ამერიკულ-ჩინური ფრონტი საქართველოში?! - რა მისია აქვს თბილისს ვაშინგტონის თვალში: ბიძინა ლებანიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

ამერიკულ-ჩინური ფრონტი საქართველოში?! - რა მისია აქვს თბილისს ვაშინგტონის თვალში: ბიძინა ლებანიძის ანალიზი

საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის, აშშ-ისა და ევროპის მიმართ არც რიტო­რიკას ცვლის დ არც პოლიტიკას. რას მიაღწევს ამით "ოცნება", ამ თემაზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.

- ამერიკას და ევროპას განსხვავებული მიდგომები აქვთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია წმინდად ტრანზაქციული და გეოპოლიტიკურია. კი, აპელირებენ ხოლმე სხვადასხვა კანონზე, ადამიანის უფლებებზე, მაგრამ მათი მამოძრავებელი მოტივი მაინც ტრანზაქციული, გეოპოლიტიკური და პრაგმატული ინტერესებია. მათ თვალში საქართველოს აქვს გარკვეული საერთაშორისო როლი, რომელსაც ხელისუფლება ვერ შეცვლის. მაგალითად, ისინი უყურებენ ჩინეთის როლს - იმას, რომ ჩინეთი შემოდის რეგიონში და მათ შორის საქართველოშიც. ანაკლიის პორტშიც აქვთ ინტერესები. ბოლოს და ბოლოს, არ დაადგა საშველი ამ პორტს, ვერ გავიგეთ, აშენებენ თუ არა, მაგრამ ჩინური კომპანია იქ მაინც ფიგურირებს... ამას ემატება სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებიც. მაგალითად, TRIPP-დერეფანი და სომხეთსა და აზერბაიჯანზე ფოკუსირება, რაც განპირობებულია უშუალოდ ტრამპის პერსონით, მისი პირადი ეგოთი. მან, თავისი გაგებით, დაამთავრა ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ჩაიწერა კიდევ ერთი დასრულებული კონფლიქტი, რითაც ახლა ახდენს პროფილირებას. საქართველოში ამას ვერ გააკეთებს, რადგან აქ რომ კონფლიქტები გადაჭრას, რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს, ან ისეთი დიალოგი გამართოს, რაც ხელს არ აძლევს.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას, ეს ადმინისტრაციის უმაღლესი დონიდან კი არა, უფრო დაბალი რგოლებიდან მოდის - ზოგიერთი კონგრესმენისგან ან სახელმწიფო მდივნის აპარატისგან. ეს არ არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მამოძრავებელი მოტივი. საქართველოს ხელისუფლებას თუ უნდა ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, უნდა შესთავაზოს ისეთი რამ, რომ ჩვენი ქვეყნით დააინტერესოს. ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქციული ფაქტორია - ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულობა ან რაღაც ისეთი, რაც ტრამპის ეგოს დააკმაყოფილებს. მაგალითად, შუა დერეფნის თემის წამოწევა, რაც ამერიკელებს რეალურად აინტერესებთ.

დღეს ამერიკის ინტერესები ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის მიმართულებაზე გადადის... საქართველოც ამ სივრცის ნაწილია. თუ საქართველოს აქვს ამერიკის დაინტერესების სურვილი, როგორმე მისი ყურადღება უნდა მიიპყროს. ამას სჭირდება ჰიპერაქტიული საგარეო პოლიტიკა და ამერიკის არგაღიზიანება თუნდაც ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. თუმცა არც ეს არის გარანტია. საქართველომ, ჰიპოთეზურად რომ ვიმსჯელოთ, მთლიანად რომ გაყინოს ურთიერთობა ჩინეთთან და ამერიკის ყველა პირობა დააკმაყოფილოს, მაინც არა გვაქვს გარანტია, რომ ვაშინგტონი აქ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ინვესტიციას განახორციელებს. სამწუხაროდ, ეს პატარა ქვეყნების ბედია - ისინი ყოველთვის დიდი სახელმწიფოების ინტერესებზე არიან დამოკიდებული.

წაიკითხე ვრცლად