"იგორ გიორგაძესაც ამზადებდნენ ვითომ აქ ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ...ფარცხალაძეც ისე დაბერდება, ვერც ერთი დღით ვერ ჩამოვა საქართველოში!" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რას გეგმავს რუსეთი?! - კვირის პალიტრა

"იგორ გიორგაძესაც ამზადებდნენ ვითომ აქ ხელისუფლებაში მოსასვლელად, მაგრამ...ფარცხალაძეც ისე დაბერდება, ვერც ერთი დღით ვერ ჩამოვა საქართველოში!" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რას გეგმავს რუსეთი?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 21 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ბატონო სანდრო, მიმდინარე კვირას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვეს საკმაოდ ხანგრძლივ, ცამეტწლიან პატიმრობაში მძიმე ბრალდებებით. ის უკვე მერამდენე მაღალჩინოსანია ამ ხელისუფლების, რომელიც კორუფციული გარიგებების, ქოლცენტრების მფარველობისა და ქრთამის აღების ბრალდებით ციხეში მიდის. ამ დროს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ისეთი სუფთა ხელისუფლება გვყავს, რომ კრიტიკის მიზეზიც კი არ არსებობს. რას იტყვით ამაზე?

- მოდი, ამ ყველაფერს ცოტა ზოგადად შევხედოთ - წლების წინ გავრცელებული ხმები მინდა გაგახსენოთ, როცა რუსეთში თავდაცვის მინისტრად სერდიუკოვს ნიშნავდნენ, თურმე პუტინმა უთხრა, სამხედრო ბიუჯეტის სამ პროცენტზე მეტი არ მოიპაროო. დაახლოებით ასეთი სისტემა შენდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, რაც "ქართულმა ოცნებამაც" წარმატებით გააგრძელა - რაღაც ლიმიტი მისცა მაღალჩინოსნებს მოსაპარად, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ამ ლიმიტს არ იცავენ.

ამ სისტემაში მმართველისთვის ერთი "კარგი" რამ არის: მისი ყველა ვეზირი მძევალია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია ციხეში ჩასვას, მათ შორის პირველი მთავარი ვეზირიც და ყველაზე დაახლოებული ფაშაც. მინისტრები, ალბათ, ყოველდღე გულის წამალს სვამენ, რადგან ეს პროფესია ძალიან სახიფათო გახდა. ამ სისტემაში არც ერთი ადამიანი დაცული არ არის. სამწუხაროდ, პარადოქსულად და თან ლოგიკურად, მივდივართ იმ სისტემამდე, რომელიც თავის დროზე სტალინმა ჩამოაყალიბა, როდესაც საკუთარი გარემოცვა ციხეში გამოკეტა.

ასე რომ, რასაც არ უნდა ამბობდეს პრემიერ-მინისტრი, ინსტიტუციური კორუფცია არსებული სამთავრობო ინფრასტრუქტურის პირობებში ვერ აღმოიფხვრება. ეს სისტემა იმდენად მახინჯია, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენს გაისტუმრებენ გისოსებს მიღმა, თუმცა ყველაზე დრამატული ის არის, რომ მისი ერთბაშად ჩამონგრევა აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან ამან შესაძლოა სახელმწიფო ჩამოაქციოს.

თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოახერხა ინსტიტუციური კორუფციის აღმოფხვრა, თუმცა სხვაგან კორუფცია მაინც ყვაოდა, რისი მაგალითიც დავით კეზერაშვილის ფენომენია. ასე რომ, ნუ გაიძახიან, თითქოს სუფთა ხელებით მუშაობენ, სასაცილოდ იხდიან თავს.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულებს: ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

- გოგა ჩახუნაშვილის შესახებ ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან ჩემი კლასელის უმცროსი ძმაა, რომელსაც ექვსი წლის ასაკიდან ვიცნობ. ის სამოცდათორმეტი წლისაა, ჩემზე ხუთი წლით უმცროსი, ძალიან მტკიცე ადამიანი. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ციხეში სვამს აკადემიკოს კაცს, საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სამედიცინო აკადემიის წევრსა და "Eუროშციენცე საქართველოს" თავმჯდომარეს! ეს იგივეა, თავის დროზე აინშტაინი ან ედისონი გაეშვათ ციხეში. ახლა ხელისუფლება ცდილობს "პირი მოიბანოს", თუმცა გაურკვეველია, რას ფიქრობდნენ, როდესაც მას აკავებდნენ - მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. მოსამართლეებს საერთოდ უნდა მოეხსნათ მისთვის ბრალი.

