ვინ ვის შეცვლის ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ?! - 2015 წლის უკვე განხორციელებული და მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები - კვირის პალიტრა

ვინ ვის შეცვლის ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ?! - 2015 წლის უკვე განხორციელებული და მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები

2015 წლის მიწურულს, ყველასთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა ისე დატოვა, რომ არც საკუთარი ნაბიჯის მოტივი აუხსნია და არც ის, თუ რას აპირებს მომავალში. მმართველ კოალიციაში კი ამტკიცებენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა ეს ნაბიჯი, თუმცა ძალიან ბევრი გარემოების გამო ამ მტკიცების დაჯერება ჭირს.

"ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფელბაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანს და ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწმასი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დმაკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ვიანიდან ჩვენ კიდევ ახალგაზრდა დემორკატია გვაქვს ამიტომ დიდი მნიშვნელოა აქვს თუ რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები დროებითია, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თამამდებობა. მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს", - განცახადა პრემიერმა და ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ გახდა საჭირო მთავრობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადა.

წლის განმავლობაში კი პროცესები ასე ვითარდებოდა:

სამთავრობო ცვლილებებმა სტარტი 2015 წლის იანვარშივე აიღო - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი საკუთარი განცახდების საფუძველზე ალექსანდრე ჭიკაიძემ დატოვა და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა.

ექსპერტთა ნაწილი ჯერ კიდევ 2014 წლის მიწურულს ვარაუდობდა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე აუცილებლად დადგებოდა მთავრობის ნდობის საკითხი, რაც განპირობებული იქნებოდა ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებითა და მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის შეცვლის აუცილებლობით. ზოგიერთი ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრის შეცვლასაც არ გამორიცხავდა. ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა. მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა აპრილის ბოლოს წარმოადგინა, თუმცა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა იმჟამად თანამდებობები შეინარჩნეს. პროცესები ასე ვითარდებოდა: ჯერ საკუთარი სურვილით და ავადმყოფობის მიზეზით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა დავით შავლიაშვილმა, მას მალევე მიჰყვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აწ უკვე ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, მისი გადადგომიდან მეორე დღეს თანამდებობა დატოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. მისი გადადგომით ამოიწურა მინისტრთა კაბინეტში განსახორციელებელი ცვლილებების ლიმიტი და დღის წესრიგში დადგა მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი. ამ პროცესში ყველაზე გაუგებარი მაინც თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძის შეცვლა და ამ პოსტზე რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის წარდგენა აღმოჩნდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ასევე რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი გახდა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი ნოდარ ჯავახიშვილმა დაიკავა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბიზნესმენი, ტარიელ ხეჩიკაშვილი გახდა.

აგვისტოში სამთავრობო ცვლილებები ახალ წრეზე წავიდა. მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შედეგად მას უსაფრთხოების სამსახური ცალკე სტრუქტურად გამოეყო, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პენიტენციალურ საკითხთა მინისტრის სავარძლიდან გადაინაცვლა. უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსი კი ექსშინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა. სასჯელაღსრულებისა და პენიტეციალური მინისტრის პოსტი კახა კახიშვილმა ჩაიბარა.

დადგა შემოდგომა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პოლიტიკური სეზონი, სამთავრობო ცვლილებებით, გახსნილად გამოაცხადა. მედიაში თითქმის ორკვირიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი მართლაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა, მისი თანამდებობა კი თბილისის ექსვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიკავა.

როგორც ამბობენ, ახლა უკვე ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მთავრობის შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.

სამთავრობო კულუარებში ამბობენ, რომ ფინანსთა მინისტრის პოსტს ნოდარ ხადური დატოვებს, რომელსაც ამ თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს.

ეკონომიკის მინისტრი კი შესაძლოა ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია გახდეს.

რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, არაოფიციალური ინფორმაციით, ამ პოსტს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, რომლის შემცვლელად პაპუნა ჯანელიძეს ასახელებენ.

თუმცა გამოითქმის ვარაუდები, რომ პრემიერი შესაძლოა კახა კალაძე ანაც დავით უსუფაშვილი გახდეს, ამ უკანასკნელის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას, სავარაუდოდ, ახალ წლამდე, დაჩქარებული ტემპით გამოუცხადებს, ანუ უკვე უახლოეს დღეებში გვეცოდინება კიდევ ვინ ვის შეცვლის მთავრობაში.

იხილეთ ასევე: "მდიდარა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა, "ღარიბა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა... - ვინ როგორ აფასებს ღარიბაშვილის წასვლას?