სპეცდანიშნულების ღალატი - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "გამორიცხავთ, რომ ფარცხალაძემ თქვას, ჩემი სამშობლო უნდა გავათავისუფლოო და "გეორგიევსკი" ახალ მე-11 არმიად მოგვევლინოს?!"
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 14 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
- გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან უკვე მეექვსე წერილი გამოგზავნა. რას ფიქრობთ მის წერილებზე და იმ პროცესზე, რაც ღარიბაშვილის გარშემო ხდება? რას ცდილობს ის და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს თავად "ქართული ოცნებისთვის?"
- როდესაც მდინარაძე მოხსნეს სუს-ის უფროსობიდან და ნელ-ნელა მისი ჩაჩოჩება დაიწყეს, ბოლოს კი საერთოდ გაუშვეს პოლიტიკიდან, ვფიქრობ, ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ უნდა დაეწყო ახალი პროცესი კობახიძე-მდინარაძის გუნდის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მიიჩნია, დრო დადგა შეეხსენებინა ივანიშვილისთვის და რაღაცნაირად მიეღო უფრო შეღავათიანი პირობები.
ალბათ, გააგრძელებს ციხიდან წერილების გამოგზავნას. თუმცა მისგან ლაპარაკი, რომ "ზურგში დანა ჩაარტყეს", მთლად ეგრეც არ არის, იმიტომ, რომ თავად აღიარა ბრალდების გარკვეული ნაწილი.
თუ ძალიან მოუნდება ივანიშვილს, ღარიბაშვილს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ და კიდევ უფრო დაუმძიმებენ სასჯელს. ყოველივე ეს მე უფრო რთული პოლიტიკური თამაში მგონია და მეეჭვება ღარიბაშვილის წერილებმა ივანიშვილზე გავლენა მოახდინოს.
რაც შეეხება სისტემას, იქ ცოტა რთული ვითარებაა, იმიტომ, რომ იმ გუნდს, ვინც ღარიბაშვილთან თანამშრომლობდა, გაუჩნდა შიში იმისა, რომ ღარიბაშვილის შემდეგ შესაძლოა საქმეები მათზეც აღიძრას. ამან მთელი ამ სისტემისა და ვერტიკალის შერყევა გამოიწვია. მოკლედ, ამ ხალხს შიში გაუჩნდა და გარკვეულწილად მათი დამშვიდება გახდა საჭირო. ოღონდ ეს არ არის ისეთი შფოთვა, რომელიც მათ პოლიტიკაში რეალობისკენ მოაბრუნებს, ან ივანიშვილის საწინააღმდეგო განწყობებს შექმნის. პირიქით, ახლა თითოეული მათგანი ცდილობს, თუ რაიმე მექანიზმი შემორჩა, ივანიშვილთან მოძებნოს მისასვლელი გზა და ერთგულება დაუმტკიცოს ან შეჰფიცოს. ასეთი ვითარებაა დღეს, ამიტომ არა მგონია, ღარიბაშვილის ეპისტოლარულმა ჟანრმა მისთვის რაიმე სასარგებლო და მომგებიანი ნაყოფი გამოიღოს. თუმცა ის სხვაგვარად მიიჩნევს, როგორც ჩანს, და ამიტომაც აგრძელებს წერილების გზავნას.
სამწუხაროდ, როდესაც ხელისუფლების საყრდენს აღარ წარმოადგენს მოსახლეობა, არამედ ამ ფუნქციას ასრულებენ მხოლოდ ერთი პარტიის საკუთრებად ქცეული ძალოვანი სტრუქტურები, ხელისუფლებას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ის ხომ უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მიიღებს მხარდაჭერას არჩევნებზე - გააყალბებს და, დამთავრდება. საარჩევნო სისტემა უკვე "მოწესრიგებულია", სრულად აკონტროლებენ... არჩევნები იქნება ფორმალური, ისე, როგორც ჩვენს მეზობელ ავტორიტარულ ქვეყნებშია.
- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ იმჟამად "გირჩის" წარმომადგენლები იაგო ხვიჩია და სანდრო რაქვიაშვილი თურმე 2025 წლის მიწურულს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.
- სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე სათქმელი არაფერი მაქვს. ბოლომდე ისიც არ ჩანს სარწმუნოდ, ნამდვილად იყო თუ არა შეხვედრა. თუ შეხვდა კიდეც, გულწრფელად რომ გითხრათ, პოლიტიკურად ეს ხვიჩიასთვის რამდენად მომგებიანი იყო, არ ვიცი. ვერ ვხედავ, რომ ამ შეხვედრით მათ რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ივანიშვილმა ხვიჩია მთავარ ოპოზიციურ ლიდერად დანიშნა, ვფიქრობ, ძალიან ცდება.
- "ქართული ოცნების" ყოფილ გენპროკურორზე და წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების "საქმეების დამლაგებლად" ცნობილ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეზეც მინდა გკითხოთ, რომელმაც, როგორც ამბობენ, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში დიდძალი ფული იშოვა, ახლა კი ოკუპანტ ქვეყანას თავშეფარებული იქიდან ეწევა საქართველოს ძირგამომთხრელ საქმიანობას და ამაზე ხელისუფლება ოდნავადაც არ გრძნობს პასუხისმგებლობას. მოგეხსენებათ, ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა, რომელიც, მისი მტკიცებით, უკრაინაში იბრძოლებს. ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც თურმე "უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში"... ასეთი ფიგურები კრემლს სულ ჰყავდა იგორ გიორგაძიდან მოყოლებული. ახლა რას ცდილობს ოკუპანტი?
- რაღა დაგიმალოთ და, ფარცხალაძის ამბავი რომ გავიგე, პირველად იგორ გიორგაძე და სერგო ორჯონიკიძე გამახსენდა... გეთანხმებით, სულ ჰყავდა ეგეთი ოდიოზური ფიგურები გადანახული კრემლს შემდეგ წლებშიც. ამ ეტაპზე ფარცხალაძე რუსეთს პროპაგანდისთვის სჭირდება. ახლახან პუტინმა განაცხადა, დასავლეთი კავკასიაში ცდილობს ანტირუსული განწყობების შექმნას და იქიდან რუსეთის გაძევებასო. არადა, საქართველოში ანტირუსული განწყობა არავის შეუქმნია თვითონ ოკუპანტის გარდა. რაც მათ მარტო ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგვმართეს, როგორ შეიძლება გონიერ ქართველს პროტესტი არ ჰქონდეს. თუმცა ახლა რუსეთს სურს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ყველა ქართველი უკრაინის მხარეს კი არ იბრძვის რუსების წინააღმდეგ, აგერ "ქართული ბატალიონიც" კი შეიქმნა თურმე (კაცმა არ იცის, რამდენი იქნება იმ ბატალიონში ფარცხალაძისთანა ქართველი, მაგრამ რეკლამისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია).
როდესაც არსებობს ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არც ისე უმნიშვნელოა. სადღაც წავიკითხე კიდეც, ის შესაძლოა ახალ სერგო ორჯონიკიძედ ჩაუყენონ სათავეში რუსულ არმიას და შემოუშვან საქართველოშიო. სამწუხაროდ, არც მოვლენების ასეთ განვითარებას გამოვრიცხავ, ოღონდ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი - ეს იქნება განმსაზღვრელი.
მოსკოვს სურს წარმოაჩინოს, რომ ქართველებიც იბრძვიან რუსების მხარეს. თუმცა, ალბათ, სხვა ჩანაფიქრიც აქვთ. გამორიცხავთ, რომ ერთ დღეს ფარცხალაძემ თქვას, ჩემი სამშობლო უნდა გავათავისუფლოო და „"გეორგიევსკი" ახალ მე-11 არმიად მოგვევლინოს?! დანგრეული მსოფლიო წესრიგის ფონზე, რამეს მოერიდებიან რუსები თუ ჭკუა დაუშლით?!