"ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია" - კვირის პალიტრა

"ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია"

თბილისში, სამხედრო-სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მოკლული გიგა შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ 26 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა. როგორც დათვალიერების შემდეგ, რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის ვითარებაში გარკვევისას დარწმუნდა, რომ სროლა ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, მისი შვილის გვამი კი გარეთ იყო ნაპოვნი.

”დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი. ფაქტია, ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია”, - განაცხადა რომან შენგელიამ.

რაც შეეხება იარაღს, როგორც გარდაცვლილის მამამ აღნიშნა, მას ანახეს სურათი სადაც ე.წ. ”გაზის პისტოლეტი” იყო დაფიქსირებული. მისივე თქმით, გიგა შენგელიას თანმხლებ პირებზე, მეორე შვილსა თუ სხვა დეტალებზე მისთვის ამ ეტაპზე არაფერი უკითხავთ და, სავარაუდოდ, ამ საკითხებზე კითხვებს მისი დაკითხვისას დაუსვამენ, რომელიც ”კრწანისის” სასწავლო ცენტრის დათვალიერების შემდეგ სამხედრო პოლიციაშია დაგეგმილი.

მისივე ინფორმაციით, მისი მეორე შვილი მიმალვაში შიშის გამო იმყოფება.

”მეორე დღეს დამირეკა. რამდენჯერმე იყო შემოსული მისი ზარი. როდესაც ველაპარაკე, მითხრა, რომ შემთხვევის დროს ძმასთან ერთად არ იყო. ახლა იმიტომ არის მიმალვაში, რომ პირველ რიგში ჩემი ეშინია. ხომ ითქვა გიორგის სახელი - ეშინია ბავშვს, ის 20 წლისაა. ვიცი, რომ საქართველოში იმყოფება, ქვეყანა არ დაუტოვებია”, - განაცხადა რომან შენგელიამ. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, სათვალთვალო კამერები მას არ უნახავს და, შესაბამისად, რაიმე ვიდეო ჩანაწერები მისთვის არ უჩვენებიათ.

იხილეთ ასევე: "გიგას ზურგში აქვს ტყვია მოხვედრილი... სისხლისგან დაიცალა"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით