ონკოპაციენტის ჩანაწერები
(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #40)
ონკოპაციენტის ჩანაწერები - I ნაწილი
დაბრუნება
დადგა დაბრუნების დრო...
დასრულდა ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე უცნაური, შფოთიანი და საინტერესო 2 კვირა. დრო, როდესაც ჩემში ახალი ადამიანის დაბადება დაიწყო... ასე მგონია, ჩემი დიაგნოზი რომც არ დადასტურებულიყო, ის ახალი ადამიანი მაინც დაიბადებოდა, შესაძლოა არა ისეთი, როგორიც ახლაა, მაგრამ მანამდე არსებული ნათიასგან მაინც სრულიად განსხვავებული.
დავტოვე ჩემი დადარდიანებული დაიკო კოპენჰაგენის აეროპორტში და სტამბოლის გავლით თბილისისკენ გავფრინდი... ტრანზიტზე რამდენიმე საათის გატარება დამჭირდა, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავიფიქირე, შეიძლება მალე მომიწიოს აქ ჩამოფრენა-მეთქი, თითქოს უკვე ვიცოდი, რომ თუ თბილისში პირველი კვლევები ავთვისებიან კიბოს აჩვენებდა, დიაგნოზის დასასმელად თურქეთში წავიდოდი.
თვითმფრინავი ნაშუადღევს დაეკიდა თბილისის ცაზე და ვიდრე მიწაზე დაეშვებოდა, გავიფიქრე, რომ ეს მშვენიერი ხომალდი იყო საზღვარი ჩემს ამჟამინდელ და მომავალ ცხოვრებას შორის და რომ მიწაზე დაშვების შემდეგ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.
თბილისში ახალი ნაწვიმარი იყო, ნესტიანი ხვატი იდგა.
აეროპორტში დათო და კოტე დამხვდნენ და პირდაპირ საყდრიონში წავედით დედას მოსანახულებლად... გვარიანად ვიყავი დაღლილი, მანქანაში რამდენჯერმე ჩამთვლიმა.
ბიჭები რაღაცაზე ხორხოცობდნენ, რას ლაპარაკობდნენ, შინაარსი დიდად არ მესმოდა... დროდადრო საჭესთან მჯდომი კოტე გადმომძახებდა, რამ დაგღლა, ნათელა, ასეო? და ჩემთვის მეცინებოდა, რავარი მოსაყოლი იყო, რამ დამღალა...
დედასთან გვიანობამდე დავრჩით, მე ძირითადად მეძინა, იქაც ნაწვიმარი იყო...
თბილისში უკვე თითქმის დასვენებული და გამოძინებული დავბრუნდი და სამსახურისთვის დავიწყე სამზადისი, თან უკვე კვლევების დაგეგმვაც უნდა დამეწყო...

ნიშნები
ახლა ვფიქრობ, რომ სამყარო ადამიანებს მუდმივად გვაჩვენებს ნიშნებს, რომელსაც ყოველდღიურობაში ჩაძირულები დიდწილად ან ვერ ვხედავთ, ან ვხედავთ და არაფრად ვაგდებთ. მას მერე, რაც ჩემში კიბო ჯერ ფიქრად გაჩნდა, შემდეგ შფოთად და შიშად, შემდეგ კი სიკვდილის სიახლოვეც ასე ცხადად ვიგრძენი, ჩემს აღქმაში ბევრი რამ შეიცვალა... საქართველოში დაბრუნებული უკვე ვფიქრობდი, საკუთარი განცდისა და აზრებისთვის კარგად უნდა დამეგდო ყური, ასევე გარემოსთვის, ადამიანებისთვის...
