"მეგის ქარდავას, სავარაუდოდ, ჰქონდა ფარული ჩანაწერები, მათ შორის "ქართული ოცნების" ქალბატონებზე"
არავინ იცის, პირადი ხასიათის კადრები რამდენ ასლად არის გადანახული და ვინ ვისთან ვაჭრობს მისით...
ალბათ ყველას ახსოვს გასული წლის 17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ, სათაურით, "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს "აღიარებით" ჩვენებას აძლევს.
ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: როგორ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე?! იმჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი "კვირის პალიტრასთან" აცხადებდა:
"მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკიცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა".
იმჟამად ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს კადრები ქვეყნიდან გაქცეულ შსს-ს მაღალჩინოსნებს მიეყიდათ უკრაინაში სააკაშვილთან დაპირისპირებული ძალებისთვის.
ახლა, როცა კიდევ ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოჩნდა საჯარო სივრცეში, უფრო მეტად გამძაფრდა ეჭვები და კითხვებიც, ასევე შიში იმისა, კიდევ რას უნდა ველოდოთ?!
შეგახსენებთ, 2012 წლის არჩვენებიდან მოკლე ხანში, ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავას სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც მისი ავტორი მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების გავრცელებით იმუქრებოდა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბაჩო ახალაიას ციხიდან არ გაათავისუფლებდნენ, ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერნეტით კომპრომატებს გამოაქვეყნებდა. ცნობა იმის შესახებ, რომ ძებნილ ექსმაღალჩინოსანს ქვეყნიდან ნამდვილად აქვს გატანილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმაც დაადასტურა.
მეგის ქარდავას ულტიმატუმი პროკურატურამ მაშინ არ მიიღო, ბაჩო ახალაია დღემდე პატიმრობაში რჩება. ახალაიას ბავშვობის მეგობარი, ქარდავა კი წამების, არაადამიანური მოპყრობის და სექსუალური დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით იძებნება.
ექსპერტი მამუკა არეშიძე, 2013 წელს აცხადებდა, რომ: "მეგის ქარდავას, სავარაუდოდ, ჰქონდა ფარული ჩანაწერები, მათ შორის "ქართული ოცნების" ქალბატონებზე".
"კუდის ყოფილი თანამშრომლები წინა ხელისუფლების დროს არაკანონიერი გზით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების გაყიდვას ცდილობენ და მყიდველს ეძებენ. ამის შესახებ განცხადება კი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ასევე 2013 წელს გააკეთა. მისი თქმით, ერთ-ერთი, ვისაც კადრების გაყიდვა უნდოდა გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" იყო.
გთავაზობთ ამონარიდს ხაჭაპურიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრას" მისცა:
ჰოლანდიიდან ამ დღეებში ერთი კაცი დამიკავშირდა, ხომ არ შეიძენ იმ უზარმაზარი არქივის ნაწილსო... ამ კაცს ერთ დროს მე ვიცავდი, ბიზნესმენია, გლდანის ციხეში იჯდა შეთითხნილი ბრალდებით, მერე გაატყავეს და გამოუშვეს. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა ევროპის მოქალაქეობასთან ერთად. გათავისუფლების მერე მალე წავიდა ჰოლანდიაში. იქ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაბოდიალებენ. როგორც მითხრა, ამ ჩანაწერებში ასახული არიან "ნაცმოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, მოსამართლეები, პროკურორები... ვისზეც მოისურვებთ ჩანაწერების ნახვას, იმას მოგყიდიან, შეგიძლია შეარჩიოო. რამდენიმე დეპუტატის გვარიც დამისახელა.
- რამდენად ყიდიან და ვინ ყიდის?
- ფასის გარკვევა არც მიცდია, პირდაპირ უარი ვუთხარი, ვინც გადაიღო, იმან უყუროს სხვისი პირადი ცხოვრების ბინძურ კადრებს-მეთქი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ყიდიან, ეტყობა, თან წაიღეს და ცდილობენ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ. ალბათ, ამას მარტო მე არ შემომთავაზებდნენ. თუ სადმე ინტერნეტში დადეს, იციან, ამის გაშიფვრა ადვილია და ამიტომ ასე გავრცელებას არჩევენ. დაახლოებით ვიცი, რომელ გუნდს გადაეყარა ჩემი ნაცნობი, ისინი კუდ-ის ის თანამშრომლები არიან, ყველაფერზე რომ აწერდნენ ხელს. გვარებიც მითხრა, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან.
- იქნებ ერთი მაინც დაასახელოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
- "მასტერაზეა" საუბარი. ის ეძებს მყიდველებს. ვინც შემომთავაზა ყიდვა, იმან ისიც მითხრა, თუ გინდა, უფულოდაც მოვაცემინებო.
(იხილეთ:"მასტერა" მყიდველს ეძებს!..)
"მასტერა" ამჟამად ჰოლანდიის ციხეში ზის, ის 2014 წლის ზაფხულში დააკავეს. 2015 წლის დეკემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრმა მის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. როგორც დგებუაძის საქმის პროკურორი ლევან ადეიშვილი ამბობდა, ყოფილ მაღალჩინოსანს გათავისუფლებაზე უარი უთხრა ჰოლანდიის როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ. ამის შემდეგ "მასტერამ" ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, რომლის განხილვასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა პროკურორი აცხადებდა, რომ დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. მოასწრო თუ არ მან დაკავებამდე სარფიანი მყიდველის ნახვა ან სად ინახება მისი "პანდორას ყუთი", ეს შესაძლოა მისი საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ გაირკვეს...
თუმცა ეს არსებითად ალბათ ვერ შეცვლის სურათს, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ უზრუნველყო ამ მიმართულებით ქმედითი ზომების გატარება და იმ წყაროების განეიტრალება, საიდანაც ამგვარი ბინძური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს.
მოკლედ, წინა ხელისუფლების მიერ გადაღებული პირადი ხასიათის კადრები არავინ იცის რამდენ ასლად არის გადანახული და ვინ ვისთან, როგორ ვაჭრობს მისით. მათ შორის სულაც არ არის გამორიცხული ეს კადრები სარფიანი გარიგების შედეგად ქვეყნის გარე მტრების ხელშიც აღმოჩნდეს...
სამწუხაროდ, დღემდე რჩება კითხვები თავად ხელისუფლებასთან, რამდენად სრულად იქნა განადგურებული პირადი ხასიათის ფარული ჩანაწერების არქივი?! ხომ არ არის თავად ხელისუფლების შიგნით ხალხი, ვინც ამგვარი ბინძური მეთოდებით აპირებს წინასაარჩევნო პროცესის წარმართვას?! ანდაც შეწყვეტილია კი ქვეყანაში ადამიანების უკანონოდ თვალთვალი და მიყურადება?
მოამზადა ანა გიორგაძემ