"ტრამპმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს პუტინს თავისი ზრახვების განხორციელებაში და რეგიონში მეტი მანევრირების საშუალება მისცეს" - კვირის პალიტრა

"ტრამპმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს პუტინს თავისი ზრახვების განხორციელებაში და რეგიონში მეტი მანევრირების საშუალება მისცეს"

"ის, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, არის მისი ზღაპრების დამსახურება, მისი პიარ-სტრატეგიის სისწორე, რომელიც აგებული იყო "სისტემა უნდა დაინგრეს" და "დიადი ამერიკის აღორძინების" დევიზებზე..."

დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო, ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა მოიპოვა. ამის პარალელურად, არჩევნებში დამარცხება აღიარა ჰილარი კლინტონმა და მან ტრამპს უკვე მიულოცა გამარჯვება.

წამყვანი მედიასაშუალებების, სოციოლოგიური ცენტრების და პოლიტიკოსების პროგნოზის მიუხედავად, აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ და ექს-სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ამერიკული პრესის ცნობით, დონალდ ტრამპს 57 მილიონმა ამერიკელმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ტრამპმა საარჩევნო შტაბში მომხრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ის “ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება”.

დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება. აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება, რა დროსაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

ტრამპის გამარჯვებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ევროკავშირისა და აშშ-ის კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება.

„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა ევროკავშირის ძალა ხელახლა აღმოვაჩინოთ,“ - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მას და გერმანელ ხალხს სურდა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებულია. მისი განმარტებით, ის არჩევნების შედეგებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული იქნება.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს.

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკვე აფასებენ საქართველოში.

დავით ჭიჭინაძე, "ქართული ოცნების" წევრი:

"საქართველოში ალბათ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ვარ, ვინც ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპი გაიმარჯვებდა, რადგან ის სისტემა, რომელიც არსებობს დღეს, ფინანსური, დღეს არ დაწყებულა, დაიწყო გუშინ და გუშინწინ. აქ საქმე არ არის, რომ არჩევნები მიმდინარეობს „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის, უბრალოდ, ეს არის ბანკირებისა და რეალური ეკონომიკის დაპირისპირება. ამერიკამ რეალურ ეკონომიკას დაუჭირა მხარი... ტრამპის გაპრეზიდენტება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას მნიშვნელოვნად შეარყევს".

ზვიად კირტავა, (სოციალურ ქსელში ცნობილი, როგორც სოლომონ თერნალელი):

"დღეს დადასტურდა ის, რაც ადრეც ვიფიქრე, როდესაც ამერიკელი რესპუბლიკელი ლიდერების (ჯორჯ ბუშის (უფროსის), რობერტ გეითსის, კოლინ პაუელის, რიჩარდ არმიტაჟის, ჯონ მაკ კეინის, ჯებ ბუშის და სხვების) განცხადებები მესმოდა, სადაც ისინი ტრამპს ემიჯნებოდნენ - რომ ეს მაინცდამაინც არც დააზიანებდა ტრამპის იმიჯს!

თითქოს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, - ტრამპი ამით მოგებულიც კი დარჩა! იგი მხოლოდ ნომინალურად თუ იყო "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი. იგი უბრალოდ საპროტესტო ელექტორატის კანდიდატი იყო. და თუ ადრე "რესპუბლიკელების" კანდიდატი მხოლოდ "დემოკრატების" კანდიდატს და დემოკრატიულ ისტებლიშმენტს უპირისპირდებოდა, ახლა - წამყვანი რესპუბლიკელების ტრამპისაგან დისტანცირებამ მას ახალი, - თავად რესპუბლიკური ისტებლიშმენტისაგანაც - დისტანცირების ჯერარნახული შანსი მისცა!