როდესაც ჩემს დიაგნოზამდე დაახლოებით 2 წლით ადრე ნატას მეგობარი ვალერია, რომელიც ჩემმა დამ შვედეთში გაიცნო და მე სულ ერთხელ მყავდა ნანახი, სწორედ ძუძუს კიბოს დიაგნოზით დამძიმდა და გარდაიცვალა, ეს ამბავი ისე განვიცადე, ჯერ ვალერიას და მისი ობლად დარჩენილი 3 შვილის გახსენებაზე გამუდმებით ვტიროდი, მერე კი ამაზე ფიქრიც აღარ შემეძლო... მეც და ნატასაც ჩემი ასეთი რეაქცია, ერთი შეხედვით, აუხსნელი გლოვა გვიკვირდა, თუმცა ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორედ მინიშნება, რომ ჩემში ის-ის იყო იდებდა ბინას ავადმყოფობა... წესით, ვალერიას ამბის და ჩემი რეაქციის შემდეგ საკუთარ თავზე უნდა დავფიქრებულიყავი და წავსულიყავი მამოგრაფიის გადასაღებად, რომელსაც ლამის ყოველ წელს ვიღებდი, მაინცდამაინც ბოლო 2 წელს გამოვტოვე... არადა, როგორც ექიმები უკვე მალე მეტყვიან, ჩემი კიბო სწორედ ამ 2 წელიწადში გაჩნდა და განვითარდა...
თუმცა სამშობლოში ახალდაბრუნებულმა ნათიამ, რომელიც სარკის წინ დგას და პირველ ულტრაბგერით გამოკვლევაზე წასასვლელად ემზადება, ჯერ არ იცის, ზუსტად რა სჭირს... იცის მხოლოდ, რომ აქვს 2 საკმაოდ მოზრდილი კვანძი ძუძუსა და იღლიაში და თითქოს მზად არის ყველაზე რთული დიაგნოზისთვის...
ოჯახის ექიმმა, რომელსაც მანამდე ველაპარაკე ტელეფონით და ვინც გამიშვა კვლევაზე, საკმაოდ მარტივად შეხედა ჩემს მონაყოლს, ფურუნკული იქნებაო... უკვე ტაქსისკენ მიმავალი გულში საკუთარ თავს დავცინოდი, თუ მართლა ფურუნკული აღმოჩნდა, რა ტყუილად შევქმენი ეს ამხელა ტრაგედია-მეთქი...
ტაქსიში ჩავჯექი თუ არა, თითქოს შემოხედვა ვიგრძენი, თავი რომ ავწიე, დავინახე მანქანის ტორპედოზე დამაგრებული ჩემთვის სრულიად უცნობი მართლმადიდებელი მოძღვრის, შესაძლოა წმინდანის ფოტო. დიახ, უფრო ფოტო, ვიდრე ხატი... მძღოლი ავტომობილებით სავსე ეზოდან გასვლას ცდილობდა და მთელი ყურადღება ამაზე ჰქონდა მიმართული... აშკარად სწორედ ტორპედოდან ვგრძნობდი მზერას... მომეჩვენა-მეთქი, გავიფიქრე... თვალი ავარიდე, ტელეფონი ამოვიღე და თვალიერება დავიწყე.
ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, ალბათ არც მორწმუნე კლასიკური ეკლესიური გაგებით... ჩემთვის ღმერთი აი, ის დიდი, უსაზღვრო სამყაროა, რომლის ნაწილაკადაც მიმაჩნია თავი და რომელსაც სიკეთე ატრიალებს... იყო დრო, როდესაც აღმსარებელიც ვიყავი და მოზიარეც... ჩემს ბავშვობაში, როდესაც საბჭოთა იმპერია დაინგრა და ეკლესიაც გათავისუფლდა ამ საშინელი რეჟიმის აკრძალვებისგან, ტაძარში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვა, ზიარება მოდურადაც კი იქცა... იმხანად ბავშვები და ახალგაზრდები განსაკუთრებული ჟინით გადავეშვით ამ სრულიად უცნობ და საინტერესო სამყაროში. მეც იმათ შორის აღმოვჩნდი, თუმცა დროსთან ერთად, მიჩნდებოდა უამრავი შეკითხვა, რომლის პასუხსაც ეკლესიაში ვერ ვპოულობდი... მეტიც, ვხედავდი, ჩემი კითხვები როგორ აღიზიანებდა ჩემზე მეტად მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი უსიტყვოდ და ეჭვის გარეშე უნდა მიმეღო... და მეც ნელ-ნელა შევწყვიტე ტაძარში სიარული...

ახლა კი ამ მზერას ფოტოდან ისე დაჟინებით ვგრძნობდი... დავაპირე მეკითხა მძღოლისთვის, მაგრამ საუბრის გაბმას მოვერიდე. თუმცა უკვე კლინიკასთან მიახლოებულმა, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, ვისი ფოტოა-მეთქი.
