შინდისის გმირები
გორის რაიონის სოფელ შინდისს 7 წელია თავისი გმირები ჰყავს, მათ "შინდისის გმირებს" ეძახიან. აქ 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა და ქვეყანას თავგანწირვის საოცარი მაგალითი აჩვენა.
გთავაზობთ "შინდისის გმირების" ისტორიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:
"ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.
"მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, "ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის "მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. "არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა.
"ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - მიამბობენ თვალცრემლიანი შინდისელები.
"ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", -"ამ ლექსის ავტორი 11 აგვისტოს დაღუპულთაგან ერთ-ერთია.
21 წლის იყო მიხეილ დვალიშვილი. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა. იმ დღეს დარწმუნდა, რომ ალექსანდრე ონიანს, რუსლან წულაძეს, ზვიად კაცაძეს, ილია გაბუნიას, რომან ზოიძეს, კახა კოშაძეს, ემზარ წილოსანს, ილია შეყლაშვილს, თემურ ბერიძეს, ფელიქს კაკაურიძესა და ვეფხვია ჯიშკარიანს მასთან ყველაზე მეტად სწორედ ეს "სიგიჟე" აერთიანებდა.
ერთი წამით არ უფიქრიათ უკან დახევა, როდესაც მრავალრიცხოვან მტერს გადაეყარნენ. არ შემდრკალან, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს.
5 ბიჭი კოლონის პირველივე მანქანაში ჩაკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, უთუოდ ასეული ებრძოდა. ვინ არიან, ადამიანები თუ ქაჯები, ვერ გაგვიგიაო, ღმუოდნენ თურმე რუსები, სანამ დაფლეთილი თორმეტი ვაჟკაცის ცხედარი არ ნახეს.
მიხეილ დვალიშვილმა თითქოს იწინასწარმეტყველა ეს ტრაგედია. 10 აგვისტოს ბრძოლის ველზე წარმოთქვა: "ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ".
ცეცხლის შეწყვეტა
რომ უბრძანეს, იმ დღეს ყველა მათგანს დაურეკავს სახლში, საღამოს შინ ვიქნებითო. ამის შემდეგ 9 დღე და ღამე ეყარა გვამები ღია ცის ქვეშ. მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მათი გადმოსვენება.
შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით გამოჩენილან სოფელში და ძველი რკინიგზის სადგურთან ჩასაფრებულან. სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ იმ გზაზე ქართველებს უნდა გაევლოთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც არაფრად აგდებდნენ. სენაკის ბატალიონის მიახლოებისთანავე აუფეთქებიათ პირველი და ბოლო მანქანა და ამით გასასვლელები ჩაკეტეს. ბევრმა უშველა თავს ბატალიონიდან, მომავალი შინდისის გმირები მტერს შეაკვდნენ.
შეეძლოთ გარიდებოდნენ, გასაქცევი გზა ჰქონდათ, მაგრამ თვითონვე მოიჭრეს. რკინიგზის მეორე მხარეს გადავიდნენ და ხელჩართული ომი გაუმართეს მტერს. როცა ტყვია-წამალი გამოელიათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ონიანმა თავის აფეთქება. მისი დაღუპვის შემდეგ რუსებმა დაღუპულებსა და დაჭრილებთან მიახლოება გაბედეს და საკონტროლო ჯერი გადაატარეს.
არადა, მაშინ ყველა არ ყოფილა მკვდარი. შინდისთან ბრძოლას 20 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადაურჩა, ისიც შინდისელების გმირობით. სოფლელებს ბრძოლის ველიდან მოუპარავთ საცერივით დაცხრილული ბიჭები. ერთ-ერთს, ოთარ კალმახელიძეს, შინდისელი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტა, რამდენიმე დღე თავის სახლში მალავდა, შემდეგ კი მედპერსონალს ჩააბარა