სტალინის ჩასწორებული "ვეფხისტყაოსანი"
შალვა ნუცუბიძეს "ვეფხისტყაოსნის" რუსულ ენაზე თარგმნა 1937 წელს დაუწყია. მოულოდნელად იგი დააპატიმრეს და მოსკოვში, "ლუბიანკის" ციხეში ჩასვეს.
დაიწყო გაუთავებელი დაკითხვები... ერთ-ერთი დაკითხვისას ნუცუბიძეს გამოუცხადეს, რომ მისცემდნენ დაწყებული საქმის დასრულების საშუალებას. მეორე დღიდან საკანში "ვეფხისტყაოსანი" და სადილი შეუტანეს. "მთელი კვირის განმავლობაში ვწერდი, რაც შემდეგ საკნიდან მიჰქონდათ. როგორც შემდგომ შევიტყვე, ამ მასალას იოსებ სტალინი კითხულობდა", - წერდა მოგვიანებით ნუცუბიძე. რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, ოღონდ ერთი პირობით, პოემის თარგმნა წელიწად-ნახევარში უნდა დაესრულებინა. მეცნიერი "სოკოლნიკებში" მოათავსეს. "სოკოლნიკი", როგორც თავად განმარტავდა, რაღაც საშუალო იყო ციხესა და საგიჟეთს შორის... დათქმული დროისთვის, 1939 წლის პირველ მაისს, "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი დასრულებულა. თუმცა მეცნიერს ხელნაწერები აღარ ჰქონდა, მათზე ბელადი მუშაობდა. სასიგნალო ნომერზე დღემდე დაცულია მისი გაკეთებული შენიშვნები და გადახაზული ილუსტრაციები, რომლებიც სტალინს არ მოსწონდა. ცნობილია, რომ ბელადი უპირატესობას მიხაი ზიჩის ილუსტრაციებს ანიჭებდა.
ომი კარს იყო მომდგარი, სტალინი კი ნუცუბიძის თარგმანს ეცნობოდა. შემდეგ ბერიას უთხრა: "აქამდე ძალიან მომწონდა "ვეფხისტყაოსნის" პეტრენკოსეული თარგმანი, მაგრამ ნუცუბიძის ვერსია რომ წავიკითხე, დავრწმუნდი, ის საუკეთესოა. მეც ვცადე ერთი სტროფის თარგმნა და იქნებ ნუცუბიძემ თავის თარგმანში შეიტანოს".
1940 წელს წიგნის ბეჭდვა უკვე დაწყებული იყო. სასიგნალო ეგზემპლარი სტალინს მიუტანეს. 1416-ე - სტალინისეული სტროფიც ჩართული იყო მასში. ყველასათვის მოულოდნელად ბელადმა წიგნი დაიწუნა და მასში რამდენიმე შესწორება შეიტანა. პირველ გვერდზე, სადაც ეწერა შალვა ნუცუბიძის თარგმანი, სტალინმა ჩაამატა სიტყვა: "ქართულიდან". ეს თქვენ იცით, რომ ქართულიდან თარგმნა შალვა ნუცუბიძემ, ციმბირში, ან სხვაგან არავინ იცის ამის შესახებო. იმ საღამოსვე ძველი ტირაჟი დააპატიმრეს და რამდენიმე თვეში გამოვიდა ახალი, სტალინის მიერ ჩასწორებული ვარიანტი, რომელიც 1941 წლით დათარიღდა...