მეო, წლების განმავლობაში მომლოცველთა ჯგუფები დამყავდა საბერძნეთშიო, ერთი ასეთი ტურის დროს მაჩუქეს ეს ხატი - დრამის წმინდა გიორგია, აი, "იუთუბზე" მოძებნე და ნახავო... მანამდე საერთოდ არც გამეგონა, მძღოლისთვის დამატებითი კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა, აშკარად თვითონაც ბევრი არაფერი იცოდა, თან უკვე კლინიკასთან ვიყავით... კიდევ ერთხელ შევხედე, ისევ ნაღვლიანად მიყურებდა, თუმცა თვალებში დიდი ძალა და სინათლე ედგა. მანქანიდან ჩასულმა თითქოს უკვე დაზუსტებით ვიცოდი, რომ არაკეთილსაიმედო ამბები მელოდა, თუმცა ავტომობილიდან გამოყოლილი ეს უცნაური მზერა იმედს მაძლევდა...
იქნებ ვინმესთვის ეს ხავსმოჭიდებული წყალწაღებულის ამბავიც იყოს, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ის არის კიდევ ერთი ანგელოზი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეს გამომეცხადა.
მას მერე, რაც ინტენსიურად მიწევს ქართულ კლინიკებში სიარული, ეს იყო პირველი და უკანასკნელი კაბინეტი, სადაც ურიგოდ შევედი... ოღონდ ულტრაბგერითი გამოკვლევის ოთახი სავსე იყო - დაახლოებით ჩემი ასაკის ექიმისა და მისი თანაშემწის გარდა, კიდევ 3 ადამიანი იყო, მათგან, როგორც მივხვდი, 2 პრაქტიკანტი, მესამე - არ ვიცი. ექიმი რომელი იყო, იმით მივხვდი, მკითხა, რა გაწუხებსო. მე მიმართვა ვაჩვენე, ავუხსენი, რომ მკერდსა და იღლიაში კვანძები ვნახე და ექოსკოპიაზე გამომიშვა ოჯახის ექიმმა. მან სრულიად უსულგულოდ მიმითითა დასაწოლად და მიბრძანა, რომ გამეხადა. ვკითხე, ყველა ეს ადამიანი დაესწრება ჩემს კვლევას-მეთქი? რაზეც საკმაოდ მკვახედ მიპასუხა, დიახ! ფარდას ჩამოვაფარებ, ვერ დაგინახავენ, მხოლოდ ეკრანი გამოჩნდებაო! რას ვიზამდი, გავიხადე და დავწექი, და იქ დაიწყო - ჯერ ექოსკოპიის აპარატი ნორმალურად არ ჰქონდა გადატარებული, უკვე შორისდებულები აღმოხდა: "ვაიმე, რამხელა კვანძია, რა ცუდი კვანძია... უშველებელია... მე ეს არ მომწონს!" და ეს ყველაფერი მესმის მე... ყველა ოთახში მყოფი კი დიდი სინანულით თავს იქნევს, დროდადრო ისინიც ხვნეშიან... "როდის იყავი ბოლოს მამოგრაფიაზე?" - მკითხა კიდევ უფრო მკაცრად... ვუპასუხე, რომ ორი წლის წინ, რის მერეც პირდაპირ დამყვირა, ყოველ წელს რატომ არ დადიხარო? ზოგადად მორიდებული და საწყალი ადამიანი არა ვარ, მაგრამ ამ დამოკიდებულებამ, მთელმა ამ გარემომ ისე გამაბრუა, ხმა ვერ ამოვიღე... უკვე აღარაფერი მესმოდა, ვხედავდი ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანების თანაგრძნობითა და სიბრალულით სავსე თვალებს, ეს ექიმს არ შეეხება, იმას, მგონი, ცოტა უხაროდა კიდეც, რომ ასეთი მძიმე შემთხვევა აღმოაჩინა... მოკლედ, როგორც იქნა, მორჩა ჩემი წვალება, სასწრაფოდ ჩავიცვი, საერთოდ აღარ ვუსმენდი, რას კარნახობდა თანაშემწეს, არც ის მესმოდა, რას მელაპარაკებოდა... დასკვნა მომაწოდეს