გიორგი ოვაშვილის „მთვარე მამაა ჩემი“ ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორია! ფილმმა ნომინაციაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი“ მთავარი ჯილდო მოიპოვა - კვირის პალიტრა

გიორგი ოვაშვილის „მთვარე მამაა ჩემი“ ანტალიის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორია! ფილმმა ნომინაციაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი“ მთავარი ჯილდო მოიპოვა

ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმმა „მთვარე მამაა ჩემი“ ანტალიის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის მთავარი ჯილდო - საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის პრიზი მოიპოვა.

გიორგი ოვაშვილის შემოქმედებაში ეს ფილმი გარკვეულწილად გამონაკლისია. რეჟისორის არაერთი ცნობილი ნამუშევრისგან განსხვავებით, „მთვარე მამაა ჩემი“ საქართველოს ისტორიასა და კონფლიქტებზე არ არის აგებული. ფილმის მთავარი თემა გაცილებით პირადულია - ადამიანური ემოციები და ის რთული, წინააღმდეგობრივი კავშირი, რომელიც მამასა და შვილს შორის არსებობს.

ფილმის შესახებ

მოქმედება 1991 წელს ვითარდება. ფილმის მთავარი გმირს, პატარა თომას (გიორგი გიგაური) რთული ბავშვობა აქვს. დედა მოსკოვში სამუშაოდ არის წასული, მამა კი დიდი ხანია მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა. თომას მოხუცი ბებია ზრდის, თუმცა მისთვის ბიჭის აღზრდა სულ უფრო რთული ხდება. თომას სწავლა არ აინტერესებს, თანაკლასელები ხშირად ჩაგრავენ, ის კი საპასუხო ჩხუბში ეხვევა.

the-moon-is-a-father-of-mine-20260715-122144-1-1789038312-1793520815.avif

ერთ დღეს თომა სახლში ბრუნდება და ბებიასთან ჩაის სმისას უცნობ მამაკაცს ხვდება. ეს მისი მამაა - ნემო, რომელიც წლების შემდეგ დაბრუნდა და ახლა შვილის გაცნობა სურს. პირველი შეხვედრა არცთუ წარმატებით ჩაივლის, თუმცა საბოლოოდ თომა თანხმდება, რომ შაბათ-კვირა მამასთან ერთად გაატაროს. ისინი საქართველოს მთიანეთში, წინაპრების სოფელში მიემგზავრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: "ერთმა გასროლამ დაარღვია ის, რასაც ოჯახი ჰქვია" - რას ჰყვებიან გივი ჩუგოშვილი და პატარა მსახიობები გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმზე

თავდაპირველად, ყველაფერი თითქოს დაკარგული ოჯახის ხელახლა აღმოჩენის, მამა-შვილის დაახლოებისა და ერთად გატარებული შაბათ-კვირის ისტორიას ჰგავს. თუმცა, ფილმის დასაწყისიდანვე იგრძნობა, რომ ნემოს წარსულში გაცილებით უფრო მძიმე და ბნელი ამბავი იმალება. განსაკუთრებით საეჭვოა მისი გაუჩინარება თომას ცხოვრებიდან.

სოფელში ჩასვლის შემდეგ ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრდება. ადგილობრივი მცხოვრებლები მამა-შვილს აშკარა მტრული დამოკიდებულებით ხვდებიან. თითქმის არავინ ესალმება მათ - მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს კეთილგანწყობას.

599945292-880804838249808-9027264288390779584-n-1789037661-1793520758.jpg

ნელ-ნელა ნემო შვილს საკუთარ წარსულსაც უმხელს. უყვება, რომ მამამისისა და ბაბუის მსგავსად, თავადაც ოდესღაც ტყის მცველი იყო. ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი კი ისიცაა, რომ საკუთარ წარმოდგენაში ოჯახის თაობიდან თაობას გადმოცემული ნადირობის ტრადიცია შვილსაც გაუზიაროს. თუმცა თომას ეს ყველაფერი სულაც არ ხიბლავს და მამისგან განსხვავებით, ტყეში ნადირობის პერსპექტივით აღფრთოვანებული არ ჩანს.

მალე სიტუაცია მკვეთრად იცვლება. როდესაც სოფლის მცხოვრებლები ეზოში იარაღებით იკრიბებიან, მამა-შვილის მოგზაურობა უკვე წარსულის გახსენებას აღარ ჰგავს - მათ გაქცევა და თავის გადარჩენა უწევთ. ისინი ტყეს აფარებენ თავს, თუმცა თომა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რა მტრობა და საფრთხე დაუტოვა მამამ უკან, სოფელში.

ფილმი ფინალისკენ იცვლის ტონს და დაახლოებით ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში თომას გადარჩენისთვის ბრძოლის ისტორიად იქცევა. როგორც ჩანს, ჯოჯოხეთად ქცეულმა ამ შაბათ-კვირამ თომას ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალა. თუმცა კვლავ გაურკვეველია, როგორ მოექცევიან მას ის თანაკლასელები, რომლებიც ადრე ჩაგრავდნენ.

გიორგი ოვაშვილმა „Variety“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფილმი მისი ბავშვობის ორი რეალური ისტორიის შერწყმის შედეგად შეიქმნა. ნემოს პერსონაჟი რეჟისორის ბიძას ეფუძნება, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო თომას გადარჩენისთვის ბრძოლა იმ გამოცდილებიდან მომდინარეობს, რომელიც ოვაშვილმა მისთვის ნაცნობი ბიჭის ისტორიიდან აიღო. რეჟისორი შეგნებულად არ აკონკრეტებს, თავად ხომ არ იგულისხმება ამ ამბავში.