ყველაზე უცნაური სამხედრო აღლუმი კიევში... მხოლოდ დრონებით! - ვიდეო - კვირის პალიტრა

ყველაზე უცნაური სამხედრო აღლუმი კიევში... მხოლოდ დრონებით! - ვიდეო

რუსეთის მხრიდან ღია სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინა 24 აგვისტოს მეხუთე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა და მოსალოდნელი იყო ისიც ტრადიციული სამხედრო აღლუმის გარეშე ჩავლილიყო, იმის ფონზე თუ როგორ იბომბება კიევი, თუმცა...

დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი კიევში ყველაზე უცნაური სამხედრო აღლუმით დამთავრდა, რომლის მსგავსი აქამდე, არსად გამართულა, რადგან მასში მონაწილეობას მხოლოდ დრონები იღებდნენ!

2drp-1787587039.png
საზღვაო კატარღა-კამიკაძეების ესკადრა მდინარე დნეპრზე მიცურავს...

კრეშატნიკზე სახმელეთო დრონების კოლონები მიემართებოდნენ, კიევს საჰაერო დრონების ესკადრილიებმა გადაუფრინეს,ხოლო მდინარე დნეპრში კი საზღვაო კატარღა-კამიკაძეების ესკადრამ გაცურა...

ასეთი უცნაური და ამასთან ორიგინალური სამხედრო აღლუმი, სადაც მხოლოდ დისტანციურად მართვადი და რობოტიზირებული სამხედრო ტექნიკა მიიღებდა მონაწილეობას, დღემდე არცერთ ქვეყანას არ ჩაუტარებია.

ომში მყოფი უკრაინელები აქამდე ერიდებოდნენ ფრონტის ხაზიდან ტანკებისა და ჰაუბიცების მოხსნას იმისთვის, რომ გაერეცხათ, გადაეღებათ და კიევის ცენტრში კრეშატნიკზე საზეიმოდ ჩაეტარებინათ, მაგრამ წელს მართლაც რომ კრეატიული მიგნება გამოუვიდათ...

საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს სააღლუმოდ ნაკლებად უნდა სცხელოდეთ, თუმცა პუტინს ამ ომის დაწყებიდან არცერთი წლის 9 მაისი არ ჩაუგდია, რომ მოსკოვში, კრემლის წინ წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი არ მიეღო, რითაც ის ეტყობა კვლავ სტალინს „ეჯიბრებოდა“, რომელმაც 1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმის გამართვის ბრძანება გასცა და წითელი მოედნიდან საბჭოთა ტანკები თავისი სვლით პირდაპირ ფრონტის ხაზზე მიემართებოდნენ, რადგან ჰიტლერის არმია ფაქტობრივად მოსკოვის გარეუბნებს იყო მიმდგარი...

3-dro-1787587059.png
კიევის თავზე ჰაერში „გამოკიდული“ საჰაერო დრონებიც ამ აღლუმში იღებდნენ მონაწილეობას...

ჯერ პუტინს ისე არ გასჭირვებია, რომ 9 მაისის სამხედრო აღლუმიდან ტანკები პირდაპირ მოსკოვის დასაცავად გაუშვას (თუმცა ვინ იცის რა დრო დადგება,ზუსტად ორი წლის წინ განა პრიგოჟინის „აჯანყებული“ „ვაგნერი“ თავისი ტანკებითა და ჯავშანმანქანანებით მოსკოვს ორას კმ-ში არ მიადგა?), თუმცა ისიც თვალშისაცემი გახდა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული ყველა შემდგომ წელს ძალზე იკლებდა 9 მაისს წითელ მოედანზე ჩავლილი რუსული საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა და ბოლოს არცერთი ტანკიც არ ჩაუტარებიათ(თუკი სტალინისდროინდელ ერთადერთ Т-34-ს არ ჩავთვლით),ხოლო საბრძოლო ავიციის საზეიმო გადაფრენას მოსკოვის თავზე რუსები ძალიან უფრთხიან, რადგან მოსკოვის მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებზე სულ „იგლებითა“ თუ „სტინგერებით“ ჩასაფრებული უკრაინელი დივერსანტები ელანდებათ.

პომპეზური სამხედრო აღლუმების ჩამტარებელი ქვეყნების არმიების რეალური ბრძოლისუნარიანობა შეიძლება სავალალოც იყოს,რადგან ჯარის სიმტკიცე მხოლოდ ბრძოლის ველზე ვლინდება და არა დროშების ფრიალით დედაქალაქების ცენტრებში გამართულ სამხედო აღლუმებზე საზეიმოდ ჩავლისას...

ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე რუსეთზე „ფლამინგოების“ ზალპით აღნიშნა