"ძმები ჯერ მოკლეს, შემდეგ ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს" - რას ჰყვება ყოფილი პოლიტპატიმარი დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულებზე
"ყუფარაძე 2008 წელს აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს"
20 აპრილს სამართალდამცველებმა კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებიდან გაუჩინარებული გურამ კვეზერელი იყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მოკლული მართლაც გურამ კვეზერელი იყო. უწყებამ 2014 წელს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლეოლობა გახსნა. დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობა თანხის დაუფლების მიზნით, 2-მა პირმა დაგეგმა.
(იხ. სტატია: წამებით ჯერ შვილი მოკლეს, მერე - დედა - საზარელი მკვლელობა გახსნილია)
როგორ kvirispalitra.ge უკვე წერდა მკვლელობაში ბრლადებულები არიან: გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე, რომელთათვის ბრალის წაყენების საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ორივეს 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა ბრალი. მათგან გიორგი ყუფარაძე საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ყუფარაძის ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა იციან, ის საბერძნეთში იმყოფება და უახლოეს მომავალში მასზე ძებნა გამოცხადდება.
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ როგორც გიორგი ყუფარაძე, ასევე ვასილ გოშაძე ფიგურირებდნენ 2003 წლის 15 სექტემბერს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეში. ყუფარაძე ასევე გასამართლებული იყო ორი აზერბაიჯანელი ძმის განზრახ მკვლელობისთვის,
მას 2008 წელს მიუსაჯეს 25 წელი, თუმცა დროზე ადრე, სავარაუდოდ, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მან სამართალდამცავებთან ზუბადალაშვილების საქმეზე ითანამშრომლა და შემკვეთები დაასახელა. რაც შეეხება გოშაძეს, ის თავის დროზე სასჯელს იხდიდა "საქართველოს ბანკის" გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის. ხოლო ამჟამად, როგორც უკვე ვთქვით, პატიმრობა მისჯილი აქვს ნარკოდანაშაულისთვის.
ჩვენს არქივში იძებნება ინტერვიუ 46 წლის ალექსანდრე ჭუმბურიძესთან, სათაურით "არ მაქციოთ მკვლელად"! მან ტერორიზმის ბრალდებით ციხეში 6 წელი გაატარა. მან მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე. ციხე. ინტერვიუში ყოფილი პოლიტპატიმარი პროკურატურისგან იმ პირების დასჯას ითხოვდა, ვინც საპატიმროში სასტიკად აწამა. მისი მტკიცებით, დასჯის ნაცვლად უმძიმესი დამნაშავეები ციხიდან გამოვიდნენ და დღეს ქუჩაში დადიან. სწორედ ამ ინტერვუში ის ახსნებს გიორგი ყუფარაძესა და ვასილ გოშაძეს:
ალექსანდრე ჭუმბურიძე:
- რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ყველაზე საშიში დამნაშავეების, ვასილ გოშაძის და გიორგი ყუფარაძის საკანში აღმოვჩნდი. ორივე ყოფილი ძალოვანია. ყუფარაძე 2008 წელს აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს მკვლელობა სვანეთის უბანში, ნაქირავებში მოხდა. ძმები ჯერ მოკლეს, შემდეგ გააშიშვლეს, ეზოში დამარხეს და ჩააბეტონეს.
გოშაძის საქმეც საყოველთაოდაა ცნობილია. ის გლდანში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ამხილეს და ასევე ისინი ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის, ზურაბის შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლად დასახელდნენ.
გოშაძეს 27 წელი ჰქონდა მისჯილი, 2005 წლიდან იხდიდა სასჯელს.
ორივე საკანში დაიწყო ჩემი ცემა. მოითხოვდნენ, მეღიარებინა ის, რასაც პროკურატურა მეტყოდა. დაწესებულების უფროსის მოადგილეც მეუბნებოდა, იგორ გიორგაძეს და მაია თოფურიას თუ დაადებ ხელს, გაგათავისუფლებენ, დაადე ხელი, აქედან გასვლა არ გინდაო? ბორჯომით სავსე ბოთლებს უმოწყალოდ მირტყამდნენ მანამ, სანამ არ წავიქცეოდი. საშინლად ვიტანჯებოდი, მაგრამ მაინც არ ვაღიარე. სამჯერ გონება დავკარგე. ამდენი დარტყმისგან კბილები საერთოდ ჩამემტვრა. ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი. ციხის ზედამხედველი პერიოდულად "კარმოშკას" აღებდა და იქიდან უყურებდა რა დღეში ვიყავი. ამხელა კაცი ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი და ვტიროდი, ზედამხედველი კი ირონიულად შემოგვძახებდა საკანში, ხომ არაფერი გჭირდებათო. მერე ციხის უფროსმა დავით მარგებაძემ მითხრა, ხომ იცი, ვერაფერს დაამტკიცებ, რაც უნდა იჩივლო, არაფერი გამოვა, ჯობია აღიარო შენი დანაშაულიო. როგორც მითხრეს, ეს კაცი დღეს ისევ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და არავის დაუსჯია. რაც შეეხება უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ ჩემს მწამებლებს, ყუფარაძეს და გოშაძეს, ისინი გამოუშვეს. როგორც ჩანს, დაუფასდათ "ნასედკობა", არადა, ამხელა სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. (იხილეთ სრულად)