"ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს" - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს" - როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას

ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ფეისბუკის" პირად გვერდზე პარტია "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას გამოეხმაურა.

იხილეთ ასევე: ვინ არის პარტია "ქართული ოცნების" 15 ახალი სახე

"ივანიშვილის საარჩევნო სია ნათელი აღიარებაა რუსი ოლიგარქის პოლიტიკური პროექტის სრული კრახის, ვინაიდან აშკარად წარმოადგენს არაფრისმთქმელი "ახალი სახეებით", არსებული სიმახინჯის შენიღბვის უმწეო მცდელობას. ივანიშვილს ეგონა, რომ ჩვენ გვბაძავს და სინამდვილეში გამოუვიდა შევარდნაძისათვის მიბაძვა, რომელმაც თავისი დაღმასვლის პერიოდში სცადა "მოქალაქეთა კავშირში" ჩვენი რეფორმატორული ჯგუფის დაბალანსება CV-ბით შერჩეული, უცხოეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, რომლებიც მაშინაც სრული არარაობები აღმოჩდნენ.

ჩვენი პარტიის ყველა, მათ შორის ახალი კანდიდატი, სრულად შემდგარი და ჩამოყალიბებული ფიგურაა. "ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ არ დაიშალა, არამედ გაძლიერდა ყველა განსაცდელის შემდეგ. "ოცნების" ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას", - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი "ფეისბუკში".