ის, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, არის მისი დამსახურება - მისი პოპულიზმის დამსახურება, მისი ზღაპრების დამსახურება, მისი პიარ-სტრატეგიის სისწორე, რომელიც აგებული იყო "სისტემა უნდა დაინგრეს" და "დიადი ამერიკის აღორძინების" დევიზებზე... მან უთხრა ამერიკელებს ის, რასაც დემოკრატიული პარტია არ ეუბნებოდა და ვერც ეტყოდა, ხოლო ბოლო ხანებში რესპუბლიკური პარტიაც ვერ ბედავდა - პოლიტკორექტულობის გამო... მან გასცა უამრავი ყალბი თამასუქი, რაც სხვა პირობებში კატასტროფის საწინდარი იქნებოდა, მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა ამერიკელების დიდ ნაწილს ეს ყალბი დაპირებები ნანასავით ესმოდათ... მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება დონალდ ტრამპი, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ვერცერთი სხვა რესპუბლიკელი კანდიდატი ჰილარი კლინტონს ვერ მოუგებდა - რადგან ისინი ისე კარგად ვერ გაემიჯნებოდნენ თავის პარტიასაც და რესპუბლიკურ ისტებლიშმენტსაც, როგორც ეს დონალდ ტრამპმა შეძლო...

დონალდ ტრამპის გამარჯვება იქნება საოცრად მძიმე გამოცდა არა მარტო ამერიკისთვის, არამედ, მთლიანად დემოკრატიული სამყაროსათვის და ლიბერალური ღირებულებებისთვის... იმედია, მსოფლიო ამისთვის უფრო უკეთ არის მზად (თუნდაც ისტორიული გამოცდილების წყალობით), ვიდრე მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, როცა ამერიკის დანარჩენი მსოფლიოსაგან იზოლაციამ მთელი სამყარო კატასტროფის წინაშე დააყენა..."

კახა გოგოლაშვილი, საერთაშორისო ექსპერტი:

"ასეთი შედეგი ძალიან მოულოდნელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. რთულია ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთმნიშვნელოვნად გაუარესდება მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებაში. აქ არის ორი საკითხი. ერთია, რომ "რესპუბლიკელები" მოიპოვებენ ერთმნიშვნელოვან უმრავლესობას კონგრესში. "რესპუბლიკური" კონგრესი კი საგარეო ურთიერთობებში აქტიური პოლიტიკის მომხრეა, ვიდრე "დემოკრატიულის" ამჟამინდელი ხელმძღვანელობა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის საარჩევნო ლოზუნგები და მიმართვები უფრო მიანიშნებდნენ იმას, რომ ის საგარეო პოლიტიკაში ნაკლებად აქტიური იქნება, ჩემი აზრით, ნაკლებ ხარჯებს გაიღებს ავრანეთსა და სირიაში, სადაც დღეს ამერიკა ცდილობს იყოს აქტიური. მისი წინასაარჩევნო პროგრამიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებაშიც უნდა შემცირდეს აშშ-ის აქტივობა.

ძნელად წარმოსადგენია, რომ აშშ-ს პოლიტიკა კიდევ უფრო მძლავრი გახდეს საქართველოსთან მიმართებაში. ასევე საეჭვოა აშშ-ს აქტივობა ნატოში და საერთოდ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. მისი პოზიცია შეიძლება შესუსტდეს.

- ტრამპისა და პუტინის პირადი სიმპატია რამდენად შეცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას?

- ჩვენ არ ვიცით, რას გააკეთებს ტრამპი პრეზიდენტობისას. მაგრამ ცუდი ფაქტია, რომ ტრამპი არ აკრიტიკებდა პუტინს. შესაძლოა ტრამპმა მხარი დაუჭიროს პუტინს თავისი ზრახვების განხორციელებაში და ეს დიდი რისკებია. ტრამპმა რუსეთს შესაძლოა რეგიონში მეტი მანევრირების საშუალება მისცეს.

იხილეთ ასევე: ვინ არის სკანდალური განცხადებებით ცნობილი მილიარდერი ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)