"თავისუფალი დემოკრატების" ექსლიდერები ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ - კვირის პალიტრა

"თავისუფალი დემოკრატების" ექსლიდერები ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ

ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მითქმა-მოთქმა არ წყდება როგორც მისი გადაწყვეტილების, ისევე "თავისუფალი დემოკრატების" მომავლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ალასანიას კვალდაკვალ პარტია სხვა ლიდერებმაც დატოვეს. კულუარული ინფორმაციით, არჩევნებში მარცხის გარდა ალასანიას განაწყენება და მისი ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება გამოიწვია ინფორმაციამ, რომ მისი აწ უკვე ყოფილი პარტიული კოლეგები მმართველ ძალასთან ფარულად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, რაც კატეგორიულად გამორიცხეს, როგორც ვიქტორ დოლიძემ და ზურაბ აბაშიძემ, ისე დანარჩენებმა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" ამ ადამიანებს მომავალ მთავრობაში სთავაზობდა თანამდებობებს.

ვიქტორ დოლიძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრებისთვის მთავრობაში გარკვეული პოსტების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

"ბევრი ჭორი დადის, წავიკითხე ეს ინფორმაცია და არავითარი ამდაგვარი შეხვედრა არ ყოფილა", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ "ინტერპრესნიუსთან".

კითხვაზე, შემოთავაზების შემთხვევაში განიხილავს თუ არა მმართველ გუნდთან თანამშრომლობას, მან აღნიშნა ისიც, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

"ოპოზიციაში რომ ვიყავი მაშინ არ გამოვრიცხავდი თანამშრომლობას, მით უმეტეს სახელმწიფო თემებთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ბუნებაში არარსებულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი", - განაცხადა დოლიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმით კი:

"არც ირაკლის და არც მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ირაკლიმ პირველმა თქვა ხმამაღლა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა "ფეისბუკზე" და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა".

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და მათ მთავრობაში კონკრეტული პოსტების დაკავების შეთავაზება მიიღეს, ზურაბ აბაშიძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ არავითარი შეხვედრა და შეთავაზებები არ ყოფილა.

"თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ გამორიცხული არაფერია, ერთადერთი, რასაც გამოვრიცხავ, ეს ისაა, რომ არ ვიქნებით "ნაციონალურ მოძრაობაში" არასოდეს", - განაცხადა აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

იხილეთ ასევე: "ირაკლიმ პარტიის ყველა შეცდომა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო" - ალასანიას "პოლიტიკური ჰარაკირი"