"თუ კულტურის მინისტრად ისევ მიხეილ გიორგაძე დარჩა, მაშინ დიდ ბრძოლას გამოვაცხადებთ"
"რაც ეს გუნდი მოვიდა, ბოლო 2 წელია კულტურის სამინისტრო გახდა მხოლოდ "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო"
"სანდრა რულოვსი რომ გეყოლება ფესტივალის ოფიციალურ პატრონად, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, ვისაც მიმართავდა "ისთერნ პრომოუშენი" ავტომატურად აძლევდნენ ფულს"
რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც რეჟისორი კულტურის სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემაზე ლაპარაკობს.
"ხელოვნების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად მოეთხოვებათ თავისი ქვეყნის ავბედით დროს თავისი მოქალაქეობრივი პოზოცია დააფიქსირონ.
შეიძლება რომელიმე ჯგუფი წარმატებულად ატარებდეს ამა თუ იმ ღინისძიებას, მაგრამ ამაში არაფერია გმირული და გასაკვირი, თუ ეს ჯგუფი ხელისუფლებისადმი მუდმივ ტოლერანტულია და თავისი საქმიანობის იქით არაფერი აინტერესებს. როცა ქვეყნის პირველი პირები და მათი მეუღლეები პატრონობენ, ხელს უწყობენ და მათ ამის გამო ექკლუზიური პირობები ექმნებათ. (ეს იმ 9 წელზეა ლაპარაკი!)
მაგრამ ქვეყანაში, რომელმაც ამ წლების მანძილზე ამდენი უბედურება გადაიტანა, მდუმარება ვერ არის კარგი საქმე!
კარგია, თუ ისინი ისევ თავის საქმეს მიხედავენ და სხვების მაგვარად ერთნაერ პირობებში იქნებიან ჩაყენებული...
"Check in Georgia", მშვენიერი პროექტია და ათმაგად მოსაწონი იქნება, თუ მის განხორციელებაში სხვა კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას...
ბ-ნო პრემიერ მინისტრო,
იქნებ ერთხელ დაარღვიოთ შიდა პროტოკოლი და შეხვდეთ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, რაც შეიძლება ფართო სპექტრით და მოგვისმონოთ, რომ ჩვენი კეთილი სურვილებიც გაიზიაროთ.
არ მიწყინოთ ეს წერილი. ჩემს უკან უამრავი ადამიანი დგას!
გისურვებთ დიდ წარმატებას და იმედი მაქვს ჩვენი საერთო მომავლისა!" - ეს არის ამონარიდი წერილიდან. (იხილეთ სრული ვერსია)
kvirispalitra.ge ქეთი დოლიძეს ესაუბრა:
- პრობლემა მაქვს ზოგადად კულტურის სამინისტროსთან. მიმაჩნია, რომ სამინისტროს შემადგენლობის 80% რურუას კანდიდატები არიან, ეს ყველამ იცის და ამას მარტო მე არ ვამბობ. რაც ეს გუნდი მოვიდა, ბოლო 2 წელია კულტურის სამინისტრო გახდა მხოლოდ "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო. ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება გუნდი მოვიდეს ისე, რომ ნებისმიერ მთავრობას წაუყენოს ულტიმატუმი, მე ან მომყავს ყველა ჩემიანი ან არ მოვდივარო. მინისტრი ჯერ უნდა ყოფილიყო კახა კანდელაკი, მერე მიხვდნენ, რომ კახა კანდელაკის მინისტრად დანიშვნა ნამდვილად არ შეიძლებოდა, მერე კახა კანდელაკმა მთელი ღამის ფიქრის შემდეგ თქვა, რომ არ მინდა მინისტრობა და იყოს მიშა გიორგაძეო, ოღონდ ჩვენ თუ მოვდივართ, ყველანი ერთად უნდა მოვიდეთო. მაგათ ყოველთვის ჰქოდნათ კერძო ორგანიზაცია "ისთერნ პრომოუშენი", რომელიც აკეთებდა ჯაზ-ფესტივალს და ყოველთვის ჰქონდათ ბევრი ფული. სანდრა რულოვსი რომ გეყოლება ფესტივალის ოფიციალურ პატრონად, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, ვისაც მიმართავდა "ისთერნ პრომოუშენი" ავტომატურად აძლევდნენ ფულს.
ეს არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც უცებ მოექცა სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ. კულტურის სამინისტრო ყველა ფესტივალს მაგათ აძლევს და მერე უკვე კარგად მოჯდნენ Check in Georgia-ზე. ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა მართოს "ისთერნ პრომოუშენმა" ამხელა პროექტი, როდესაც ამდენი რამ შედის Check in Georgia-ში. ეგენი არასდროს ყოფილან ტოლერანტულები "ქართული ოცნების" მიმართ და მხარს უჭერდნენ "ნაციონალურ მოძრაობას". მიხეილ სააკაშვილი რომ გადადგა 2007 წელს, როცა ამხელა უბედურება ჩაიდინა და როცა თავიდან დაიწყო ბრძოლა, "ისთერნ პრომოუშენის" მთელი შემადგენლობა მათ მხარდასაჭერად ინგა გრიგოლიას ეთერში იჯდა. არავის ვედავები, ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს, მაგრამ ერთ დღეში ადამიანების ტრანსფორმაციის არ მჯერა იმიტომ, რომ 2012 წლის არჩევნების წინ ისინი ღიად უჭერდნენ მხარს "ნაციონალურ მოძრაობას", მერე კი კულტურის სამინისტროში აღმოჩნდნენ, რაც მთავარია, მთელი სამინისტრო იღლიაში ამოიდეს, "ისთერნ პრომოუშენის მთელი შემადგენლობა კულტურის სამინისტროში გადავიდა. ეს არის სამინისტრო, რომელიც თავიდან ბოლომდე ელიტარულ კორუფიციაშია ჩართული.
- შესაძლოა მიხეილ გიორგაძე ისევ დარჩეს მინისტრთა კაბინეტში...
- ღმერთმა დიგვიფაროს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდ ბრძოლას გამოვაცხადებთ. მიხეილ გიორგაძემ 2 წელი საკმარისად ბევრი მადლობა მიიღო იმისათვის, რის გამოც დანიშნეს და ამის ხმამაღლა თქმა არ მინდა. როდესაც ქვეყანას უჭირდა მაშინ ამოიღეს ხმა? არა, როდესაც უბედურება ხდებოდა ამოიღეს ხმა? არა, ამიტომ კულტურის მინისტრად მინდა ადამიანი, რომელსაც მორალური უფლება აქვს იყოს ამ თანამდებობაზე, ისე კი, აკეთონ თავისი გადასარევი ფესტივალი.
იხილეთ ასევე: "კულტურის მინისტრობა რომ შემომთავაზონ, უარს ვიტყვი"
თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)