"აუცილებლად უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში" - შესთავაზებს თუ არა კვირიკაშვილი უსუფაშვილს თანამშრომლობას - კვირის პალიტრა

"აუცილებლად უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში" - შესთავაზებს თუ არა კვირიკაშვილი უსუფაშვილს თანამშრომლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და ის უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში.

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გიორგი კვირიკაშვილს ჟურრნალისტმა დავით უსუფაშვილის "რესპუბლიკური პარტიიდან" წასვლის გადაწყვეტილება შეაფასებინა და ჰკითხა, შესთავაზებს თუ არა კვირიკაშვილი ნებისმიერი სახის თანამშრომლობას პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს.

"ძალიან გულდასაწყვეტი იყო ბოლო ნაბიჯები, რომლებიც "რესპუბლიკელებმა" გადადგეს. არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე დაიწყო არაადეკვატური, შეტევითი კამპანია "ქართულ ოცნებაზე"... დასანანია, თუ როგორ განვითარდა საარჩევნო პერიოდში "რესპუბიკული პარტიის" რიტორიკა, საარჩევნო კამპანია. არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ბატონ დავითს ჰკითხეთ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გააკეთა, ქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. ძალიან გამიკვირდება, თუ ის იტყვის, რომ "ქართულ ოცნებასთან" სურს თანამშრომლობა. პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის, მინდა მას წარმატება ვუსურვო. ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და აუცილებლად უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში", - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე: "რესპუბლიკური პარტია" უსუფაშვილის შესაძლებლობებს ძალიან ავიწროებდა და უპერსპექტივოდ აქცევდა"

ვიდეო