- კიდევ ერთი თემაა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ. შესაძლოა დასავლური სამყაროს, აშშ-ისა და ევროკავშირისთვის ეს ნაბიჯი ბოლო წერტილი აღმოჩნდეს. ელოდებით, რომ "ქართული ოცნება" წავა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე?

- ჩემი შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" დიდი შიდა წინააღმდეგობაა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა თუ უნდოდა ივანიშვილს, ეს 2012 წელს უნდა გაეკეთებინა, ახლა ეს დაგვიანებულია. სარჩელი თვეებია საკონსტიტუციო სასამართლოში დევს და ახლა ხელახლა განაახლეს გიორგი გახარიას პარტიის დამატებით, რათა განხილვის ვადა გადაეწიათ. ვფიქრობ, თვითონ მოსამართლეებიც საგონებელში არიან ჩავარდნილი, ფიქრობენ, როგორ მოიქცნენ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. დიდი იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" ამაზე არ წავა.

- დასასრულ, ბატონო სანდრო, რუსეთთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: ბოლო ხანს კრემლის წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს შესახებ. შეიძლება ითქვას, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო სცენაზე გამოჩენის შემდეგ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საკითხი, თითქოს საქართველოს ძალიან სჭირდება რუსეთთან ურთიერთობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას ერთ-ერთი ბოლო განცხადებით, თურმე ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრათ.

- ეს ფარისევლობა და ტყუილია. ისევ მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდს მიმართავენ - თან მოვენატრეთ, თან სეპარატისტებს არჩევნებს უტარებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებაზე ლაპარაკობენ. რუსეთი, ვახტანგ VI-დან მოყოლებული, სულ გვატყუებს, თუმცა ჩვენ სულ ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ - ვტყუვდებით. იმედია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი გამოცდილება გვეყოფა, რომ ამჯერად მაინც არ დავუშვათ შეცდომა.

ცხადზე ცხადია, პუტინსა და მის დამქაშებს საბჭოთა იმპერიის აღორძინება სურთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ეს გადაშლილი ფურცელია, უკვე წასულია მატარებელი, მაგრამ ცდები კვლავაც იქნება.

მე ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ. ბოლოს და ბოლოს, "დიდი თურქობა" გადავიტანეთ, ირანის თავდასხმებიც და რუსეთსაც გადავიტანთ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ.

ქართული ცნობიერება ენაზეც და სარწმუნოებაზეც უფრო მაღლა დგას. ალბათ, ამის თქმის გამო გამლანძღავენ, მაგრამ ქართველები ქართველებად რჩებოდნენ წარმართულ ეპოქაშიც და კომუნისტურ პერიოდშიც, როდესაც სარწმუნოება, ფაქტობრივად, აკრძალული იყო. თუმცა ქართველობა ვერ წაშალეს, დიდი მონდომების მიუხედავად.

ვინც არ უნდა ამზადონ, ხარჯონ მაგაზე ფული, გაუშვან უკრაინაში საბრძოლველად (ეგებ მიაკლან კიდეც), არაფერი გამოუვათ. გიორგაძესაც ამზადებდნენ ვითომ აქ ხელისუფლებაში მოსასვლელად წლების განმავლობაში, მაგრამ კაცმა ერთხელ ჩამოსვლაც ვერ გაბედა. ამ რომანოვ-ტირე-ფარცხალაძესაც ეგ ელის - ისე დაბერდება (თუ დაბერდა, საერთოდ), ვერც ერთი დღით ვერ ჩამოვა საქართველოში!

ყველა მოღალატის ბედი ერთია! ახლა ის ცდილობს რაღაცნაირად თავი გადაირჩინოს და თითო კაპიკი იშოვოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს არავითარი მორალი. ეს ყველაფერი რუსეთის რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია, არავითარი სტრატეგია ამ პოლიტიკას არ გააჩნია.

წაიკითხე ვრცლად