და სასწრაფოდ წავედი კარისკენ, მომაყოლა ყვირილით ზურგში, შეეგუე აზრს, რომ ოპერაცია დაგჭირდებაო. ახლა მეშლება ნერვები, რატომ არ შევბრუნდი და არ მივუთითე თავისი ადგილი, რატომ არ ვუთხარი, რომ შორისდებულებით პაციენტთან არ უნდა ილაპარაკოს და არც ექოსკოპისტის საქმეა დიაგნოზის დასმა, მით უფრო, ოპერაციაზე ლაპარაკი... ვინ იცის, კიდევ რამდენ ადამიანს დაუკარგავს თავისი არანორმალური მოქცევით, ამ საშინელი გამოტირებით სიცოცხლის ხალისს... მე, პრაქტიკულად, ლამის დამიკარგა. იქიდან გამოსულს დიდი ხანი დამჭირდა, ტელეფონის ეკრანზე წარწერები გამერჩია და ტაქსი გამომეძახებინა... შიშით არ შემშინებია, ფაქტობრივად, კიბოს დიაგნოზს უკვე შეგუებული ვიყავი, უბრალოდ, იმან შემაძრწუნა, როგორც ჩანდა, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა მქონდა და, ალბათ, მალე მოვკვდებოდი... უკვე ტაქსიში ვფიქრობდი ჩემს ხანდაზმულ დედაზე - ოღონდ დედაზე ადრე მაინც არ მოვკვდე, ის ასეთ სიმწარეს არ იმსახურებს-მეთქი... ასევე ნოტარიუსისა და ანდერძის დაწერისკენაც გამექცა ფიქრი...
გზად მახსენდებოდა იმ უცნაური მოძღვრის ფოტო თუ ხატი, ის სევდა და სინათლე, რასაც მის თვალებში ვხედავდი, თუმცა მხოლოდ რაღაც დროის მერე შევძელი მისი ვინაობის გარკვევა... მანამდე თითქოს რაღაც მაფერხებდა, მომეძებნა თუნდაც "იუთუბზე" დრამის წმინდა გიორგი, როგორც ტაქსის მძღოლა დამარიგა.
შინ მოსულმა მამოლოგთან წასვლას, ჯერ პირდაპირ ბიოფსიაზე ჩაწერა ვარჩიე, გამიკვირდა, თბილისში ძალიან ცნობილ ციტოლოგთან მეორე დღესვე, 3 საათზე რომ ჩამწერეს.
ამის მერე სახლის ძირფესვიანი დალაგება წამოვიწყე და ისე უცებ დავასრულე, თვითონ გამიკვირდა, თუმცა ვერაფერი მოვუხერხე მოუსვენრობას... ვიღაცისთვის უნდა გამეზიარებინა ეს ყველაფერი... მაგრამ ყველა მენანებოდა ასეთი ამბისთვის გასამეტებლად...
ირმა, მაპატიე, რომ შენ გაგიმეტე... მაგრამ შენი ენერგია, სიცოცხლის ხალისი, იმედი ყველაზე მეტად მჭირდებოდა... რა თქმა უნდა, იმრომ თავისებურად შემომიძახა, რადიოლოგი ერთი კარგად გამოლანძღა, მაგისთანა უზრდელისა და უვიცის გამო რატომ იფუჭებ ხასიათს, დარწმუნებული ვარ, არც არაფერი იქნება ეგეთი უსაშველოო... და მეორე დღეს ბიოფსიაზე გამოყოლაც თვითონ დამიკანონა... ირმას მერე ნატასაც ვუთხარი, რომ მამოლოგის კონსულტაცია და ბიოფსია მჭირდებოდა. ის გაუგებრობა რადიოლოგზე არ მომიყოლია, აღარ მინდოდა მეტად გამენერვიულებინა...
დათო
დათო გვიან დაბრუნდა სამსახურიდან. არ ვიცოდი, როგორ უნდა მომეყარა სიტყვებისთვის თავი და მეთქვა საყვარელი ადამიანისთვის ეს ამბავი, კაცისთვის, რომელსაც დედა კიბოს დიაგნოზით გარდაეცვალა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე თვითონ უვლიდა, სხვას არავის აკარებდა... ჩვენ მოგვიანებით შევხვდით ერთმანეთს, იმხანად ერთმანეთის არსებობაზე არაფერი ვიცოდით...
