"აფხაზებს აშკარად ვეზედმეტებით" - აფხაზები სომხებს საფეხბურთო სტადიონზე სასტიკად გაუსწორდნენ - კვირის პალიტრა

"აფხაზებს აშკარად ვეზედმეტებით" - აფხაზები სომხებს საფეხბურთო სტადიონზე სასტიკად გაუსწორდნენ

"აფხაზებს ძალზე მოკლე მეხსიერება და დიდი ამბიციები აქვთ... არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ ერთობლივი სახელმწიფოს აშენებას ვაპირებდით, რომელიც ჯერჯერობით ვერ აშენდა, თუმცა, ახლა მიზეზების ძებნის დრო არ არის, ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რატომ დაიძაბა ასეთი ურთიერთობა აფხაზებსა და სომხებს შორის", - წერს თავის "ფეისბუკგვერდზე" სოხუმში მცხოვრები ეროვნებით სომეხი ელა აბრამიანი... მსგავსი შინაარსის პოსტებით გამოეხმაურნენ აფხაზეთში, ე.წ. არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტს ადგილობრივი სომხები.

ე.წ. დასავლეთ სომხეთის და პენჯაბის ნაკრებების მატჩის მსვლელობის დროს ფეხბურთელებს შორის, სოხუმის "დინამოს" სტადიონზე ჩხუბი ატყდა, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. გასაშველებლად მოსულმა აფხაზმა პოლიციელებმა პენჯაბელების მხარე დაიკავეს და სომხები სცემეს. მას შემდეგ, რაც საქმეში სომხური გუნდის ადგილობრივი სომეხი გულშემატკივრები ჩაერთვნენ, ე.წ. ძალოვნების მათაც გაუსწორდნენ... აფხაზური მედიის ცნობით, ჩხუბში აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ჯუღელია, რომელიც თავად უსწორდებოდა სომეხ ფეხბურთელებს. აფხაზური მედია რამდენიმე დღეა ამ თემას განიხილავს.

აფხაზეთში მცხოვრები სომხების თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ინციდენტს არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა, პრესის ორაზროვანი ხმაურის ფონზე, დუმს ადგილობრივი ხელისუფლება. სომხები კი, ამ ფაქტის სრულფასოვან გამოძიებასა და ეჭვმიტანილების, მათ შორის, თანამდებობის პირის შესაბამისად დასჯას ითხოვენ. მათივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ვითარებამ შესაძლოა არასასურველი სახე მიიღოს, "მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ორ ერს შორის დაძაბულობა დღითიდღე მწვავდება..."

გევორქ სუხუმსკი:

- ადგილობრივი აფხაზების ძმობაზე საუბარი ყალბ სადღეგრძელოს ჰგავს, სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ... რაც მთავარია, თავიანთი სიმართლე აქვთ, - რომ თურმე აგრესიულად გამოვხატავდით ჩვენი თანამოძმეების მიმართ მხარდაჭერას... არადა, ამით ჩვენს მიმართ ზოგადი დამოკიდებულება გამოხატეს. მათი აგდებული, ხშირად აგრესიული დამოკიდებულება სულ უფრო შესამჩნევი ხდება. უკვე არავინ ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ გაუსწორდნენ აფხაზურ ჯარში ჩვენებურ ბიჭს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეროვნებით სომეხი იყო...

ანზორ ართოიანი, სოხუმში მცხოვრები სომეხი:

- რამდენი ხანი ველოდით ამ ჩემპიონატს. გვეგონა, რომ ეს თამაში ქვეყანას გააერთიანებდა და პირიქით მოხდა, - აფხაზებს აშკარად ვეზედმეტებით, არადა, ჩვენს ხალხს აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის სისხლი აქვს დაღვრილი... აფხაზეთის (ე.წ. - ავტ.) ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯემალ გუბაზმა, ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსადაც კი არ ჩათვალა, მხოლოდ ის თქვა, რომ CONIFA მსოფლიო ჩემპიონატმა აფხაზეთში წარმატებით ჩაიარა და ადგილობრივი გუნდი გამარჯვებული გახდა. არ შეიძლება უცხოდ აგრძნობინო თავი შენს ძმას შენივე ოჯახში. ეს აუცილებლად მიიღებს "სხვანაირ" სახეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "აფხაზეთში სომხების აქტიურობა ყველანაირ ზღვარს სცდება"