"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა - კვირის პალიტრა

"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა

10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, როგორც მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რჩეულიშვილი ჯერ არ დაუკავებიათ, ეს ფაქტი არც პროკურატურაში დაადასტურეს.

ამას გარდა, ”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას დღეს გააკეთებს.

დღესვე, 11:00 საათზე თბილისის პროკურატურაში გუკა რჩეულიშვილი იყო დაბარებული, თუმცა ის უწყებაში არ გამოცხადებულა.

რჩეულიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. როგორც ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან დაკავშირებას მშობლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

”ჯერ დავუკავშირდებით გუკას, შემდეგ ალბათ თვითონ გადაწყვეტს გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაგვაბარებენ დოკუმენტებს და ვნახავთ თუ რას გვედავებიან. არ ვიცი სად არის, ვერ დაუკავშირდნენ მისი მშობლები. ბატონი ვახტანგ რჩეულიშვილი ვნახე. მან მითხრა, რომ შეეცდებიან დაკავშირებას და ეტყვიან, რომ გამოცხადდეს პროკურატურაში. როგორც ვიცი, აქამდე ვერ დაუკავშირდნენ”, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს განჩინება გაცემული აქვს სამი პირის დაკავებაზე - გუკა რჩეულიშვილზე, ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე.

”სასამართლოს განჩინება გაუცია სამი პიროვნების დაკავების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი გუკა რჩეულიშვილია. ის სახლში არ იმყოფებოდა როდესაც მასთან პოლიცია მივიდა, დამირეკეს მისმა მშობლებმა. მივედი და ზეპირად, გამომძიებლისგან გავარკვიეთ, რომ „ცენტრ პოინტის” ბათუმის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის სავარაუდოდ დაკავების განჩინება გაცემული. გუკასთან ერთად ედავებიან და დაკავების განჩინება არის გაცემული ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე. ეს პირები დაუკავებიათ როგორც ვიცით”, - განაცხადა ჭაბაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ამ პირების დაკავების შესახებ გაუგებარია.

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის, ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, ”ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური პროვოკაციაა.

პროექტ ”მაგნოლიასთან” დაკავშირებულ საქმეში დევს უკმაყოფილება, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაიასა და რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკანონოდ მოხდა. ეს დაიწყო მათმა საქმიანმა პარტნიორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორი იყო და რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. თბილისის პროკურატურაში გუკას დაბარების საბუთი მაიას მიუვიდა. მაიას საბუთი თელავში ჩააბარეს. გუკა დაბარებულია 11:00 საათზე, მაია - 13:00 საათზე. მაიამ გუკას ეს საბუთი რომ გადასცეს, მინიმუმ უნდა ნახოს. მაია 13:00 საათზე მივა პროკურატურაში, გაიგებს რა ხდება, როგორ ხდება და იმის მიხედვით ჩააბარებს გუკას დოკუმენტს. თუ დავინახავთ, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა, რისი დიდი ეჭვიც მაქვს, მაშინ ვნახოთ“.

სანამ ოჯახი და პოლიცია პროდიუსერს ეძებს, გუკა რჩეულიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცნობილი ფილმის - Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) პოსტერი გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, ფილმი ფრენკ აბიგნეილის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც წლების მანძილზე ახერხებდა დასხლტომოდა ფედერალური ბიუროს აგენტებს.

იხილეთ ასევე: "სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას ამბობს ვახტანგ რჩეულიშვილი შვილის დაკავებაზე