მკვლელი სადარბაზოში შევიდა და დაჭრილ ზუბადალაშვილს საკონტროლი ტყვია ესროლა
მკვლელობის დროს შემკვეთი ზურაბის მამასთან ერთად, ეზოში იდგა
თამარ ჩაჩუამ დაკითხვაზე ისიც კი თქვა, ერთხელ ცხინვალში, ნარკოტიკული ნივთიერების ჩამოსატანად წამიყვანა, მაგრამ ფული დააკლდა, ვერ გადაიხადა და ე.წ. "ზალოგში" მე დამტოვა. 3-4 დღე უცხო ადამიანებთან ვიმყოფებოდიო.
2003 წელი, 15 სექტემბერი
იმჟამად ე.წ. დეზერტირების ბაზრის დირექტორის, ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილი, ზურაბ ზუბადალაშვილი და მისი მეუღლე თამარ ჩაჩუა კაზინოდან შინ ბრუნდებოდნენ. ბახტრიონის 11 ნომერში, სადარბაზოსთან, მათ ჩასაფრებული მკვლელები ელოდნენ. მანქანიდან გადმოსულ ზურაბს ცეცხლი ორი მხრიდან გაუხსნეს, მან საპასუხო გასროლა მოასწრო, მაგრამ დაჭრილი ლიფტთან დაეცა... მკვლელი სადარბაზოში შევიდა და ზუბადალაშვილს საკონტროლი ტყვია ესროლა.
თავიდანვე ჩანდა, რომ მკვლელობა "პროფესიონალების" მიერ იყო ჩადენილი. როგორც ხდება ხოლმე მომხდარის უამრავი ვერსია გავრცელდა, მით უფრო, რომ ზუბადალაშვილს ქალაქში კარგად იცნობდნენ, მათ შორის კრიმინალთა წრეშიც...
მკვლელობას სწორედ მის ცხოვრებას უკავშირებდნენ და თვლიდნენ, რომ დანაშაული შურისძიების ნიადაგზე იყო მომხდარი. ამ მკვლელობამდე ზურაბის ძმაც მოკლეს, მკვლელი ვინმე ხუბეჟოვი იყო, რომელიც ზურაბმა საავადმყოფოში მოკლა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზუბადალაშვილს თითქოს კიდევ ორი სხვა ადამიანი ჰყავდა მოკლული. მოკლედ, იმჟამინდელი პრესა აჭრელებული იყო ვერსიებით. ჟურნალისტები დღესაც იხსენებენ, რომ სრულიად უცნობი პირები მათ სთავაზობდნენ ზურაბ ზუბადალაშვილის ჩადენილ დანაშაულებზე შეკრებილ მტკიცებულებებს, ანუ ვიღაც მიზანმიმართულად იყო დაინტერესებული მკვლელობა სწორედ ზუბადალაშვილის კრიმინალურ წარსულს დაკავშირებოდა და მათ მიზანს მიაღწიეს კიდეც. საქმეში კვალი ისე აირია, რომ მისი გახსნა ვერ მოხერხდა და მკვლელობაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა...
2009 წელი
დანაშაულის გახსნას მკვლელობიდან 6 წლის შემდეგ უკვე აღარავინ ელოდა. ყველაზე მშვიდად საქმეში მონაწილეები იყვნენ, მათ შორის შემკვეთები, რომლებიც მოკლულის ოჯახთან ურთიერთობას აგრძელებდნენ.
თუმცა 6 წლის თავზე, პოლიციას დანაშაული იმჟამად პატიმარმა გიორგი ყუფარაძემ გაახსნევინა.
გიორგი ყუფარაძე - არაერთგზის ნასამართლევი კრიმინალი, რომელიც ახლახან გახსნილი, დედა-შვილი კვეზერელების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული. ის ქვეყნიდანაა გაქცეული. შეგახსენებთ, 2 წლის წინ დაკარგული 29 წლის გურამ კვეზერელის სასტიკად ნაწამები ცხედარი, კოჯორში, ერთ-ერთი აგარაკის ეზოში ჩაფლული იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ისინი 12 000 დოლარის გამო წამებით მოკლეს. 2014 წლის 17 დეკემბერს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჯერ გურამს მიაყენეს, მერე გურამის დედას სახლში მიადგნენ, ნატო კვეზერელს ყელი გამოჭრეს, იქიდან ფული წაიღეს და გაუჩინარდნენ. მკვლელობაში ბრალდებული ვასილ გოშაძე და გიორგი ყუფარაძე არიან.
სწორედ ყუფარაძის სამართლადამცავებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ ზურაბ ზუბადალაშვილი სასიკვდილოდ ოჯახის წევრებმა გაწირეს და მისი მკვლელობა სიმამრმა შეუკვეთა. საქმეში სულ 7 პირი ფიგურირებდა.