იმ საღამოს არაფერი ვუთხარი, ვიფიქრე, დაეძინა ერთი ღამე კიდევ მშვიდად... მე წუთითაც ვერ მოვხუჭე თვალი და ეს იყო პირველი და უკანასკნელი ღამე, რომელიც კიბოს გამო გავათენე, ისიც მხოლოდ იმ საშინელ კაბინეტში გადახდენილი ამბის გამო, მთელი ღამე მხოლოდ ექოსკოპისტის სისხლის გამყინავი ხმა ჩამესმოდა...
როგორც იქნა გათენდა...
საუზმე გავამზადე და დავსხედით სამზარეულოში მე და დათო. უკვე სრულიად მშვიდად ვიყავი... იმდენად რთული იყო ეს საუბარი, დეტალების გახსენებაც კი მიჭირს, თუმცა ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა დათოს სახე, მომეჩვენა, რომ ამ რამდენიმე წუთში ჩემ თვალწინ რამდენიმე წლით დაბერდა... ჩემი მონაყოლის შემდეგ იჯდა ცოტა ხანს ხელებში თავჩარგული... მერე შემომხედა, გაიღიმა და მითხრა, მურთხუნია, ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით, ამიტომ წინასწარ ნუ გავიხეთქავთ გულებს, და რაც არ უნდა იყოს, ერთად ყველაფერს მოვერევითო... ჩემზე მეტად იმ წუთში საკუთარ თავს იმხნევებდა...
დაიჟინა, მეც უნდა წამოგყვე ბიოფსიაზეო, კატეგორიული უარი ვუთხარი, არ მინდოდა ჩემთან ერთად კვლევებზე სიარულით ის გოლგოთა, რაც ერთხელ უკვე გაიარა, კიდევ გაევლო... თუმცა ეს ადვილი სულაც არ აღმოჩნდა, იმ დღეს დავითანხმე როგორც იქნა, თუმცა მას მერე ლამის ყველა კვლევაზე, გადასხმასა თუ პროცედურაზე წასვლის წინ ამის გამო ლამის ვჩხუბობთ და ესეც ჩემი ახალი ცხოვრების არცთუ უსიამოვნო ნაწილია...
3 საათზე გამოვცხადდით მე და ირმა ქავთარაძეზე, რაღაც გაუგებარ კლინიკაში, სადაც ციტოლოგის კაბინეტთან უზარმაზარი რიგი დაგვხვდა. ეს იყო უფანჯრო, უჰაერო სივრცე, სადაც კონდიციონერიც კი არ მუშაობდა... ყოველ შემთხვევაში ასე გვპასუხობდნენ. მისაღებში სულ რაღაც 5-6 სკამი იდგა, ეს მაშინ, როდესაც ათობით ადამიანი ვიყავით თავმოყრილი... ზუსტად 2 საათი გავატარე ამ საშინელ ადგილას და როგორც იქნა მოვიდა ჩემი რიგი. ციტოლოგსა და მის თანაშემწეზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად პროფესიონალურად მიმიღეს, მომისმინეს, გამამხნევეს, მეტიც, მითხრეს, 3-სანტიმეტრიანი კვანძი რა არის, ჩვენ აქ ისეთები გვინახავსო... სტანდარტული ბიოფსიის პროცედურაც სრულიად უმტკივნეულოდ ჩატარდა და კვლევის პასუხიც (რომელიც უკვე მეორე დღეს მივიღე), ძუძუს ავთვისებიანი სადინარული კარცინომა, შემდგომ თურქეთშიც დადასტურდა...
კაბინეტიდან ხალისიანად გამოვედი, ირმაც გამხიარულდა ჩემი მონაყოლის შემდეგ, ასე გვქონდა დაგეგემილი და კლინიკიდან მასთან წავედით, გზად ნატას და დათოს დავურეკეთ, ჩვენი კარგი ხასიათი მათაც გავუნაწილეთ... საბოლოოდ კი მშვენიერი საღამო გამოგვივიდა ვაჟა-ფშაველაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულზე, ირმას ვერანდაზე, სადაც ჩემს მეგობარს ნამდვილი წალკოტი აქვს გაშენებული...
ვწრუპავდით ღვინოს და ვლაპარაკობდით ყველაფერზე, კიბოს გარდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში