"სოფი ლორენი სერგო ზაქარიაძეს კალთაში ჩაუჯდა"
"როცა სერგოს სოფიზე ჰკითხავდნენ, თავიდან ცოტა თავპატიჟს დაიდებდა, მაგრამ შემდეგ გვიამბობდა. ერთხელ ორი ცნობილი პიროვნება დაასახელა, მათ კი არ ვგავარ, დავდგე და ქალებზე გელაპარაკოთო"
1965 წელს მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა. სტუმრებს შორის იტალიელი მსახიობი სოფი ლორენიც გახლდათ. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი იმ დროს განთქმულმა "ჯარისკაცის მამამ" და "მეძავმა ფილუმენამ" ფილმიდან "ქორწინება იტალიურად"... ორივე მსახიობი კინოფესტივალის პრიზიორი გახდა, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ბევრი ისაუბრეს, ერთადაც ივახშმეს და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
15 ივნისს ფონდ "ნატვრის ხის" ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი, შეუერთდება... ცნობილი რეჟისორი გიზო ჟორდანია სოფი ლორენისა და სერგო ზაქარიაძის შეხვედრის პიკანტურ დეტალებს გვიამბობს.
- მოსკოვში დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მიღება უზარმაზარ რესტორანში გაიმართა. სოფი ცოტა მოშორებით იყო სერგოსგან, შემდეგ უცებ მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სერგო ზაქარიაძე იხსენებდა, ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერეო... ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, რესტორანში ახლა რა უნდა მექნაო, ხუმრობით ამბობდა... სოფი ლორენი რომ კალთაში ჩაუჯდა, იმ დროს რა ემოციებმა იფეთქა სერგო ზაქარიაძის გულში, ეს არ ვიცით, მისი საიდუმლოება იყო!
- სერგო ზაქარიაძე ქალების გულთამპყრობელი იყო?
- სერგო ძალიან მოსწონდათ ქალებს! თავად მექალთანე და მუსუსი არასოდეს ყოფილა... მას გულწრფელი სიყვარული შეეძლო და ამის რამდენიმე მაგალითიც ვიცი. ბავშვივით გულუბრყვილო იყო, არასოდეს იბრძოდა ქალის ყურადღების მისაპყრობად, ქალები გიჟდებოდნენ მასზე! მათ ცოტა გამომწვევ ქცევაზე სულ წითლდებოდა. მაგალითად, სალომე ყანჩელი რეპეტიციაზე რომ მოდიოდა, მუხლამდე კაბა ეცვა და დაჯდომისას ოდნავ მაღლა იწევდა. ბიჭები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ... სერგო გადახედავდა ხოლმე სალომეს და გაწითლდებოდა. სალომე ეკეკლუცებოდა, რადგან მისი ცოლის როლს თამაშობდა. ერთხელ სერგომ სრულიად გაწითლებულმა დამიძახა და მითხრა, რაღაც უნდა ვუთხრა სალომესო. მართლაც დაუძახა და უთხრა, რეპეტიციაზე რომ მოდიხარ, ბიჭები სულ შენს კაბაზე ჩურჩულებენ, ცოტა სხვანაირად ჩაცმული მოდიო... - თქვენც, ბატონო სერგოო? - სალომემ ჰკითხა, სერგომ უთხრა, მეც გიყურებ და ჭკუას მაკარგვინებ, ეგრე არ შეიძლებაო... ცოტა ხნის შემდეგ სალომე იმავე კაბით მოვიდა და შიფონის გამჭვირვალე მოსასხამი გადაიფარა ფეხებზე - ყურადღება კიდევ უფრო მიიპყრო. სერგომ აღშფოთებულმა უთხრა, ჯანდაბას შენი თავი, თუ გინდა, სულ გაიხადეო... სალომე მეორე დღეს კოჭებამდე ჩაფართხუნებული კაბით მოვიდა...
რაც შეეხება სოფი ლორენთან შეხვედრას, როცა კი ჰკითხავდნენ, თავიდან ცოტა თავპატიჟს დაიდებდა, მაგრამ შემდეგ გვიამბობდა. ერთხელ ორი ცნობილი პიროვნება დაასახელა, მათ კი არ ვგავარ, დავდგე და ქალებზე გელაპარაკოთო...
სერგო ძალიან დიდი არტისტი იყო! ახალგაზრდები არ ვექცეოდით ისე, როგორც მას ეკადრებოდა! ბავშვები ვიყავით და ვერ ვხვდებოდით, ვისთან გვქონდა საქმე! ერთხელ ისე მოხდა, რომ ბატონი სერგო გამინაწყენდა (სამი პიესა მოიტანა თეატრში, დავდგი და ორ სპექტაკლში არ ვათამაშე... ჭკუა მომეკითხებოდა ახლა მე, ამხელა კაცის როლი რომ ვერ მოვძებნე?!). რუსთაველის თეატრიდან ოპერის მთავარ რეჟისორად გადამიყვანეს და ზოგჯერ მოსკოვში მიხდებოდა ჩასვლა. ერთხელაც სერგო ზაქარიაძეს შევხვდი. სერგო ისე მომესალმა, მთელი სითბო ჩაღვარა... შემდეგ მკითხა, არ გინდა, ჩვენთან სპექტაკლი დადგაო? შემდეგ თბილისშიც შევხვდით, ფეხით გავიარეთ და სერგო ზაქარიაძეს შევთავაზე "კოლა ბრუნიონში" მთავარი როლი... დამეთანხმა და მითხრა, ძალიან მინდა, რომენ როლანის ეს მოთხრობა ნოდარ დუმბაძემ გაასცენიუროსო... რამდენიმე დღის შემდეგ ფილარმონიამდე ავედით ფეხით, სერგოს შესცივდა და მითხრა, ავტობუსში ჩავსხდეთო. მისი სახე არ მომეწონა, ცხვირი ჰქონდა გალურჯებული... დამშვიდობებისას მითხრა, სამ დღეში ერთმანეთს დაველაპარაკოთ სპექტაკლის შესახებო. სამი დღის შემდეგ მოვდიოდი ფეხით სახლიდან და "ლეჩკომისიას" რომ გამოვცდი, მოპირდაპირე მხარეს რუსთაველის თეატრის მსახიობები იყვნენ შეკრებილი. მაშინვე მივხვდი - ბატონი სერგო აღარ იყო!
იხილეთ ფოტოგალერეა: სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება
მანანა გაბრიჭიძე