ყუფარაძემ ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად მოკლულის სიმამრი, რევაზ ჩაჩუა და მისი მამიდაშვილი ალმაატა გრიგოლია დაასახელა. რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო, საქმეში მოკლულის მეუღლე თამარ ჩაჩუაც ფიგურირებდა. იმჟამად მისი აღიარებითი ჩვენებაც გავრცელდა, სადაც იგი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ ყველაფრი იცოდა. თუმცა მოგვიანებით ჩაჩუამ ეს ჩვენება უარყო. ამბობდა, რომ დანაშაულის შემდეგ შეიტყო მომხდარი და მხოლოდ დანაშაულის დაფარვაში ცნობდა თავს დამნაშავედ.
გიორგი ყუფარაძე, თეიმურაზ შარაშენიძე, ვასილ გოშაძე და როლანდ დიღმელაშვილი თავდაპირველად მკვლელობის შემსრულებლებლად მიეცნენ პასუხისგებაში. დანაშაულის გახსნის დროს ყველა მათგანი ციხეში იყო. დიღმელაშვილი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული; გიორგი ყუფარაძე აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობაში იყო მხილებული და 25 წელი ჰქონდა მისჯილი; ვასილ გოშაძეს ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის 27-წლიან პატიმრობას იხდიდა. დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს თემურ შარაშენიძეც.
თამარ ჩაჩუა გამოძიების მასალების მიხედვით, რევაზ ჩაჩუას შამპანურის ქარხნის დირექტორი იყო და საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მისი ქალიშვილი თამარი ზურაბ ზუბადალაშვილს გაჰყვა ცოლად. შურისძიების მოტივად ქალიშვილზე სიძის ძალადობა დასახელდა. როგორც ამბობდნენ, ზურაბი თამარს სადისტურად ექცეოდა. ის ნარკომანი იყო და ცოლიც გაანარკომანა. თეიმურაზ შარაშენიძის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსნებს, რომ თამარ ჩაჩუამ დაკითხვაზე ისიც კი თქვა, ერთხელ ცხინვალში, ნარკოტიკული ნივთიერების ჩამოსატანად წამიყვანა, მაგრამ ფული დააკლდა, ვერ გადაიხადა და ე.წ. "ზალოგში" მე დამტოვა. 3-4 დღე უცხო ადამიანებთან ვიმყოფებოდიო. ქმარი ცოლს სცემდა... როგორც ჩანს, სწორედ ამ გარემოებების გამო რევაზ ჩაჩუამ სიძის მოშორება გადაწყვიტა.
იმხანად ცივსისხლიანი მკვლელები სულ რაღაც 1000 დოლარად კლავდნენ ადამიანებს, იარაღის შოვნაც პრობლემა არ იყო. რეზო ჩაჩუა 2000 დოლარს იხდიდა სიძის მოკვლაში და შემსრულებლებიც მალე იპოვა. ჩაჩუამ თავის მამიდაშვილს ალმაატა გრიგოლიას გაანდო საიდუმლო და სთხოვა ვინმე მოეძებნა. არც ალმაატამ დაიხია უკან და მოძებნა "მხედრიონელი" როლად დიღმელაშვილი. დიღმელაშვილმა თავის მხრივ გიორგი ყუფარაძე და ასე შეიკრა 4-კაციანი ჯგუფი. მკვლელებს 2000 დოლარი წინასწარ გადაუხადეს, მაგრამ მათი პირველი მცდელობა 2003 წლის 23 ივლისს ჩაიშალა. არადა, გეგმა წინასწარ შედგა. გამოძიების მტკიცებით, შემსრულებლებს რევაზ ჩაჩუამ სიძის ფოტო და პსმ-ის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი ალმაატას ხელით გაუგზავნა. აცნობა ასევე იმ ავტომანქანის მოდელები, რომლითაც ზურაბი გადაადგილდებოდა. მისი მოძრაობის მარშუტსაც აცნობდა და სათანადო გეგმაც შედგა. ღამის 11 საათზე მამის რჩევით, თამარ ჩაჩუას ბინის კარი ღია უნდა დაეტოვებინა და თვითონ მეზობელთან უნდა შესულიყო. ამ დროს ზურა ჩაბნელებულ საძინებელში ტელევიზორს უყურებდა, მაგრამ მაშინ მკვლელობა ვერ განხორციელდა. მკვლელებს იარაღმა უმტყუნა და გაქცევა მოუწიათ. ყუფარაძე და დიღმელაშვილი გზად ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც მეწყვილე ყუფარაძემ დაჭრა დანით, თუმცა ორივემ გაქცევა შეძლო. პოლიციამ შეიტყო მომხდარი. შემთხვევის ადგილზე სისხლიანი დანაც იპოვა, მაგრამ ამის მიუხედავად დანაშაული მაინც არ გაიხსნა. მკვლელებმა არც მომხდარის შემდეგ დაიხიეს უკან და მორიგი მცდელობა 2003 წლის 15 სექტემბერს დაგეგმეს და განახორციელეს. თუმცა საქმიდან ყუფარაძე გავიდა, სამაგიეროდ შემოიყვანეს ახალი წევრი თეიმურაზ შარაშენიძე.
თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძე თეიმურაზ (ბაჩო) შარაშენიძე - სპეცდანიშნულება "ალფას" ყოფილი წევრი იყო. მან გამოიგონა საქართველოში ე.წ ლიფტების 5-10 თეთრიანი ყუთი, ლიცენზიაც აიღო და საკუთარი ფირმა "კომპიუტერ ლენდი" შექმნა. მალე მას კონკურენტები გამოუჩნდენ და ციხეში აღმოჩნდა. ამასობაში ყუფარაძემ ამხილა ზუბადალაშვილის მკვლელობაში.
ბრალდებულ დიღმელაშვილის ჩვენებიდან:
- 2003 წლის ზაფხულში ერთ-ერთ სახელოსნოში ჩემი ნაცნობი ალმაატა გრიგოლია მოვიდა და ახლობლის ლიკვიდაცია შემოგვთავაზა. მითხრა, რომ 2000 დოლარს გადაიხდიდა. მე და გიორგი ყუფარაძე დავთანხმდით. შემდეგ მოიტანა ფული და მაყუჩიანი იარაღი. 23 ივნისს გადაწყდა ბინაში შესვლა. შიგნით მე და გიორგი ყუფარაძე შევედით. გვქონდა ინფორმაცია, რომ ბინის კარი ღია იქნებოდა. მართლა ღია დაგვხვდა, მე წინ მივდიოდი, გიორგი უკან მომყვებოდა. დუპლექსის ტიპის ბინა იყო. მაღლა სართულზე კიბეებით ავედით. მარჯვენა მხარეს ოთახში ტელევიზორი ჩართული იყო. სიბნელეში ზურა ვერ გვეხედავდა. ამ დროს ამოვიღე იარაღი და გავისროლე. გასროლისას იარაღი ხელში ამიფეთქდა, ამიტომ იძულებული ვიყავით უკან გამოვბრუნებულიყავით. ისევ კიბეებზე დაბლა დავეშვი... შემდეგ ალმაატამ მითხრა, თქვენი დაწყებული საქმე უნდა დაამთავროთ, გიორგიმ მითხრა ვერ ვაკეთებო. 15 სექტემბერს ისევ მივედით მის მოსაკლავად ამჯერად მე და ბაჩო, იგივე თემურ შარაშენიძემ გავინაწილეთ ადგილები. გზის ერთ მხარეს მე გავჩერდი. კორპუსთან ახლოს ბაჩო იდგა, მე ნიშანი უნდა მიმეცა ობიექტის მისვლის, როგორ გადაადგილდებოდა მარშრუტი ვიცოდი ალმაატასგან. ვანიშნე ბაჩოს მოვიდა-მეთქი და წამოვედი. მეორე დღეს გავიგე რომ ყველაფერი დამთავრებული იყო".
მართალია თვითონ სროლას არ ადასტურებდა, მაგრამ ცნობილი იყო გამოძიებისთვის, რომ სროლები სხვადასხვა მხრიდან მოხდა და დიღმელაშვილს ბრალი მკვლელობაში წაუყენეს.
შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობას ყუფარაძე ადასტურებდა, თუმცა ამბობდა, რომ პირველი მცდელობის შემდეგ საქმეს ჩამოცილდა, უკან დააბრუნა აღებული 900 დოლარი.
გიორგი ყუფარაძის ჩვენებიდან:
"როლანდ დიღმელაშვილმა ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე მითხრა, რომ ჩემთვის უცნობი პირი უკვეთავდა ნარკომანი სიძის მკვლელობას და ჩვენ შეგვეძლო ეს შეგვესრულებინა. წინასწარ მას და ალმაატა გრიგოლიას აღებული ჰქონდათ 2000 დოლარი. გავიგე დეტალებიც, ისიც, რომ შემკვეთი იყო რევაზ ჩაჩუა და უნდა მომეკლა ზურაბ ზუბადალაშვილი. რევაზის ქალიშვილი გაგვიღებდა ბინის კარს და ღია კარში შევიდოდით, თავზე დავადგებოდით მძინარე ზურას და ვესროდით. ჩაჩუას ალმაატასთვის პსმ-ის მაყუჩიანი პისტოლეტიც ჰქონდა წინასწარ გადაცემული".
საბოლოოდ ყუფარაძემ თემურ შარაშენიძე ამხილა უშუალოდ მკვლელობაში, ბრალდების მტკცებით, სწორედ შარაშენიძემ გაისროლა საკონტროლო ტყვია. მოკლედ, პოლიციას დანაშაული გაახსნევინა სწორედ ყუფარაძემ, სანაცვლოდ კი სასჯელიც შეუცირდა, შემდეგ ამნისტიაც შეეხო და საბოლოოდ 25-წლიანი პატიმრობა მისჯილი ყუფარაძე, 2013 წელს ციხიდან გათავისუფლდა.
ამ საქმით კმაყოფილმა შემკვეთმა რევაზ ჩაჩუამ შემსრულებლებს დამატებით 1000 დოლარი გადაუხადა.
მკვლელობიდან ექვსი წლის შემდეგ დააკავეს შემკვეთებიც. თავადპირველ ჩვენებაში თამარ ჩაჩუა ამბობდა: "მე უნდა გავსულიყავი მეზობელთან და ბინის კარი ღია უნდა დამეტოვებინა. ასე მოვიქეცი, მაგრამ მაშინ ვერ მოკლეს... მერე ზურა უნდა წამეყვანა კაზინოში, სადაც ხშირად დავდიოდით და სახლთან რომ მივიდოდით მე წინ უნდა გავსულიყავი, სახლთან მოხდა მკვლელობა".
2003 წელს თამარ ჩაჩუამ ყველაფრის დამალვა შეძლო. ის სამძიმრებსაც იღებდა, თუმცა საქმიდან ირკვევა, რომ თავიდანვე მასზე მაშინაც მიიტანეს ეჭვი. იმჟამინდელი ძალოვანის აწ გარდაცვლილ დავით კეკუას კაბინეტში თამარ ჩაჩუა 14 საათი იკითხებოდა, მაგრამ შეძლო პოლიციის ეჭვები გაებათილებინა და გამოუშვეს.
2009 წელს კი მან ჯერ აღიარებითი ჩვენება მისცა, შემდეგ კი შეცვალა. ძალოვნები ამჯერადაც დათმობაზე წავიდნენ და დაკავებულს, რომელსაც უმძიმესი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, აღმკვეთი ღონისძიება შინაპატიმრობით შეუცვალეს და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. შემამსუბუქებელ გარემოებად დასახალდა, რომ თამარს მეორე ქორწინებაში ჰყავდა 7 თვის შვილი. თამარი როცა დააკავეს, 2 წლის გათხოვილი იყო და მისი მეუღლე, ჟურნალისტ თამარ ჩორგოლეიშვილის ყოფილი ქმარი იყო. მაშინ ისიც ითქვა, ყოფილი რძლის გათავისუფლება ძალოვნებს ლაერტ ზუბადალაშვილმაც სთხოვა. თამარ ჩიჩუას ზურასგან ქალიშვილი ჰყავს, სავარაუდოდ სწორედ მან სთხოვა ბაბუას დედის გათავისუფლებაში დახმარება.
რევაზ ჩაჩუას არ უარუყვია მკვლელობის შეკვეთა, ამბობდა, ჩემი შვილი ისეთ მდგომარეობაში ჰყავდა, სხვა გზა არ მქონდაო.
არადა, მკვლელობის დროს შემკვეთი ზურაბის მამასთან ლაერტთან ერთად, ეზოში იდგა და ბუნებრივია მასზე ეჭვი არ მიუტანიათ. ალმაატა გრიგოლია კი ირწმუნებოდა, ფული და იარაღი გადავეცი და მას მერე ამ საქმეს გამოვეთიშეო. საბოლოოდ განსასჯელები თეიმურაზ შარაშენიძე, ალმაატა გრიგოლია, რევაზ ჩაჩუა და როლანდ დიღმელაშვილი გაასამართლეს, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვე გრძელდებოდა.
განსასჯელებმა დიღმელაშვილმა და გრიგოლიამ თავი დამნაშავედ სცნეს წარდგენილ ბრალდებაში და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. დიღმელაშვილი დამნაშავედ ცნეს და 8 წელი შეეფარდა, ხოლო ალმაატა გრიგოლიას ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ამ დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს - რევაზ ჩაჩუას, თუმცა ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკვეთით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობისათვის, ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებელს, თეიმურაზ შარაშენიძეს, რომელიც ასევე ორი პოლიციელის მკვლელობისათვის გაასამართლეს, სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დღემდე ამტკიცებს, რომ ზუბადალაშვილის მკვლელობაში დამნაშავე არ არის და საქმის გადახედვას ითხოვს...
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)