"სამი დღე არ დაჭირდა სუსს... აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"სამი დღე არ დაჭირდა სუსს... აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარს ასახავს.

იხილეთ: "იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ" - რაზე საუბრობენ ფარულ აუდიოჩანაწერში ნიკა გვარამია და პაატა ბურჭულაძე

ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ”გირჩის” იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. თავის მხრივ, ბურჭულაძე გვარამიას პასუხობს, რომ „მსგავსი რამ არ ხდება“.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა. აღნიშული გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.

სამი დღე არ დაჭირდა სუსს.

აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ", - დაწერა გვარამიამ "ფეისბუკში".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტერნეტში გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვებასთან კავშირს უარყოფენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს აღნიშნულ ჩანაწერთან სუს-ს რაიმე კავშირი აქვს.

”ეს ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე სახის კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა მოპოვებული და გავრცელებული აუდიოჩანაწერი, გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო”, -აცხადებენ სუს-ის პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტში სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.