მასშტაბური სპეცოპერაცია პარიზში -კიდევ ერთი თვითმკვლელი ქალი და დაკავებული ჯიჰადისტები - კვირის პალიტრა

მასშტაბური სპეცოპერაცია პარიზში -კიდევ ერთი თვითმკვლელი ქალი და დაკავებული ჯიჰადისტები

ყოველ წუთას იცვლება ინფორმაცია პარიზში შექმნილი ვითარების თაობაზე. საფრანგეთის დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. 18 ნოემბერს, გამთენიისას,  მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერცია ქალაქის ჩრდილოთით მდებარე სენ-დენის რაიონში დაიწყო. სწორედ ამ რაიონში მდებარეობს სტადიონი „სტად დე ფრანსი“, რომელიც 13 ნოემბერს ტერორისტთა თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი იყო.

სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე ფრანგულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორმხრივი სროლა და აფეთქებების ხმა ისმოდა. "ბიბისის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინებოდა, რომ სენ-დენისთან მიმავალი ყველა გზა სამართალდამცავებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო ჯარისკაცებით სავსე  სამი დიდი სამხედრო მანქანა.

„მე ახალაც ვხედავ 15 მანქანას და 100-ზე მეტ სამხედროსა და პოლიციელს. სროლები დილის ხუთის ნახევრიდან  განუწვეტლივ ისმის, რამდენჯერმე სროლა შეჩერდა, თუმცა მალევე განახლდა“, - განუცხადა სენ-დენის მცხოვრებმა ბენსონ უამ  „ბი-ბი-სი“- ის.

სპეცოპერაციის დაწყებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგი სამართალდამცავების სამიზნე აბდელჰაიმ აბაუდია, რომელიც 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის ორგანიზატორად დასახელდა.

(იხილეთ ასევე: პარიზული სასაკლაოს სულისჩამდგმელი და მისი თანამზრახველები, ვინ არიან ისინი?!)

სპეცოპერაციის დაწყებიდან ერთ საათში ერთი გარდაცვლილის თაობაზე ინფორმაცია სააგენტო „ფრანს პრესმა“ გაავრცელა.  მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, გარდაცვლილია სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი შაჰდი ქალია, მან თავი აიფეთქა. ეს ინფორმაცია პოლიციამ ოფიციალურად უკვე დაადასტურა. როგორც „ტვიტერზე“ რაიონის მიმდებარედ მომუშავე ჟურნალისტები წერენ, კვლავაც სპეცსამსახურების ძალიან დიდი ძალებია მობილიზებული, სენ-დენის რაიონის თავზე კი საპოლიციო ვერტმფრენი დაფრინავს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  გარდა ტერორისტებისა გარდაიცვალა შემთხვევითი გამვლელიც, რომელიც შაჰიდი ქალის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ იმსხვერპლა, მაგრამ ეს ინფორმაცია პოლიციამ უარყო.  მათი თქმით, ამ დროისთვის დაჭრილია 4 ადამიანი, თუმცა მათ შორის შემთხვევითი გამვლელი არ არის.

(იხილეთ ასევე: "იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს")

საფრანგეთის ხელისუფლების თქმით, სენ-დენში იმყოფება სამხედრო დანაყოფები, თუმცა ისინი  სპეცოპერაციის მთელ პერიმეტრზე უსაფრთხოების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და უშუალოდ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებენ.

პარიზის პროკურატურამ ოფიციალურად უკვე დაადასტურა, რომ დაკავებულია სამი დამნაშავე, რომლებიც იმ ბინაში იმყოფებოდნენ, საიდანაც სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, მიმდინარე პროცესების პარალელურად დაკავებულია ქალი და მამაკაცი, რომლებიც შესაძლოა ჯიჰადისტებთან იყვნენ კავშირში.

იხილეთ ფოტოგალერეა: მასშტაბური სპეცოპერაცია პარიზში

წყარო

იხილეთ ასევე: "სენ დენის ქუჩებში გასვლა ისევ სახიფათოა" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც იმ რაიონში სწავლობს, სადაც სპეცოპერაციისას შაჰიდმა ქალმა თავი აიფეთქა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