანაკლებ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელისკენ და ზედ კამიკაძე-დრონებიც მიაყოლა, რასაც მხარი აუბეს იემენელმა ჰუსიტებმაც და მათაც გაუშვეს ისრაელისკენ რაკეტები...

1-isr-1780904268.jpg

ფოტო: ისრაელის საბრძოლო ავიაციამ ისევ დაბომბა ირანი-გადაიზრდება თუ არა ეს ომის განახლებაში?

არის თუ არა ეს აშშ-ისრაელსა და ირანს შორის 7 აპრილს შეწყვეტილი ომის განახლება ზუსტად სამი თვის თავზე?

ირანის საჰაერო შეტევას 8 ივნისის გამთენიისას ისრაელმა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „ხურდა“ დაუბრუნა და ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ობიექტის ნაწილი დაზიანდა...

ახლა კი ისევ ირანის ჯერია, ისრაელისკენ რაკეტების ახალი პარტიის გასაშვებად და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს...

ანუ მართალი გამოდის აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ჯერ ირანელებს მიმართა - „ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს. ძალიან ახლოს ვართ. ვიტყოდი, რომ შეთანხმებას ხელი მომავალი კვირის ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს მოეწერება, ახლა კი ეს ხდება. თქვენ რაკეტები გაისროლეთ - საკმარისია! დაბრუნდით მოლაპარაკების მაგიდასთან და გააფორმეთ შეთანხმება“. შემდეგ კი მან პრემიერ ნეთანიაჰუს გასაგონად განაცხადა, რომ უკმაყოფილოა კვირას ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული დარტყმებით - „მე ამით უკმაყოფილო ვარ... ახლავე დავურეკავ ნეთანიაჰუს, რომ საპასუხოდ არ შეუტიოს ირანს“.

უცნობია, დაურეკა თუ არა ტრამპმა ნეთანიაჰუს და კატეგორიულად თუ მოსთხოვა, რომ არ ეპასუხა საჰაერო შეტევით ირანისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ისრაელმა ეს მაინც გააკეთა...

2-isr-1780904323.jpg

ფოტო: ტრამპი ძალზე გაბრაზებულია ნეთანიაჰუს „ურჩობით“...

რა გამოდის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელმაც, ფაქტობრივად, დააჯერა და აიყოლია აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, რომ 28 თებერვალს გაერთიანებული ძალებით შეეტიათ ირანისთვის და ეტყობა, შეჰპირდა კიდეც ადვილ გამარჯვებასაც - აიათოლების რეჟიმის სწრაფად დამხობის სახით, ახლა აღარ „უჯერებს“ „დიდ დონალდს“?

ალბათ, სწორედ ამიტომაც, გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა -„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოუწევს, მიიღოს ნებისმიერი ის შეთანხმება, რაც ამერიკასა და ირანს შორის შეიძლება დაიდოს, მას არჩევის საშუალება არ აქვს, გადაწყვეტილებებს ვღებულობ მე, ყველა გადაწყვეტილებას მე ვღებულობ და არა ის...“

ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა - სანამ ტრამპი ცდილობს, თეირანს თავი „მოუქონოს“ და ხშირად „უყვავებს“ კიდეც, ისრაელის თავკაცი „ეურჩება“ „დიდ ძმას“ - აშშ-ს და თითქოს სპეციალურად ურტყამს ლიბანში „ჰეზბოლას“, იცის რა, რომ ამას ირანის საპასუხო ქმედება მოჰყვება, რასაც ისრაელიც უპასუხებს და... ტრამპის სამი თვის „ნაცოდვილარი“ სამშვიდობო მოლაპარაკებები ირანთან წყალში გადაყრილი აღმოჩნდება... რაც კიდეც შედის ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებში -ომი ბოლომდე - „ჰამასის“ ღაზას სექტორში, ხოლო „ჰეზბოლას“ ლიბანში სრულ განადგურებამდე და მათი მფარველის - ირანის აიათოლების რეჟიმის დამხობა, სულაც თითოეული აიათოლასა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყველა გენერლის ფიზიკური ლიკვიდაციის სახით...

ასე კი, ისრაელ-ირანის ომი მართლაც უსასრულოდ გაგრძელდება...

თუმცა, ვაშინგტონიდან თელ-ავივს ჟურნალისტების პირით უკვე უთვლიან, - თუკი ისრაელი მაინც წამოიწყებს ახალ დიდ ომს ირანთან, ამერიკის საბრძოლო დახმარების იმედი აღარ გქონდეთო...

მაგრამ რას იზამს პრეზიდენტი ტრამპი მაშინ, როდესაც, ისრაელის საჰაერო შეტევების საპასუხოდ, ირანი ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით „გაუმასპინძლდება“ ქუვეითში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, როგორც ეს 28 თებერვლიდან- 7 აპრილამდე ომის პერიოდში არა ერთხელ მომხდარა?